გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტურის შეჯამება და სიმბოლური: "დორტმუნდის" ვარდნა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსია" შესანიშნავი გუნდია და ამაზე არც არავინ დავობს. ყველა აღიარებს იმასაც, რომ დორტმუნდელთა კრიზისი ამ სეზონში მეტწილად ტრავმების ეპიდემიის ბრალია, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ტრავმიანობის ბრალი ვერ იქნება. ფაქტი ის არის, რომ იურგენ კლოპის გუნდმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 4 მატჩი წააგო და თანაც, იმ გუნდებთან, რომლებიც ამ დროისთვის, მის გარდა, საუკეთესო ხუთეულში იმყოფებიან.

"გლადბახთან", "ვოლფსბურგთან" და "ბაიერნთან" წაგებების შემდეგ "ბორუსია" საკუთარ მოედანზე, "ლევერკუზენთანაც" დამარცხდა და ფაქტობრივად, იძულებულია, გერმანიის ჩემპიონობაზე ხელი ჩაიქნიოს.

ნეგატივები
- გაგიკვირდებათ და "ნიურნბერგს" მოგებების გრაფაში ჯერ
კიდევ 0 უწერია - "ფრანკები" პირველ გამარჯვებას ამაოდ ელიან. მართალია, ყველა თამაშს არ აგებენ და "მაინცში" მიღწეული 1:1 უკვე მე-9 ფრე იყო, მაგრამ სხვა გუნდებისთვის ქულების გაყოფით გერტიან ვერბეეკის გუნდი პირველ ბუნდესლიგაში ადგილს ნამდვილად ვერ შეინარჩუნებს.

- ფრანკფურტის "აინტრახტი" საკუთარ მოედანზე დაწყევლილივითაა. იმ დროს, როცა არმინ ფეეს გუნდს გერმანიის თასზე და ევროპალიგაში საკუთარ მოედანზე ყველა თამაში მოგებული აქვს, ბუნდესლიგაში შინ ჯერაც მოუგებელია. ფრანკფურტელებმა ამ ტურში, "ჰოფენჰაიმთანაც" ძალიან ცუდად ითამაშეს, 1:2 დამარცხდნენ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ სეზონში მხოლოდ გადარჩენისთვის თუ იბრძოლებენ.

- "ჰანოვერი" კი პირიქით, სტუმრადაა დაწყევლილი და ამ წყევლას ბოლო არ უჩანს. მირკო სლომკას გუნდმა ამ სეზონში სტუმრად 7 შეხვედრა ჩაატარა და შვიდივე წააგო, ორი სეზონის ჯამში კი, გასვლით მატჩებში ზედიზედ 8 წაგება აქვს. "წითლები" ამჯერად შტუტგარტში დაეცნენ (2:4).

- "შალკეს" ნაქები ახალგაზრდა ვარსკვლავი იულიან დრაქსლერი ბოლო დროს ძალიან ცუდად თამაშობს. 20 წლის შემტევი ნახევარმცველი არც "გლადბახთან" შეხვედრაში ჩანდა, რომელიც "შალკემ" 1:2 წააგო.

- კვირას, "ფრაიბურგის" მცველ დიანიეს შავი დღე გაუთენდა. "ვოლფსბურგთან" 0:3-ზე წაგებულ შეხვედრაში პირველი და მეორე გოლები მის სინდისზე იყო. პირველი გოლის მომენტში მაქსიმილიან არნოლდი უმეთვალყურეოდ დატოვა, რითაც ამ უკანასკნელმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა, მეორე გოლამდე კი "ვოლფსბურგის" ახალგაზრდა ვარსკვლავს ბურთი ბავშვურად დაუთმო. შესაბამისი იყო "ფრაის" მთავარი მწვრთნელის, კრისტიან შტრაიხის რეაქციაც, რომელმაც დიანიე თამაშიდან სულ რაღაც 20 წუთის შემდეგ მოხსნა და მის ნაცვლად მოედანზე კრმასი შეუშვა.

- "ბრაუნშვაიგს" ამ სეზონში ყველაზე სუსტი წინა ხაზი რომ ეყოლებოდა, ვიცოდით, მაგრამ 15 ტურის შემდეგ 8 გოლი მეტისმეტად ცოტაა. თვით ბრაუნშვაიგელთა უშუალო მეტოქეებს, "ნიურნბერგსა" და "ფრაიბურგსაც" კი თითქმის ორჯერ მეტი (14-14) გოლი აქვთ გატანილი.

- "ვერდერის" მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა მეკარე შეცვალა და ნეტა არ შეეცვალა... მართალია, რაფაელ ვოლფის ბრალეულობა მცირეა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ უკანასკნელმა უფრო მეტი გოლი გაუშვა, ვიდრე მისმა წინამორბედმა სებასტიან მილიტცმა და გამოჩნდა, რომ "ვერდერის" პრობლემა მეკარე კი არა, დაცვისა და ნახევარდაცვის ძალიან უსუსური ხაზებია. "ვერდერის" "ბაიერნთან" წაგება არავის გაჰკვირვებია, მაგრამ 0:7 მაინც ნამეტანია...

- "ჰამბურგის" აღმასვლა "აუგსბურგთან" საშინაო მარცხით (0:1) საბოლოოდ შეწყდა, რამაც კლუბის სპორტული დირექტორი ოლივერ კროიცერი გააგიჟა. კროიცერმა თქვა, არ გამიკვირდება, "ბაიერნთან" 0:12 რომ წავაგოთო. "ჰამბურგი" მომდევნო ტურში სწორედ რეკორდმაისტერს სტუმრობს...

პოზიტივები
- "ბაიერნი" რეკორდების გაუმჯობესებას, დამყარებას და ახალი რეკორდების დევნას განაგრძობს. მიუნხენელებს ბუნდესლიგაში უკვე 40-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, სტუმრად კი ზედიზედ 26 შეხვედრაა, არ დამარცხებულან. ამას გარდა, ბრემენში 7:0 "ბაიერნისთვის" 2013 წელს სტუმრად მოპოვებული 29-ე გამარჯვება გახლდათ. 15 ტურის შემდეგ 41 ქულაც ახალი რეკორდია.

- სერიული გამარჯვებულია მიონხენგლადბახის "ბორუსიაც", რომლისთვისაც "შალკესთან" მოგება (2:1) არა მარტო მეხუთეადგილოსანთან უპირატესობის 7 ქულამდე გაზრდას ნიშნავდა, არამედ ლუსიენ ფავრის გუნდმა მერვე საშინაო მატჩში მერვე გამარჯვება იზეიმა, მიჯრით კი მეექვსე თამაში მოიგო. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "გლადბახი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

- "აუგსბურგის" მცველ რაგნარ კლავანის თამაში "ჰამბურგთან" კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ ბოლოს გამოჯანმრთელება მაინც მოასწრო და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. კლავანმა "ჰამბურგის" წინახაზელებს არაფერი გააბედვინა - აუგსბურგელებმა რაულ ბობადილიას გოლით 1:0 გაიმარჯვეს და ცხრილში მე-9 ადგილამდე აღზევდნენ...

- ამრიგად, მარკუს ვაინცირლის გუნდს უკვე 20 ქულა აქვს, რაც ამ დროისთვის დაგეგმილზე გაცილებით მეტია. ვაინცირლმა ისიც დაამტკიცა, რომ კარგი ყნოსვა აქვს: ბობადილია ძირითად შემადგენლობაში პირველად იყო და როგორც გითხარით, გამარჯვების გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.

- ემრე ჩანი მარცხენა მცველი არ არის და არაერთხელ უთქვამს, რომ ამ პოზიციაზე მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობისას სურს თამაში, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსიასთან" "ლევერკუზენელთა" ნიჭიერმა ნახევარმცველმა დაცვის მარცხენა ფრთაზე შესანიშნავად ითამაშა. დაცვითი ფუნქციების შესრულების დროსაც ბრწყინვალე იყო, შეტევებშიც კარგად ერთვებოდა და რაც მთავარია, სონის გოლი სწორედ მას მერე გავიდა, რაც ჩანმა მოიპოვა ბურთი.

- "ჰოფენჰაიმის" თავდამსხმელი სვენ შიპლოკი უმეტესად კევინ ფოლანდის, ანტონი მოდესტესა და რობერტო ფირმინოს ჩრდილშია ხოლმე, მაგრამ "აინტრახტთან" 2:1-ზე მოგებულ შეხვედრაში სხვები მოექცნენ მის ჩრდილში - შიპლოკი გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა.

- ახლა უკვე თამამად უნდა ვთქვათ, რომ მაქსიმილიან არნოლდი ამ სეზონის მთავარი აღმოჩენაა. სწორედ "ვოლფსბურგის" ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა გახსნა ანგარიში "ფრაიბურგთან" და ეს მისთვის ამ სეზონში მეხუთე გოლი გახლდათ. არნოლდმა მეორე გოლშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და საერთოდ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. არადა, სეზონის წინ მას სათადარიგოთა სკამის ხეხვას უწინასწარმეტყველებდნენ.

XV ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(4-2-3-1)
Sportall.Ge

XV ტურის გმირი

ფრანკ რიბერი (ბაიერნი)

ფრანკ რიბერი რომ ძალიან მოქნილი და ტექნიკური გარემარბია, ამის თქმით ვერავის გააკვირვებ; ის კი ნამდვილად სიახლე იყო, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა, ჯერ კუთხური ჩააწოდო და მერე საჯარიმოში თავად დააგვირგვინო გოლით. სწორედ ასეთი რამ გააკეთა ფრანგმა "ვერდერთან" შეხვედრაში და გარდა ამისა, ბრემენული კლუბის უკანახაზელები, ცხადია, ძალიან მაგრად დაჩაგრა.

საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 12 2.09
2. არიენ რობენი ბაიერნი 12 2.19
3. მარკო როისი დორტმუნდი 15 2.43
4. ფილიპ ლამი ბაიერნი 13 2.50
5. სიდნი სემი ლევერკუზენი 13 2.50
6. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 15 2.53
7. ტონი კროოსი ბაიერნი 15 2.55
8. მაქს კრუზე გლადბახი 15 2.67
9. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გლადბახი 15 2.67
10. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 14 2.68

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 15 11 5 16
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 12 6 9 15
3. მაქს კრუზე გლადბახი 15 8 6 14
4. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 15 9 4 13
5. თომას მიულერი ბაიერნი 15 7 6 13
6. ალექსანდრუ მაქსიმი შტუტგარტი 12 4 8 12
7. რაფაელი გლადბახი 15 8 4 12
8. ადრიან რამოსი ჰერტა 15 8 4 12
9. მარკო როისი დორტმუნდი 15 7 5 12
10. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 14 8 4 12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტური: ეს "ბაიერნი" არანორმალურად ძლიერია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული