ოტმარ ჰიტცფელდი: ასეთი ძლიერი "ბაიერნი" არასდროს მინახავს!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნს" ბევრი ადამიანი ნამდვილად არ იცნობს ისე კარგად, როგორც ოტმარ ჰიტცფელდი. დღეს უკვე 64 წლის სპეციალისტი, რომელიც ახლა შვეიცარიის ნაკრების დამრიგებელია, რეკორდმაისტერის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და კარგად იცის როგორც ჩემპიონთა ლიგის, ისე, მით უმეტეს, ბუნდესლიგის მოგების გემო.

ჰიტცფელდმა ჩემპიონთა ლიგა 1997 წელს დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცის რანგში მოიგო, 2000 წელს კი ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგა უკვე "ბაიერნსაც" მოაგებინა. ბავარიული გრანდი ამჯერადაც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, მერვედფინალში კი ლონდონის "არსენალს" უნდა შეხვდეს. ჰიტცფელდმა "შპორტ აინსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ძირითადად იმაზე
ისაუბრა, თუ რამდენად აქვს "ბაიერნს" წინა სეზონის ტრიუმფის გამეორების შანსი. ოტმარი ხოსეპ გვარდიოლაზეც საუბრობს.

- ჰერ ჰიტცფელდ, გერმანული ფეხბურთისა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბუნდესლიგის ოთხი წარმომადგენელი იასპარეზებს. როგორ შეაფასებთ გერმანული კლუბების გამოსვლას და მათ შანსებს?
- ბუნდესლიგისთვის ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი წარმატება და იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ გერმანიის ჩემპიონატი პრესტიჟითა და კლასით უკვე აღარც ინგლისის პრემიერლიგას ჩამორჩება. უფრო მეტიც: თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გერმანული იყო, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ბუნდესლიგა უკვე პირველია.

- "ბაიერნი" ამ სეზონშიც იმდენად კარგ ფორმაშია, რომ ისევ ნომერ პირველ ფავორიტად მიიჩნევა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- აუცილებლად! იმიტომ, რომ "ბაიერნს" ძალიან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი, გაფართოებული და გაწონასწორებული შემადგენლობა ჰყავს, რაც ხოსეპ გვარდიოლას როტაციის საშუალებას აძლევს. როტაცია კი აუცილებელია იმ დროს, როცა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე იბრძვი და ყველა ტიტულის მოგება გინდა.

თამამად ვიტყვი, რომ მიუნხენურ კლუბს ევროპაში საუკეთესო სათადარიგოთა სკამი აქვს და ლოგიკურია ის, რომ ეს გუნდი ერთბაშად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გამოკლებასაც იოლად იტანს. "ბაიერნი" დღესდღეობით საერთაშორისო დონეზეც ისევე დომინირებს, როგორც ბუნდესლიგაში. ჩემპიონთა ლიგაც ბუნდესლიგის პრინციპით რომ ტარდებოდეს, დარწმუნებული ვარ, "ბაიერნი" იქაც გამოკვეთილი ლიდერი იქნებოდა.

გვარდიოლას გუნდი მართლაც განსაცვიფრებელ ფორმაშია და საუკეთესო შანსი აქვს საიმისოდ, რომ გახდეს პირველი გუნდი ევროპაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ორჯერ მოიგებს.

- "მანჩესტერ სიტისთან" წაგებაზე რას იტყვით?
- არც არაფერს. რა უნდა ვთქვა ისეთ მარცხზე, რომელმაც გუნდს არაფერი ავნო? "ბაიერნს" მერვედფინალში თამაში უკვე განაღდებული ჰქონდა და ბიჭებმაც თავს იმის უფლება მისცეს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას შედარებით მსუბუქად მიდგომოდნენ. მიუხედავად ამისა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ გვარდიოლა ამ წაგებიდანაც სასარგებლო დასკვნებს გამოიტანს.

- ზოგადად, გვარდიოლას მუშაობას როგორ შეაფასებთ? უკვე ნახევარი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც პეპი მიუნხენშია...
- მან იუპ ჰაინკესის ძალიან წარმატებული საქმიანობა შესანიშნავად გააგრძელა და აშკარაა, რომ გუნდი კიდევ უფრო გააძლიერა. მჯერა, რომ "ბაიერნის" პროგრესი არ შეწყდება. პეპს ეტყობა, რომ პერფექციონისტია და სრულყოფილებას ესწრაფვის - ის არასდროსაა ბოლომდე კმაყოფილი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ "ბაიერნის" პროგრესი აუცილებლად გაგრძელდება და დიდი შანსია, გვარდიოლამ მიუნხენში გრანდიოზული ერა შექმნას.

ამ გუნდს აბსოლუტურად ყველა ტიტულის შენარჩუნების საუკეთესო შანსი აქვს. 2013 წელი "ბაიერნის" ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან ჰეთ თრიქის შესრულება ისტორიული მოვლენაა, რაც გერმანულ კლუბს მანამდე არასდროს ღირსებია.

- "დორტმუნდის", "შალკეს" და "ლევერკუზენის" შანსებზე რას იტყვით?
- "ბაიერნის" შემდეგ გერმანული კლუბებიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა რეალურად ისევ მხოლოდ "დორტმუნდს" შეუძლია, "ლევერკუზენისა" და "შალკესთვის" კი ამ ეტაპზე მერვედფინალიც წარმატებაა.

- რა შანსი აქვს ფრანკ რიბერის "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში?
- ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო გენიალური ფეხბურთელები არიან და რიბერის "ოქროს ბურთის" დასაკუთრება ძალიან გაუჭირდება. თუ მხოლოდ ტიტულებით ვიმსჯელებთ, ფრანგი წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ულაპარაკოდ იმსახურებს, რადგან მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. თანაც, რიბერიმ მთელი წელი უმაღლეს დონეზე ითამაშა. მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის, თუმცა ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ბევრი მწვრთნელი, კაპიტანი თუ ჟურნალისტი რიბერიზე წინ რონალდოს ან მესის დააყენებდა.

პორტუგალიელს და არგენტინელს ესპანეთის ჩემპიონატში უამრავი გოლი გააქვთ, რიბერის კი საუკეთესო ბომბარდირობას არც არავინ სთხოვს. ერთი სიტყვით, ამ სამიდან ვინც არ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი", საბოლოო შედეგი ყველა შემთხვევაში ლოგიკური იქნება.

- შვეიცარიული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი "ბაზელი" ჩემპიონთა ლიგიდან სკანდალურად გავარდა და "შალკესთან" მარცხის შემდეგ მსაჯები თქვენც გააკრიტიკეთ...
- მეორე გოლი მთელმა მსოფლიომ ნახა და იმედია, ყველა დარწმუნდა, რომ ეს უდიდესი თამაშგარე იყო. თუმცა ოფსაიდი პირველი გოლის დროსაც დაფიქსირდა და გარდა ამისა, თუ ივანოვი გასაძევებელი იყო, მაშინ ჰიოვედესიც წითელ ბარათს იმსახურებდა. ეს, უბრალოდ, ძალიან ცუდი მსაჯობა იყო, რამაც "ბაზელი" და ზოგადად, შვეიცარიული ფეხბურთი ძალიან აზარალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოტმარ ჰიტცფელდი ფეხბურთიდან მიდის!
მკითხველის კომენტარები / 2 /
2001-ში
giorgipirweli
18:05 18-12-2013
0
2000 წელს თუ 2001 მოაგებინა ბაიერნს?
თემური
12:31 18-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული