ბუნდესლიგა. I წრის ტენდენციები: პეპის გრძელი სერია და სხვები

AutoSharing Option
რაკი "ბაიერნმა" წინა სეზონში ჰეთ თრიქი შეასრულა და მიუხედავად ამისა, მწვრთნელი შეეცვალა, ხოსეპ გვარდიოლას ფორმაციის რეკორდმაისტერს ბევრი მძიმე სტარტს უწინასწარმეტყველებდა - პეპი ბევრ რამეს შეცვლის, გუნდისა და მისი ტაქტიკა-სტრატეგიის დალაგებას თავის ჭკუაზე დაიწყებს და ამ პროცესს აუცილებლად მოჰყვება თავდაპირველი ჩავარდნაო. ამგვარი ვარაუდები არ გამართლდა:

"ბაიერნმა" სეზონის პირველი ნახევარი იდეალურად ჩაატარა, აბსოლუტური დომინანტის როლში მოგვევლინა და ბუნდესლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ეჭვი ოდნავადაც არ გვეპარება იმაში, რომ მიუნხენური გრანდი გერმანიის ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს. მიუხედავად "ბაიერნის" ასეთი დომინირებისა, ბუნდესლიგა მოსაწყენი არ გამხდარა.
სეზონის პირველი ნახევრის ტოპ-მატჩს, "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის, ბუნდესლიგისთვის უპრეცედენტოდ ბევრი, სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა.

"ბაიერნის" დომინაცია
ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში არცერთი მატჩი არ წააგო - 16-დან 14 მოიგო და მხოლოდ ორში დასჯერდა ფრეს. თუკი მიუნხენელები "შტუტგარტთან" იანვრის ბოლოსთვის გადადებულ მე-17 ტურის მატჩსაც მოიგებენ, მეორეადგილოსან "ლევერკუზენთან" 10-ქულიანი უპირატესობა ექნებათ. ასეთი შედეგებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ რეკორდმაისტერი მორიგ რეკორდებს ამყარებს და ახალ რეკორდებსაც უმიზნებს. მაგალითად, გვარდიოლა ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც გერმანიაში მუშაობის დაწყების შემდეგ ზედიზედ 16 თამაში არ წააგო.

გარდა ამისა, პირველ წრეში "ბაიერნმა" წაუგებელი სერია 41 მატჩამდე გაზარდა, რაც ასევე რეკორდია და თუ "შტუტგარტსაც" მოუგებს, ბავარიული გრანდი პირველი იქნება, რომელმაც პირველ წრეში 15 მატჩი მოიგო.

"ბაიერნის" ნომერ პირველ კონკურენტად, რა თქმა უნდა, დორტმუნდის "ბორუსია" მიიჩნეოდა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდს ტრავმიანობა და დაცვაში შექმნილი პრობლემები დაატყდა თავს, პირველი წრე მეოთხე ადგილზე დაასრულა და სასწაული უნდა მოხდეს, სეზონის მეორე ნახევარში რეკორდმაისტერს კონკურენცია მაინც რომ გაუწიოს.

დაძაბულობა
მიუხედავად "ბაიერნის" დომინირებისა, გერმანიის პირველობა უინტერესო ნამდვილად არ გამხდარა. უაღრესად დაძაბული ბრძოლაა ევროსაგზურებისთვის და გადარჩენისთვის. სატურნირო ცხრილში შუალედი, ფაქტობრივად, არ არსებობს, რადგან მესამე და მეშვიდე, ასევე მეათე და მე-16 ადგილებს შორის განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ 5 ქულაა.

განსაკუთრებით პირველი წრის ბოლო ტურში დავრწმუნდით, რომ თუ "ბაიერნს" თავს დავანებებთ, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ნებისმიერს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია - "დორტმუნდი" საკუთარ მოედანზე "ჰერტასთან" დამარცხდა, "ლევერკუზენი" კი - ფრანკფურტის "აინტრახტთან" და ბრემენის "ვერდერთან".

მსაჯების შეცდომები
პირველ წრეში გერმანელმა არბიტრებმა იმდენი უპატიებელი შეცდომა დაუშვეს, რომ გერმანიის საფეხბურთო ლიგა უკვე აქტიურად ითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. მართალია, სტატისტიკურად მსაჯების შეცდომების რაოდენობა დიდად არ გაზრდილა, სამაგიეროდ, იმატა აშკარა და უპატიებელმა შეცდომებმა.

მსაჯები შეცდომებს განსაკუთრებით გოლის ჩათვლა-არჩათვლის საკითხში უშვებდნენ. მაგალითად, პირველ წრეში ტორსტენ კინჰიოფერმა ჰოფენჰაიმელ კევინ ფოლანდს "ნიურნბერგთან" აშკარა გოლი არ ჩაუთვალა; ამას მოჰყვა შტეფან კისლინგის "გოლი-მოჩვენება" და კიდევ რამდენიმე ისეთი მომენტის გახსენება შეიძლება, როცა სიტუაცია მინიმუმ საკამათო იყო; "ჰანოვერისა" და "ნიურნბერგის" შეხვედრაში კი (3:3) მსაჯებმა "წითლების" ფორვარდ მამე დიუფზე ერთმეტრიანი თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირეს, ამ უკანასკნელმა კი გაიტანა გოლი, რომლის გამოც "ნიურნბერგს" მოგებების გრაფაში ჯერ კიდევ ნული უწერია.

გოლები, გოლები, გოლები
ბუნდესლიგა ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანი ლიგაა. 18-მა გუნდმა პირველ წრეში 486 გოლის გატანა მოახერხა, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში, 1985/86 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო შედეგია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არის შანსი, მთელ სეზონში 1 000 გოლი გავიდეს, რაც ჯერ არასდროს მომხდარა. ყველაზე მეტი გოლი იმ მატჩებში გადიოდა, რომლებშიც "ჰოფენჰაიმი" მონაწილეობდა - 74.

მეკარეების შეცდომები
ბევრი გოლი, პირველ რიგში, მეკარეების სისუსტეზე მეტყველებს. ეს განსაკუთრებით "ჰოფენჰაიმს" ეხება, სადაც ტიმ ვიზეს სარეზერვო გუნდში გადასროლის შემდეგ ორი მეკარე გამოიყენეს, მაგრამ იმედები ვერც ერთმა გაამართლა.

სტატისტიკოსებმა განვლილ 17 ტურში მეკარეების 30 მძიმე შეცდომა აღნუსხეს. შედარებისთვის, წინა სეზონში, ამ დროს 13 უპატიებელი შეცდომა იყო დათვლილი.

ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ ბუნდესლიგაში მოღვაწე მეკარეების ორი მესამედი 25 წლამდე ასაკისაა. ყველაზე დიდი კრიტიკა "ფრაიბურგის" კარის დარაჯ ოლივერ ბაუმანს დაატყდა, რომელმაც ერთ მატჩში სამი სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუმცა რეაბილიტაცია შეძლო და მომდევნო ტურში უკვე მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ექსპერტები იმაზე ალაპარაკდნენ, რომ გერმანია მეკარეების ქვეყანა აღარ არის.

ნაღდი და ცრუ ცენტრფორვარდები
იმას, რაც თავიდან მხოლოდ გვარდიოლასგან იყო მოსალოდნელი, გერმანიაში უკვე ბევრი იყენებს: ვგულისხმობთ კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე თამაშს.

მართალია, გვარდიოლამ კლასიკური 9 ნომერი მარიო მანჯუკიჩი გუნდიდან არ გააგდო, საკმაოდ ხშირადაც ათამაშებს და ხორვატს გოლებიც გააქვს, მაგრამ პეპი მის პოზიციაზე ხშირად მარიო გიოტცეს ან თომას მიულერს ათამაშებს.

"ბაიერნს" არაერთხელ მიბაძეს "ჰამბურგმა" და "ვერდერმაც". თუმცა, საერთო ჯამში, ტენდენცია არ მიდის იქითკენ, რომ ბუნდესლიგის კლუბები კლასიკური ცენტრფორვარდების გარეშე მასობრივად ათამაშდებიან. თანაც, გოლების თითქმის 20 პროცენტი ისევ და ისევ ნაღდი ცხრიანების ანგარიშზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული