მარკ-ანდრე ტერ შტეგენი: "იუვე" თუ "არსენალი"?

AutoSharing Option
ინგლისი, იტალია თუ მაინც ესპანეთი? სწორედ ეს კითხვა უტრიალებს ახლა თავში მიონხენგლადბახის უნიჭიერეს მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს. აქამდე 21 წლის გერმანელი კიპერისადმი ყველაზე დიდ ინტერესს "ბარსელონა" იჩენდა, მაგრამ "ბილდის" ინფორმაციით, ამ დღეებში მის 72 წლის მრჩეველ გერდ ფომ ბრუხს ტურინის "იუვენტუსისა" და ლონდონის "არსენალის" მესვეურები დაუკავშირდნენ და "ბარსელონაზე" გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზეს.

არადა, ესპანურ მედიას გამოცხადებული ჰქონდა, რომ გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების მეკარე "ბარსაში" გადადიოდა. კატალონიური გრანდის სპორტული დირექტორი და ყოფილი მეკარე ანდონი სუბისარეტა, რომელიც ახლა 52 წლისაა, ტერ შტეგენის ოჯახს
ორი თვის წინ ესტუმრა და ამბობდა, მარკი ახლოს გავიცანი, შევამოწმე, რამდენად შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და ვფიქრობ, რომ "ბარსელონასთვის" იდეალური ვარიანტი იქნებაო.

თუმცა ტერ შტეგენს "ბარსელონასთან" კონტრაქტი არ გაუფორმებია და ახლა მისი გადაბირებისთვის "იუვე" და "არსენალიც" სერიოზულად იბრძვიან. ერთი რამ ცხადია: სამივე გრანდი მზადაა, "გლადბახს" 12 მილიონი ევრო გადაუხადოს და ახლა ბრძოლა ხელფასზე მიდის.

"ბილდის" ცნობით, "იუვენტუსმა" და "არსენალმა" ტერ შტეგენს "ბარსელონაზე" გაცილებით უკეთესი ჯამაგირი შესთავაზეს. "გლადბახის" სპორტული დირექტორის, მაქს ებერლის თქმით, ახლა ყველაფერი თავად ტერ შტეგენზეა დამოკიდებული, რომელსაც უკვე მართლაც დიდი არჩევანი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული