პეპი როტაციის შესახებ
როტაცია მიყვარს და ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროა - განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდი ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე იბრძვის. სეზონის პირველ ნახევარში როტაციას ხშირად მივმართავდი. ხან რომელი მოთამაშე იყო ტრავმირებული და ხან რომელი -
როცა არიენ რობენი და ბასტიან შვაინშტაიგერიც გამოჯანმრთელდებიან, უკვე ყველა ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსი იქნება და ცხადია, რომ ზოგიერთის განაწყენება მომიწევს. ეს ნორმალური პროცესია - როტაციის დროს ზოგი ბედნიერია, ზოგიც გაბრაზებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი ისაა, რომ ყველა ბედნიერი იყოს.
პეპი ფილიპ ლამის პოზიციის შესახებ
ყველა პრესკონფერენციაზე ამას მეკითხებით, მაგრამ არა უშავს, მე აქ იმიტომ ვარ, რომ ყველა კითხვაზე გიპასუხოთ. ლამი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ძალიან მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ნახევარდაცვაში ვათამაშებ. როცა შვაინშტაიგერი გამოჯანმრთელდება, ხოლო გიოტცე და ტიაგო ალკანტარა ფორმის პიკში იქნებიან, მაშინ ნახევარდაცვაში უკვე უდიდესი არჩევანი მექნება და ლამს უფრო ხშირად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვათამაშებ.
ერთი სიტყვით, ვიცი, რომ ფილიპის ადგილი დაცვის მარჯვენა ფრთაზეა, მაგრამ ლამი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციისთვისაც შესანიშნავი ალტერნატივაა და მასთან მიმართებაში ყოველთვის სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედებ - ხან აქ ვათამაშებ, ხან - იქ.
პეპი ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
ყველაფერი კარგადაა. ბასტის საქმე ნორმალურად მიდის და საბედნიეროდ, ახალი ტრავმირებულები არ გვყავს. მიხარია, რომ ჰოლგერ ბადშტუბერიც გაცილებით უკეთესადაა. როცა გამოჯანმრთელდება, გუნდისთვის, ფაქტობრივად, ახალწვეულივით იქნება. საბედნიეროდ, დავიდ ალაბას ტრავმაც არ აღმოჩნდა სერიოზული.
პეპი კონკრეტულად შვაინშტაიგერის შესახებ
შვაინშტაიგერი დიდხანს იყო ლაზარეთში, თითქმის ორი თვე ვერ გვეხმარებოდა. როგორც ექიმებმა თქვეს, სრულფასოვნად გამოსაჯანმრთელებლად მოსალოდნელზე ცოტათი მეტი დრო სჭირდება. ალბათ, 2-3 კვირაში მწყობრში იქნება. ფაქტია, რომ შვაინშტაიგერი ძალიან გვაკლია.
პეპი ყატარის შეკრების შესახებ
აქ მართლაც ფანტასტიკური პირობებია. არა მგონია, რომ ზამთარში სადმე ამაზე უკეთესი პირობები იყოს. კარგად მოვემზადეთ, ახალი ტაქტიკურ-სტრატეგიული ვარიანტები დავამუშავეთ. ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ.
პეპი ჩახლეჩილი ხმის შესახებ
დავბერდი. ადრე ასეთი პრობლემები არ მექმნებოდა. არა მგონია, რომ ზომაზე მეტს ვყვიროდე, მაგრამ ხმა მაინც ადრინდელზე მეტად მეხლიჩება.
პეპი ჰოიბერგის შესახებ
ვფიქრობ, რომ ჰოიბერგი დიდი ფეხბურთელი გახდება და უმაღლეს დონეზე ითამაშებს, რადგან მართლაც ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. შემიძლია ვთქვა, რომ მის დიდ მომავალში დარწმუნებული ვარ.
პეპი ზამთრის პაუზის შესახებ
ეს პირველი პაუზა იყო მას მერე, რაც "ბაიერნში" ვმუშაობ. მგონია, რომ ასეთი პაუზები არა მარტო ფეხბურთელებისთვის, არამედ მწვრთნელებისა და სხვა თანამშრომლებისთვისაც კარგია. გუნდის შეკრების მთავარი მიზანი ვარჯიშია, მაგრამ შეკრება ძალიან დადებითად მოქმედებს ფეხბურთელების მენტალიტეტსა და გუნდურ სულისკვეთებაზეც. შვებულებასავითაა და მიმაჩნია, რომ აუცილებელი რამ არის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"