რაფაელი გერმანიის ნაკრებში?

AutoSharing Option
შობის შემდეგ "გლადბახის" ბრაზილიელმა წინახაზელმა რაფაელმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ მთელი საფეხბურთო გერმანიის (და არა მარტო გერმანიის) ყურადღება მიიპყრო. 28 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რომელსაც გამთამაშებლობაც ეხერხება, გერმანიის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა: "ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ გერმანიის მოქალაქეობა მივიღო და იოახიმ ლიოვის გუნდში ვითამაშო. მეტიც: ამის სურვილი მაქვს!"

როგორც იცით, გერმანიის ნაკრებს არცერთ რგოლში, განსაკუთრებით კი, შეტევაში არ უჭირს და ნამდვილად არ აქვს საქმე საიმისოდ, რომ რომელიმე ვარსკვლავის ნატურალიზება სჭირდებოდეს; რაფაელისთვის კი ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველი ის გახდა, რომ პირველი
წრე ძალიან კარგად ჩაატარა - "გლადბახის" ფორმით მან 9 გოლის გატანა მოახერხა.

სანამ გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი ამ საკითხთან დაკავშირებით რამეს იტყოდეს, გაზეთმა "ბილდმა" თემა არ "გააცია" და რაფაელს დაუსვა კითხვები, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად იმსახურებს ბრაზილიელი გერმანიის დროშის სამსახურს.

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ამას რაფაელის თეორიული გამოცდა უწოდეს - ბრაზილიელმა პირველივე შეკითხვას უპრობლემოდ უპასუხა:

კითხვაზე, წარმოშობით რომელმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჩაატარა ლიოვის ფორმაციის ბუნდესგუნდში 23 მატჩი, მიონხენგლადბახელმა მაშინვე მიუგო, კაკაუმო.

რაფაელმა მარტივად უპასუხა კითხვებს გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი ფეხბურთელის, იოახიმ ლიოვის წინამორბედი მწვრთნელების რაოდენობის, ბუნდესგუნდის მსოფლიოს ჩემპიონობის რაოდენობისა და ბოლო მოგებული მუნდიალის შესახებ. პრობლემა არც ამ კითხვაზე შეექმნა:

"რომელ თავდამსხმელს შეუძლია რონალდოს 15-გოლიანი რეკორდის დამხობა მუნდიალზე?” "რა თქმა უნდა, მიროსლავ კლოზეს, მას მხოლოდ ერთი გოლიღა აკლია".

სამაგიეროდ, რაფაელმა ვერ უპასუხა კითხვებს გერმანიის ნაკრების პირველი საპატიო კაპიტნის (ფრიც ვალტერი) და იმ მეკარის შესახებ, რომელსაც გერმანიის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული (ზეპ მაიერი, 95 თამაში).

თუმცა ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ამ ორი კითხვის გამო არ ჩაჭრეს და გერმანიის ნაკრებისთვის მზად მყოფი ბრაზილიელის სტატუსი მიანიჭეს. ახლა ყველაფერი თავად რაფაელზე და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იოახიმ ლიოვზეა დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული