კარლ-ჰაინც რუმენიგე: რიბერის რონალდოში არ გავცვლიდი!

AutoSharing Option
გერმანულმა გაზეთმა "ბილდმა" "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც რეკორდმაისტერის ბოსი ბუნდესლიგაზე, "ბაიერნის" კონკურენტებზე, რობერტ ლევანდოვსკიზე, მარიო მანჯუკიჩზე, არიენ რობენზე და, რა თქმა უნდა, "ოქროს ბურთზე" საუბრობს. ფრანკ რიბერის გალა-დაჯილდოებაზე სწორედ რუმენიგე ახლდა...

- ჰერ რუმენიგე, "ვოლფსბურგი" ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა და ტრანსფერებში მილიონებს ხარჯავს. "მგლებმა" ამას წინათ "ბაიერნიდან" ლუის გუსტავო 20 მილიონად იყიდეს, ახლა კი "ჩელსისაც" ამდენივეს უხდიან კევინ დე ბრუინში. თანაც, "ვოლფსბურგმა" ბუნდესლიგის პირველი წრე მეხუთე ადგილზე დაასრულა და ამ სეზონში მიზნად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება აქვს
დასახული. როგორ ფიქრობთ, ეს კლუბი ცოტა ხანში "ბაიერნის" ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი ხომ არ გახდება?
- ფაქტია, რომ ვოლფსბურგში კარგად მუშაობენ, თან ბევრი ფულიც აქვთ და მზად არიან, მილიონები დახარჯონ. ამ ფაქტს მხოლოდ მივესალმები, რადგან გერმანიას "ბაიერნთან" და დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად, ძლიერი "ვოლფსბურგიც" სჭირდება - ისევე, როგორც "შალკე", "ლევერკუზენი" და "გლადბახი". რაც უფრო მეტი ძლიერი კლუბი გვეყოლება, მით უკეთესი ბუნდესლიგისთვის.

- გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრეს "ბაიერნი" 24 იანვარს, "გლადბახთან" გასვლითი მატჩით იწყებს. მზადაა რეკორდმაისტერი?
- სეზონს მიონხენგლადბახსა და შტუტგარტში ზედიზედ ორი გასვლითი მატჩით განვაახლებთ. თუ ორივე თამაშს მოვიგებთ, ტიტულის შენარჩუნების მართლაც ძალიან კარგი შანსი გაგვიჩნდება.

- ბასტიან შვაინშტაიგერი ჯერ კიდევ ტრავმირებულია. ხომ არ შიშობთ, რომ შვაინი მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტისთვის ფორმაში შესვლას ვერ მოასწრებს?
- ამის ოდნავადაც არ მეშინია, რადგან ბასტიანს მუნდიალამდე საკმარისი დრო ექნება იმისათვის, რომ ფორმა აღიდგინოს და ბრაზილიაში ასი პროცენტით მომზადებული წავიდეს. შვაინშტაიგერი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა როგორც "ბაიერნისთვის", ისე გერმანიის ნაკრებისთვისაც. ამ ხნის განმავლობაში "ბაიერნს" მისი არყოფნა ნამდვილად დაეტყო. გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვს კი ნამდვილად გაუმართლა, რადგან შვაინშტაიგერი მალე გამოჯანმრთელდება და მუნდიალზეც გაემგზავრება.

- მომდევნო სეზონში "ბაიერნი" რობერტ ლევანდოვსკით გაძლიერდება...
- რობერტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია მიუნხენში მისი გადმოსვლა ყველას ძალიან გვიხარია. "ტრანსფერმარკტი" მას 39 მილიონ ევროდ აფასებს, ჩვენ კი მის სანაცვლოდ ერთი ცენტიც კი არ გადავიხადეთ - მშვენიერი გარიგებაა, არა? მიუხედავად ამისა, დორტმუნდის "ბორუსიასთან" მაინც არ გვაქვს დაძაბული ურთიერთობა - ამასაც მიღწევა უნდა.

- არც მარიო მანჯუკიჩთან გაქვთ დაძაბული ურთიერთობა?
- ჩვენ, "ბაიერნის" ხელმძღვანელები მარიოთი ძალიან კმაყოფილები ვართ. მან მოლოდინი არათუ გაამართლა, არამედ გადააჭარბა კიდეც. მანჯუკიჩს შევინარჩუნებთ და მეტიც: მზად ვართ, მარიოს ახალი კონტრაქტი გავუფორმოთ. არა მგონია, რომ მანჯუკიჩს "ბაიერნიდან" წასვლა უნდოდეს. ყოველ შემთხვევაში, საამისო არაფერი შემიმჩნევია.

- როდის გაუგრძელებს "ბაიერნი" კონტრაქტს არიენ რობენს?
- არიენს და მამამისს ხშირად ვეკონტაქტები. მალე ყველანი ერთად დავსხდებით და სწორედ ახალ ხელშეკრულებაზე დავილაპარაკებთ. რობენის შემთხვევაშიც იგივეს ვიტყვი: მისით უაღრესად კმაყოფილები ვართ და ვხედავთ, რომ "ბაიერნში" თავად არიენიც ძალიან კარგად გრძნობს თავს. გული კარგს მიგრძნობს.

- ფრანკ რიბერიმ "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო. იმედგაცრუებული ხართ?
- მეუბნებოდნენ, გამოკითხვაში რიბერიმ ვერ მოიგოო და ამიტომაც არ გამიკვირდა, როცა გამარჯვებულად კრიშტიანო რონალდო გამოაცხადეს. თავად რიბერისაც მანამდე ვუთხარი, არა მგონია, რომ შენ მოიგო-მეთქი. დიდი წინასწარმეტყველური ნიჭი სულაც არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ გამარჯვებული რონალდო იყო, რადგან მადრიდიდან ძალიან დიდი დელეგაცია ჩამოვიდა.

- ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ რონალდო რიბერიზე მაგარია?
- პირადად მე რიბერის რონალდოში არ გავცვლიდი!

- თქვენც ხომ არ ფიქრობთ, რომ გახანგრძლივებულმა გამოკითხვამ შედეგზე იმოქმედა?
- ისეთ რამეს არ ვიტყვი, რასაც ვერ დავამტკიცებ. დღეს ფიფას იმიჯი უკვე იმდენადაა შელახული, რომ ყველაფრის შესახებ დისკუსიები იწყება ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინ გთავაზობს? :D :D
shotrevana
18:13 16-01-2014
0
ბეილი რომ დაგიმატონ მაინც არა?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული