ფელიქს, ახსენი, თუ ძმა ხარ

AutoSharing Option

შალკეში მონასტერი არეულია, ვის შეუძლია მაგათის გაგდება?

„როკნ რაულ გელზენკირხენში“ - ვწერდით ერთი კვირის წინ. დორტმუნდის „ბორუსიას“, რა თქმა უნდა, ვაქებდით, მაგრამ ვაქებდით „შალკესაც“ და ვაკრიტიკებდით „ვერდერს“. ზუსტად ერთი კვირის თავზე, მხოლოდ „დორტუნდმა“ შეინარჩუნა სტატუსი, „შალკესა“ და „ვერდერში“ კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა...

„შალკეს“ 0:5 „კაიზერსლაუტერნთან“ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. მართალია, გელზენკირხენელები ამ სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურებიან და „შალკეს“ წაგება არავის უკვირს, მაგრამ მათთვის კვირა იმდენად კარგად დაიწყო (4:0 „ვერდერთან“) და იმდენად ბრწყინვალედ გაგრძელდა (3:0 „ლიონთან“, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზურის განაღდება), რომ ნამდვილად

ვერავინ იფიქრებდა, თუ ფელიქს მაგათის გუნდი „კაიზერსლაუტერნთან“ ხუთ უპასუხო გოლს გაუშვებდა. სწორედ ამიტომ ატყდა განგაში გელზენკირხენში, ამიტომ სკანდირებდნენ „შალკეს“ ფანები, მაგათი გააგდეთო და ამიტომ აიმაღლა ხმა კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლემენს ტიონიესმა ორშაბათს, ანუ, გუშინ.

„იმედგაცრუებული ვარ, არა, ამას იმედგაცრუებაც აღარ ეთქმის. „ვერდერთან“ და „ლიონთან“ ბრწყინვალე გამარჯვებების შემდეგ ჩვენი ქომაგები ეიფორიაში იყვნენ და სიმართლე უნდა ითქვას, ჩვენც გვეგონა, რომ კრიზისს საბოლოოდ თავი დავაღწიეთ და ახლა ეს ჯოჯოხეთი დაგვემართა. 0:5 - ასეთი ანგარიშით „შალკეს“ 18 წელია არ წაუგია! გაგვანადგურა და შეგვარცხვინა გუნდმა, რომელიც წელს გადმოვიდა პირველ ბუნდესლიგაში, - ყვიროდა ტიონიესი და ბოლოს შედარებით მშვიდად დასძინა, - მოკლედ, მწვრთნელმა და მენეჯერმა ფელიქს მაგათმა უნდა ამიხსნას, უფრო სწორად, კლუბის წევრების ყოველწლიურ შეკრებაზე ყველას უნდა აგვიხსნას, რა მოხდა, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა და როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ ჯოჯოხეთს.“

მოკლედ, ხვალ „შალკეში“ დიდი სხდომაა და საინტერესოა, ემანდ, მაგათს თანამდებობიდან გათავისუფლების საფრთხეც ხომ არ ემუქრება? ფაქტი ისაა, რომ მისი პერსონა მორყეულია, კონტრაქტი კი „შალკესთან“ 2013 წლამდე აკავშირებს. ტიონიესი ფელიქსის გათავისუფლებაზე საუბარს თავს არიდებს და თუ ამბობს, მხოლოდ იმას, მწვრთნელის გაშვებაზე ხელმძღვანელებში ლაპარაკი არ ყოფილა.

„მწვრთნელის გათავისუფლებას მე არ ვაპირებ და მარტო მე ეს არც შემიძლია. მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ მაგათის შეცვლაზე საუბარი არ არის. ჩვენ ფეხბურთელების თამაშზე ვართ განრისხებულები. მართალია, ნაღდად არ მეშინია იმის, რომ „შალკე“ მეორე ბუნდესლიგაში გავარდება, რადგან ეს გამორიცხულია, მაგრამ დამეთანხმებით, „შალკეს“ შეფებს მაგათისგან და მისი გუნდისგან გაცილებით მაღალი მოთხოვნები გვაქვს, ვიდრე ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა,“ - ამბობს ტიონიესი.
ჩვენი გერმანელი კოლეგების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უშუალოდ მატჩის შემდეგ მაგათი რაულს, ჰუნტელაარსა და კომპანიას, ნახევარი საათის განმავლობაში ტუქსავდა. მოგვიანებით კი ფელიქსმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შეგირდებს იანვარში არდადეგები შეუმციროს. ჰო, ცხადია, თუ იანვრამდე მიატანა...

ვან გაალი კარგ ხასიათზეა

საკმარისი იყო, „ბაიერნს“ დამაჯერებლად მოეგო, რომ მიუნხენში ყველა დამშვიდდა - უცებ ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ყველაფერი კარგადაა, ხშირად ახსენებენ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა ჰარმონია, იდილია და რაც მთავარია, მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი თურმე ჯერ კიდევ ფიქრობს გერმანიის ჩემპიონობაზე.
არადა, რეკორდმაისტერი 14 ტურის შემდეგ, ლიდერ „დორტმუნდს“ 14 ქულით ჩამორჩება. ამასობაში, ლუისმა დორტმუნდის „ბორუსიასაც“ გაჰკრა კბილი: „ტიტულის შენარჩუნებაზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ. სულაც არ მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ყველაფერი დამთავრდა. სეზონის დასრულებამდე ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი. რაც შეეხება დორტმუნდს, მე ყოველთვის „ბორუსიას“ მოწინააღმედეგეთა ფანი ვიყავი ხოლმე და ახლა ხომ მით უმეტეს...“ - უთხრა ვან გაალმა „ბილდს“.


ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-4-3)
ტობიას ზიპელი (კაიზერსლაუტერნი) - ფილიპ ლამი (ბაიერნი), მარტინ ამედიკი (კაიზერსლაუტერნი), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ) - ივო ილიჩევიჩი (კაიზერსლაუტერნი), ანატოლი ტიმოშჩუკი (ბაიერნი), კრისტიან ტიფერტი (კაიზერსლაუტერნი), მარკო როისი (ბორუსია მ) - უგო ალმეიდა (ვერდერი), სრდიან ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), ია კონანი (ჰანოვერი)

პირველი და უმთავრესი, რაც ტურის კიკერისეულ სიმბოლურ ნაკრებთან მიმართებაში უნდა აღვნიშნოთ, ისაა, რომ საუკეთესო თერთმეტეულში „კაიზერსლაუტერნის“ ხუთი ფეხბურთელია. ეს კი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მე-14 ტურში ყველაზე დიდი გმირობა სწორედ „წითელმა ეშმაკებმა“ ჩაიდინეს. ასეცაა: „ლაუტერნმა“ „შალკე“ 5:0 გაანადგურა. ხუთიდან ოთხ ბეტცენბერგელს სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა აქამდეც დაგემოვნებული ჰქონდა (ოთხივეს ორ-ორჯერ), აი, ცენტრალური მცველი მარტინ ამედიკი კი სიმბოლურში პირველად მოხვდა. ამედიკი „კიკერის“ მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთადერთი დებიუტანტია. „ჰანოვერის“ თავდამსხმელი ია კონანი კი აქ მეოთხედ მოხვდა. საოცარია, მაგრამ უნდა დაიჯეროთ: დორტმუნდელი ნური შაჰინი სიმბოლურში ვერ მოხვდა.


ტურის გმირი
სრდიან ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი)

რთული გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო, რომ ტურის გმირიც აუცილებლად კაიზერსლაუტერნელი იქნებოდა. „კიკერმა“ მე-14 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად, აბსოლუტურად ლოგიკურად, პფალცელთა 27 წლის თავდამსხმელი სრდიან ლაკიჩი დაასახელა, რომელმაც „შალკეს“ მცველებს ათასი თავსატეხი გაუჩინა, განსაკუთრებით კი გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი კრისტოფ მეტცელდერი დაჩაგრა და რაც მთავარია, გელზენკირხენელებს ორი გოლი გაუტანა. ჰო, მართლა, საგოლე პასი გვავიწყდებოდა...


საუკეთესო ფეხბურთელები
14 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.43
2. ანატოლი ტიმოშჩუკი ბაიერნი 2.43
3. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.46
4. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.55
5. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.60
6. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.64
7. მანუელ ნოიერი შალკე 2.68
8. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.71
9. კრისტიან ვეტკლო მაინცი 2.73
10. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.75

 

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
1. თეოფანის გეკასი აინტრახტი 12 2 14
2. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 8 3 11
3. მარკო როისი ბორუსია (მ) 5 6 11
4. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 10 0 10
5. ედინ ჯეკო ვოლფსბურგი 9 1 10
6. მარიო გომესი ბაიერნი 9 1 10
7. უგო ალმეიდა ვერდერი 9 1 10
8. სრდიან ლაკიჩი კაიზერსლაუტერნი 9 1 10
9. ივო ილიჩევიჩი კაიზერსლაუტერნი 5 5 10
10. ჩიპრიან მარიკა შტუტგარტი 3 7 10

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული