გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: სუსტების აჯანყება

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრე "ბაიერნის" მორიგი გამარჯვებით დაიწყო, მიუნხენური გრანდის კონკურენტებმა კი ერთმანეთის მიყოლებით "ჩაისვარეს". თუმცა ბუნდესლიგის მე-18 ტურის მთავარი თემა მაინც სუსტების უჩვეულოდ კარგი და, რაც მთავარია, შედეგიანი თამაში გახლდათ.

ამიტომაც დავარქვით ტურის შეჯამებას ასეთი სათაური და აქვე ვთქვათ, სუსტების აჯანყების მთავარი შემოქმედი "აუგსბურგია" - გუნდი, რომელიც ნელ-ნელა ევროპალიგის საგზურზე ოცნებასაც კი იწყებს. მარკუს ვაინცირლის სამწყსომ დორტმუნდში საბრძოლო ფრეს (2:2) მიაღწია და წაუგებელი სერია ექვს მატჩამდე გაზარდა. ხოლო რაც შეეხება ტურის სხვა პოზიტივ-ნეგატივებს:

პოზიტივები
- "აუგსბურგის" ხელმეორე ახალწვეულ დონ
ვონ ჟის ბურთთან მხოლოდ ერთი შეხებაც კი ეყო იმისათვის, რომ დორტმუნდში დაფიქსირებული საპატიო ფრის მთავარი შემოქმედი გამხდარიყო. ანგარიში სწორედ მან გაათანაბრა და დაადუმა უკანასკნელი სკეპტიკოსები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ რაკი ზაფხულში სწორედ "დორტმუნდში" გადადის, ეს ფაქტორი ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევდა.

- "აუგსბურგის" შემდეგ ყველაზე მეტ საქებარ ეპითეტებს "ნიურნბერგი" იმსახურებს, რადგან ამ გუნდმა, როგორც იქნა, სეზონის პირველი მატჩი მოიგო. მიუხედავად არაერთი წამყვანი მოთამაშის არყოფნისა, ფრანკების მწვრთნელმა გერტიან ვერბეეკმა აქცენტი მაინც შეტევაზე გააკეთა და მისმა შეგირდებმა "ჰოფენჰაიმი" 4:0 გაანადგურეს. დაპირებისამებრ, ვერბეეკმა მატჩის შემდეგ წვერი გაიპარსა...

- "ნიურნბერგის" საუკეთესო ფეხბურთელი ამ სეზონში იოზიპ დრმიჩია, რომელმაც გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში მეშვიდე და მერვე გოლები გაიტანა, რაც ნამდვილად შესანიშნავი შედეგია ისეთ გუნდში, რომელმაც სეზონის პირველი მოგება მე-18 ტურშიღა დააფიქსირა. დრმიჩი "ჰოფეს" მცველებს კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა.

- გმირია ფრაიბურგელი ფელიქს კლაუსიც, რომელმაც "ფრაის" პატარა სტადიონი საზეიმო არენად გადააქცია. 21 წლის კლაუსმა "ლევერკუზენის" კარში გამარჯვების (3:2) გოლი 90-ე წუთზე გაიტანა.

- მე-18 ტურში დიდი დაბრუნება იზეიმა "შალკეს" ჰოლანდიელმა გოლეადორმა კლაას-იან ჰუნტელაარმა, რომელმაც მეორე ტურის შემდეგ (ტრავმირებული იყო) პირველად იასპარეზა. "ჰამბურგთან" ანგარიში სწორედ მან გახსნა, ისე კი, "შალკემ" 3:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ჰუნტელაარს ბუნდესლიგაში გატანილი ბოლო ექვსი გოლიდან ექვსივე "ჰამბურგის" კარში აქვს შეგდებული.

- თუმცა "ჰამბურგისა" და "შალკეს" შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ჯეფერსონ ფარფანი გახლდათ, რომელმაც ერთი გოლი თავად გაიტანა, ორი კი სხვებს გაატანინა.

- გამარჯვება "აინტრახტსაც" შესძლებია! ფრანკფურტელებმა მეორე წრის სტარტზე სეზონის პირველი საშინაო გამარჯვება (!) იზეიმეს. არმინ ფეეს გუნდმა ამბიციური "ჰერტა" 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლის ავტორი კი, რა თქმა უნდა, ალექს მაიერია...

- თურქ მწვრთნელ ტაიფუნ კორკუტს "ჰანოვერის" დამრიგებლის რანგში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა: "წითლებმა" ვოლფსბურგში 3:1 მოიგეს! ხაზგასასმელია: "ჰანოვერმა" სტუმრად მოიგო! შეგახსენებთ, რომ "წითლებს" აქამდე ყველა გასვლითი მატჩი წაგებული ჰქონდათ. მწვრთნელთან ერთად, დებიუტით დატკბა "ჰანოვერის" ახალწვეული თავდამსხმელი არტიომ რუდნევსიც - ანგარიში სწორედ მან გახსნა.

- "გლადბახისა" და "ბაიერნის", ანუ ტურის ცენტრალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი თომას მიულერი გახლდათ. რეკორდმაისტერის თითქმის ყველა სახიფათო იერიში მისი, მარჯვენა ფრთიდან ვითარდებოდა. მიულერმა ჯერ მარიო გიოტცეს მისცა საგოლე პასი, მერე კი პენალტით თვითონაც იხეირა.

ნეგატივები
- დორტმუნდის "ბორუსიას" ზამთრის პაუზამაც ვერ უშველა - იურგენ კლოპის გუნდი ქულების განიავებას მეორე წრეშიც აგრძელებს და თანაც, ისევ საკუთარ მოედანზე სცოდავს. "აუგსბურგთან" დაფიქსირებული 2:2 "დორტმუნდისთვის" ზედიზედ მეოთხე (!) მოუგებელი საშინაო შეხვედრაა. "ბორუსია" საკუთარ კედლებში გამარჯვებას პირველი ნოემბრის მერე ელოდება. თუ ასე გაგრძელდა, კლოპის გუნდმა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი ვერ მოიპოვოს.

- ამას იმიტომ ვამბობთ, რომ "ბორუსიას" ტრავმების ეპიდემიაც სტანჯავს. აგერ, "აუგსბურგთან" შეხვედრაში კიდევ ერთმა ლიდერმა მიიღო უმძიმესი ტრავმა - იაკუბ ბლაშჩიკოვსკის მყესები გაუწყდა და მისთვის ეს სეზონი უკვე დამთავრებულია. იურგენ კლოპი კი საგონებელშია ჩავარდნილი.

- ნაქებ-ნადიდებმა კევინ დე ბრუინმა, რომელიც "ვოლფსბურგმა" "ჩელსიდან" საერთო ჯამში 22 მილიონ ევროდ შეიძინა, პირველ მატჩში იმედები ვერ გაამართლა. 22 წლის ბელგიელმა შემტევმა ნახევარმცველმა "ჰანოვერთან" 1:3-ზე წაგებულ შეხვედრაში თამაში ნორმალურად დაიწყო, მაგრამ მერე "ჩაყვინთა" და მეორე ტაიმში აღარ გამოჩენილა. ასე რომ, დე ბრუინი, რომელზეც "ვოლფსბურგში" უდიდეს იმედებს ამყარებენ, ჯერჯერობით "ფლოპია".

- "ჰამბურგის" კრიზისი კი ღრმავდება! "შალკესთან" 0:3-ზე წაგებულ შეხვედრაში ჩრდილოგერმანელთა კრიზისის "სავიზიტო ბარათი" მარცხენა მცველი მარსელ იანსენი გახლდათ, რომელსაც სამივე გოლში მიუძღვის ბრალი.

- მარიო მანჯუკიჩს ხოსეპ გვარდიოლას ხელში რომ გაუჭირდებოდა, ამაზე სეზონის დაწყებამდეც ვწერდით, თუმცა ხორვატმა დღემდე 10 გოლის გატანა მოახერხა და თითქოს პეპს თავი მოაწონა. თუმცა "გლადბახთან" შეხვედრაში ესპანელმა სპეციალისტმა მანჯუკიჩი განაცხადს მიღმა დატოვა, რაც მრავლისმეტყველი ფაქტია.

- ვისთან უნდა მოეგო "ვერდერს", თუ არა "ბრაუნშვაიგთან"? მაგრამ ბრემენული კლუბი ძალიან უსუსურია (0:0). განსაკუთრებით უსუსურია "მუსიკოსების" ცენტრფორვარდი ნილს პეტერსენი, რომელმაც მთელი მატჩის განმავლობაში კარისკენ მხოლოდ სამჯერ დაარტყა...

- "ჰოფენჰაიმის" დაცვა ისტორიაში შევა, როგორც ყველა დროის ყველაზე "სტუმართმოყვარე" დაცვა ბუნდესლიგის ისტორიაში. "სოფლელებმა" ნიურნბერგში 4 გოლი გაუშვეს და მიღებული ბურთების გრაფაში უკვე 42 უწერიათ...

- ფრაიბურგში განცდილი მარცხი (2:3) ზედიზედ მესამე თამაშია, რომელიც "ლევერკუზენმა" ვერ მოიგო. არადა, უკვა კარგა ხანია, რაც "ფარმაცევტები" მეორე ადგილზე არიან და იდეაში "ბაიერნის" ნომერ პირველ მდევრად მიიჩნევიან. თუმცა, რომელ დევნაზეა ლაპარაკი - "ბაიერნი" "ბაიერს" ხომ უკვე 10 ქულით უსწრებს.

XVIII ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(4-2-3-1)

ტერ შტეგენი (გლადბახი) - ჩენდლერი (ნიურნბერგი), რუსი (აინტრახტი), პინოლა (ნიურნბერგი), პარკი (მაინცი) - ლამი (ბაიერნი), ბაიერი (აუგსბურგი) - ფარფანი (შალკე), გიოტცე (ბაიერნი), ბიტენკური (ჰანოვერი) - ჰუნტელაარი (შალკე).

XVIII ტურის გმირი
ლეონარდო ბიტენკური (ჰანოვერი)

"ჰანოვერის" ახალმა თავკაცმა ტაიფუნ კორკუტმა ლეონარდო ბიტენკური მის საყვარელ პოზიციაზე, მარცხენა შემტევ ნახევარმცველად ათამაშა და 20 წლის ლეომ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ბუნდესლიგის 21 მატჩში მას უკვე ხუთი გოლი აქვს გატანილი და რაღაცით მაინც აჯობა მამამის ფრანკლინს, რომელსაც, მართალია, "კოტბუსისა" და "ლაიპციგის" ფორმით ერთით მეტი გოლი ჰქონდა, მაგრამ დუბლი კი არასდროს შეუსრულებია.

საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 13 2.09
2. სიდნი სემი ლევერკუზენი 13 2.50
3. ტონი კროოსი ბაიერნი 17 2.54
4. ფილიპ ლამი ბაიერნი 15 2.57
5. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 18 2.61
6. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გლადბახი 18 2.64
7. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 16 2.69
8. მარკო როისი დორტმუნდი 18 2.71
9. მაქს კრუზე გლადბახი 18 2.83
10. იომერ თოფრაქი ლევერკუზენი 15 2.83

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 18 11 6 17
2. მაქს კრუზე გლადბახი 18 8 7 15
3. თომას მიულერი ბაიერნი 17 8 7 15
4. ადრიან რამოსი ჰერტა 18 11 4 15
5. ფრანკ რიბერი ბაიერნი 13 6 9 15
6. მარკო როისი დორტმუნდი 18 8 6 14
7. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 13 7 6 13
8. საბოლჩ ჰუსტი ჰანოვერი 15 6 7 13
9. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 18 9 4 13
10. რაფაელი გლადბახი 18 9 4 13

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული