იურგენ კლოპი "შალკეს" ჰოლტბის ართმევს?

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე გერმანულ მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპს "ტოტენჰემიდან" 23 წლის ნახევარმცველის, ლუის ჰოლტბის გადაბირება უნდა. გარდა ამისა, შესაძლოა, დორტმუნდელებმა ახლავე დაიმატონ "ჰოფენჰაიმის" 21 წლის წინახაზელი კევინ ფოლანდიც.

"ბორუსია" ზაფხულამდე ტრანსფერებს აღარ გეგმავდა, მაგრამ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის მძიმე ტრავმამ (პოლონელისთვის ეს სეზონი უკვე დამთავრებულია) კლოპს გადაწყვეტილების გადახედვისკენ უბიძგა. "დორტმუნდის" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს დაუდასტურა, რომ კლუბის ხელმძღვანელები დღეს-ხვალ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებაზე დაფიქრდნენ.

"ბილდი" ირწმუნება, რომ "დორტმუნდში"
გადასვლის პირველი კანდიდატი ექსშალკელი ჰოლტბია, რომელმაც "ტოტენჰემში" ვერ გაიხარა. აღსანიშნავია, რომ ჰოლტბის დაბრუნება "შალკესაც" სურდა და მოსისხლე მტერმა რომ აჯობოს, გელზენკირხენში ორმაგად გაბრაზდებიან.

"ბილდის" ინფორმაციით, "ტოტენჰემს" ჰოლტბის განათხოვრებას მისი 6 მილიონ ევროდ გაყიდვა ურჩევნია. ამ თანხის გადახდა "დორტმუნდისთვის" პრობლემას არ წარმოადგენს, "შალკეში" კი მხოლოდ იჯარაზე ფიქრობდნენ.

სპორტული თვალსაზრისით, ლუის ჰოლტბი "დორტმუნდისთვის" ზედგამოჭრილი იქნება, რადგან ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში - ჰოლტბი გარემარბი ბლაშჩიკოვსკის ალტერნატივაც იქნება და საყრდენი ილქაი გიუნდოგანის შეცვლაც შეუძლია.

წესით, "ბორუსიაში" გადასვლა თავად ლუისსაც უნდა აწყობდეს, რადგან თუ სეზონის ბოლომდე სტაბილურად ითამაშებს, შესაძლოა, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მსოფლიოს ჩემპიონატზე მის წაყვანაზე დაფიქრდეს.

რაც შეეხება კევინ ფოლანდს - 21 წლის ჰოფენჰაიმელზე დორტმუნდელები ზაფხულისთვის ფიქრობდნენ, მაგრამ შესაძლოა, ახლავე გადაიბირონ, რადგან ფოლანდს გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში და ლევანდოვსკის გარდა, ბლაშჩიკოვსკის პოტენციური შემცვლელიცაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული