250-პროცენტიანი პროგრესი

AutoSharing Option

დორტმუნდის „ბორუსიას“ აღმაფრენა ნელ-ნელა უფრო დაუჯერებელი, უფრო სენსაციური და უფრო შთამბეჭდავი ხდება. 4:1 მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“, 12 მოგება 14 ტურის შემდეგ, შვიდქულიანი უპირატესობა მეორეადგილოსან „მაინცთან“, 14-ქულიანი უპირატესობა მოქმედ ჩემპიონ მიუნხენის „ბაიერნთან“ და რაც ყველაზე მთავარია, 24-ქულიანი უპირატესობა მოსისხლე მტერ „შალკესთან“ - დორტმუნდში საფეხბურთო თვალსაზრისით ნამდვილი სამოთხეა.

ბრწყინვალე ფეხბურთზე, რომელსაც „ბორუსია“ მიმდინარე სეზონში თამაშობს, არაერთხელ გვისაუბრია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ამაზე წერა, ამჯერად კი თქვენი ყურადღების გამახვილება BVB-ს ფეხბურთელების ფასებზე გვსურს. იურგენ კლოპის ახალგაზრდული გუნდის ღირებულება 250

პროცენტით გაიზარდა, რაც, დაგვეთანხმებით, გრანდიოზული შედეგია და „ბორუსიას“ მყარ ფინანსურ მომავალს უნაღდებს. საოცარი კი ის არის, რომ იმ დროს, როცა გერმანიის ექს-ჩემპიონმა „ვოლფსბურგმა“ ზაფხულში ტრანსფერებში 39 მილიონი ევრო დახარჯა, ხოლო „შალკემ“ - 36 მილიონი (14 ტურის შემდეგ ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის ქვედა ნახევარშია, „შალკე“ კი სულაც გასავარდნ ზონაში ტრიალებს), დორტმუნდელებმა აგვისტოში ახალ ფეხბურთელებში მხოლოდ ხუთნახევარი მილიონი ევრო დახარჯეს.

250-პროცენტიანი პროგრესი ფეხბურთელების ღირებულების თვალსაზრისით - „ბორუსიას“ აქტუალური შემადგენლობის ფასი დღეს უკვე 128.35 მილიონი ავროა! პირველ რიგში კი ცხადია, იაპონელი ნახევარმცველი შინჯი კაგავა უნდა გამოვყოთ. 21 წლის კაგავაში დორტმუნდელებმა ზაფხულში სულ რაღაც 350 000 ევრო გადაიხადეს (იაპონელი BVB-ში „ოსაკადან“ გადავიდა). ვერცხლისწყალივით მოძრავმა და ძალიან ტექნიკურმა, ამავე დროს, შრომისმოყვარე გამთამაშებელმა გერმანიის ჩემპიონატის პირველივე ტურებში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და დღეს მისი ფასი მინიმუმ 5 მილიონია, რაც ფასის 1330 პროცენტით გაზრდას ნიშნავს.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ კაგავა იმედებს გაამართლებდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ ასე მალე გაიბრწყენდა. შინჯის ჩვენთვის უკვე ოქროს ფასი აქვს. თამამად ვიტყვი, რომ ის „ბორუსიასთვის“ შეუცვლელი ფიგურა გახდა,“ - ეს დორტმუნდელთა თავკაც კლოპის სიტყვებია.

არა მარტო კაგავა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ მას მერე, რაც „შავ-ყვითლებს“ კლოპის წვრთნის და გუნდის კონცეფცია მთლიანად შეიცვალა, არაერთ იაფად ნაყიდ ფეხბურთელს მოემატა ფასი და თანაც იმდენად, რომ დღეს, ნებისმიერი მათგანის გაყიდვის შემთხვევაში დორტმუნდელები ერთ დროს დახარჯულ თანხას მინიმუმ ორმაგად ამოიღებენ. მართალია, ამ ფეხბურთელების გაყიდვას „ბორუსიაში“ არავინ აპირებს, მაგრამ მაინც: BVB არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაოს, საფეხბურთო კლუბმა, რომელიც რვა წლის წინ უმძიმეს ფინანსურ კრიზისში იყო და რომელიც ფაქტობრივად გაკონტრების წინაშე იდგა.
კაგავას გარდა, პროგრესირებადი ფეხბურთელებიდან პირველ რიგში გამოსარჩევი ლუკას ბარიოსია - გაპარაგვაელებული არგენტინელი თავდამსხმელი, რომელიც დორტმუნდში 2009 წელს, ჩილედან გადავიდა. 26 წლის ბარიოსში „ბორუსიამ“ თავის დროზე 4.2 მილიონი ევრო გადაიხადა, დღეს კი მისი ფასი მინიმუმ 14 მილიონია. ბარიოსი წინა სეზონშიც „ბორუსიას“ საუკეთესო ბომბარდირი იყო და ამ სეზონშიც უკვე 8 გოლი აქვს გატანილი.

თუმცა როგორც ზემოთაც ვწერდით, კლუბის ხელმძღვანელები ნებისმიერი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვას კატეგორიულად გამორიცხავენ. „გერმანიაში ძალიან ბევრ კლუბს ფეხბურთელის ან სულაც ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება იმისათვის, რომ წლის ბოლოს ბალანსში პლუსი დააფიქსიროს, ჩვენ კი ბოლო წლებში მივაღწიეთ იმას, რომ „ბორუსიას“ ფინანსური მდგომარეობა მდგრადი და ურყევია. ბოლო სამ წელიწადში ხარჯები 59 მილიონით შევამცირეთ, რაც უდიდესი მიღწევაა. ჩვენი გუნდის ფასი 120 მილიონ ევროზე მეტია. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ „დორტმუნდში“ ჯანსაღი სიტუაციაა, რაც ფაქტობრივად არის კიდეც წარმატების გარანტია,“ - აცხადებს BVB-ს მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე.

ასე და ამრიგად, „ბორუსიას“ განაცხადში შეყვანილი 22 ფეხბურთელის საერთო ფასი დღეს 128.35 მილიონი ევროა - მაშინ, როცა ამ ფეხბურთელებში სულ 37 მილიონი ევრო დაიხარჯა. ერთი სიტყვით, დორტმუნდის „ბორუსია“ ბუნდესლიგის ცხრილს მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით როდი ლიდერობს - დორტმუნდელები მოედანს მიღმაც ჩინებულად მუშაობენ.


დორტმუნდელი ფეხბურთელების ფასები

ფეხბურთელი ფასი თავიდან ფასი
ნური შაჰინი უფასო 16 მლნ
ნევენ სუბოტიჩი 4.5 მლნ 15 მლნ
ლუკას ბარიოსი 4.2 მლნ 14 მლნ
მატს ჰუმელსი 4.2 მლნ 10 მლნ
მარიო გიოტცე უფასო 7.5 მლნ
იაკუბ ბლაშჩიკოვსკი 3.05 მლნ 7.5 მლნ
რობერტ ლევანდოვსკი 4.75 მლნ 6 მლნ
მარსელ შმელცერი უფასო 5.5 მლნ
შინჯი კაგავა 0.35 მლნ 5 მლნ
კევინ გროსკროიტცი უფასო 5 მლნ
სვენ ბენდერი უფასო 5 მლნ
სებასტიან კელი 3.2 მლნ 5 მლნ
რომან ვაიდენფელერი უფასო 4.5 მლნ
მოჰამედ ზიდანი 2.8 მლნ 4.5 მლნ
ფელიპე სანტანა 2.1 მლნ 4 მლნ
ლუკაშ პიჟჩეკი უფასო 3 მლნ
პატრიკ ოვომოიელა 2.5 მლნ 3 მლნ
დედე 3.3 მლნ 2.5 მლნ
ტამაშ ჰაინალი 1.25 მლნ 2.5 მლნ
მარკუს ფოილნერი უფასო 1.75 მლნ
ანტონიო და სილვა უფასო 0.6 მლნ
მიტჩელ ლანგერაკი 0.5 მლნ 0.5 მლნ


პირველი პრობლემა: ბარიოსი დაშავდა!

...აი, „ბორუსიას“ პირველი პრობლემაც: დორტმუნდელებს მთავარი გოლეადორი ლუკას ბარიოსი დაუშავდათ. 26 წლის თავდამსხმელმა ტრავმა „გლადბახთან“ მატჩში მიიღო, გუშინ კი ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს, რომლის მიხედვითაც ლუკასი მინიმუმ ორ თამაშს გამოტოვებს, ბუნდესლიგის პირველი წრის დასრულებამდე კი სულ სამი ტურია დარჩენილი. ბარიოსის ტრავმა პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შანსია, რომელიც დორტმუნდელებმა ზაფხულში იყიდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული