მიუხედავად იმისა, რომ საშინელ ფორმაშია და მუდმივად სამარცხვინო შეცდომებს უშვებს, „ბაიერნის“ ხელმძღვანელები ბელგიელ მცველ დანიელ ვან ბუიტენს მაინც ნდობას უცხადებენ. მართალია, მიუნხენელებმა გასულ უქმეებზე „აინტრახტი“ იოლად დაამარცხეს და საწუწუნო არაფერი აქვთ, მაგრამ ვან ბუიტენმა ფრანკფურტელებთან იმდენად სამარცხვინოდ ითამაშა, რომ წესით, ლუის ვან გაალი და რეკორდმაისტერის შეფები მინიმუმ უნდა ანერვიულებულიყვნენ. ლუისმა ბელგიელი მცველი შესვენებაზე შეცვალა, მატჩის მერე კი თქვა, დანიელმა მითხრა, თავს ცუდად ვგრძნობ და მეც შევცვალეო.
„უშეცდომო არავინაა, მათ შორის, არც დანიელ ვან ბუიტენი. ისიც ადამიანია. მოკლედ, ცხოვრება გრძელდება,“ -
როგორც იცით, „ბაიერნში“ მეკარის საკითხი ღიაა. რეკორდმაისტერის კარს ვეტერანი ჰანს-იორგ ბუტი იცავს, რომელსაც „ბაიერნთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, მაგრამ გამოცდილი კიპერი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს და ამბობს, სანამ ასეთ კარგ ფორმაში ვარ, არსადაც არ წავალო. მოგეხსენებათ, მიუნხენური კლუბის შეფები „შალკესა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერზე ოცნებობენ, რომელსაც გელზენკირხენულ კლუბთან ხელშეკრულება 2012 წლამდე აქვს გაფორმებული. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, თუ „შალკე“ ნოიერის სანაცვლოდ ძალიან დიდ ფულს მოითხოვს, მაშინ ბავარიელები მანუელის კონტრაქტის ვადის გასვლას დაელოდებიან.