თომას მიულერი: "არსენალთან" სიფრთხილე გვმართებს!

AutoSharing Option
ისევე, როგორც მთელი "ბაიერნი", თომას მიულერიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. "კიკერში" 24 წლის შემტევი ნახევარმცველის საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მიულერი მიუნხენური გრანდის დომინაციის გარდა, ჩემპიონთა ლიგასა და მომავალ მეტოქეზე, ლონდონის "არსენალზეც" საუბრობს.

"მეთოფეებს" ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ეფექტურ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. ჩემი აზრით, "არსენალი" ყველაზე ძლიერია იმ გუნდებს შორის, რომლებსაც შეიძლებოდა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შევხვედროდით. ამდენად, მიმაჩნია, რომ ლონდონელებთან დიდი სიფრთხილე გვმართებს,"
- აცხადებს მიულერი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

თუმცა, თომასის აზრით, "ბაიერნი" იმდენად ძლიერია, რომ ვალდებულია, ეს
ლონდონური კლუბის ბარიერი გადალახოს: "ცხადია, რომ "ბაიერნი" უფრო ძლიერია, რაც იმას ნიშნავს, რომ "არსენალი" უნდა გავიაროთ. ვფიქრობ, რომ წელს შარშანდელზე უკეთესი გუნდი გვყავს და აქედან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის თასისკენ მიმავალი გზა მხოლოდ "ბაიერნზე" გადის!"

შეგახსენებთ, რომ თომას მიულერი "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში თავდაპირველად ლუის ვან გაალის დროს გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო მწვრთნელებმა, ჯერ იუპ ჰაინკესმა, ახლა კი ხოსეპ გვარდიოლამ რეკორდმაისტერის ტაქტიკური სქემა მნიშვნელოვნად შეცვალეს, მიულერი ყველა მწვრთნელის ხელში "ბაიერნის" შეუცვლელი ფეხბურთელი იყო და ასეთად რჩება.

"მას მერე, რაც პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი, ყველა მწვრთნელი სხვადასხვა პოზიციაზე მათამაშებდა. უშუალოდ მატჩის დროსაც ხშირად მიცვლიან პოზიციას - ხან მარჯვენა გარემარბი ვარ, ხან - მარცხენა, ხან გამთამაშებელი ვარ, ხანაც - ცენტრფორვარდი. მთავარი ისაა, რომ თავს ნებისმიერ პოზიციაზე შესანიშნავად ვგრძნობ!"
- ამბობს თომასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული