გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: ათამაშებს პეპ გვარდიოლა შვაინშტაიგერს?

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" ისეთ ფორმაშია, რომ ნებისმიერ შეხვედრაში ფავორიტად მიიჩნევა - მით უმეტეს, უკრიტიკულეს მდგომარეობაში მყოფ "ჰამბურგთან", რომელსაც რეკორდმაისტერი 12 თებერვალს, გერმანიის თასის მეოთხედფინალში სტუმრობს.

ჩრდილოგერმანულ კლუბში სრული ქაოსია - ჰამბურგელებმა სამშაბათს გვიანობამდე ისიც კი არ იცოდნენ, მეორე დღეს გასამართ მატჩში გუნდის მთავარი მწვრთნელი ისევ ბერტ ვან მარვეიკი იქნებოდა თუ ვინმე სხვა... უფრო სწორად, ფელიქს მაგათი, რომლის კანდიდატურა "ჰამბურგის" თავკაცის პოსტზე აქტიურად განიხილება და დიდი შანსია, რომ როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, "დესპოტი ფელიქსი" უკვე დანიშნულიც კი იყოს...

მიუხედავად ყოველივე ზემოთ
თქმულისა, "ბაიერნის" დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა შეგირდებს მაინც აფრთხილებს - პეპის თქმით, "ჰამბურგი" არც ისე სუსტია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ერთ მშვენიერ დღეს "ჰამბურგს" "ბაიერნის" დამარცხება ხელეწიფება და თანაც, იოლი წარმოსადგენია, რამხელა შვება იქნება კრიზისში მყოფი ჩრდილოელებისთვის თასზე "ბაიერნის" დამარცხება.

ექვსი მარცხი, ორი ფრე - ეს "ჰამბურგის" ბოლოდროინდელი სტატისტიკაა "ბაიერნთან". წინა სეზონში რეკორდმაისტერმა "ჰამბურგი" სულაც 9:2 გაანადგურა, მაგრამ გვარდიოლას წარსული არ აინტერესებს:

"ყველა შეხვედრა 0:0-დან იწყება და მე ვიცი, რომ "ჰამბურგი" ნამდვილად არ არის ისეთი უხარისხო გუნდი, როგორც ეს ბუნდესლიგის ამჟამინდელი ცხრილიდან ჩანს!
- აცხადებს პეპი და დასძენს, - "ჰამბურგში" ახლა ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ეს გუნდი ასეთ სიტუაციაში უფრო სახიფათოა."

მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ "ჰამბურგიდან", პირველ რიგში, კაპიტანი რაფაელ ვან დერ ვაარტი და თავდამსხმელი პიერ-მიშელ ლასოგა გამოარჩია. პეპის აზრით, მარტო ამ ორი ფეხბურთელის გვარის დასახელებაც საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდეთ: "ჰამბურგი" არც ისე უსუსურია.

საინტერესოა, როგორი იქნება მიუნხენური გრანდის ძირითადი შემადგენლობა. არის შანსი, რომ "ბაიერნის" ქომაგებმა საყვარელი გუნდის რიგებში კვლავ იხილონ ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელმაც ტრავმა უკვე სრულად მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა. იასპარეზებს თუ არა შვაინი, ეს ახლა მხოლოდ გვარდიოლაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ტონი კროოსს: ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, გვარდიოლას ეს უკანასკნელი დასჯილი ჰყავს. ამგვარ მოსაზრებას საფუძვლად ის ფაქტები უდევს, რომ პეპმა კროოსი ბოლო ორ შეხვედრაში არ ათამაშა, მანამდე კი, "შტუტგარტთან" შეცვლის დროს კროოსმა პეპს ხელთათმანები ცხვირწინ დაუხეთქა. პეპი კროოსზე განაწყენებას უარყოფს:

"ბოლო ორივე შეხვედრაში სხვადასხვანაირად ვითამაშეთ და კროოსის სკამზე დატოვება მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილება გახლდათ. ტონი "ბაიერნისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. როცა ყველა გამოჯანმრთელდება, სულ უფრო და უფრო მეტ წამყვან ფეხბურთელს მოუწევს ხანდახან სკამზე დაჯდომა.

ყოველი თამაშის წინ მეტოქეს კარგად ვაანალიზებ და ძირითად შემადგენლობას ამ ანალიზის მიხედვით ვირჩევ. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში პირველად არ ხდება ისე, რომ ვიღაც ჩემს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. როცა ფეხბურთელი არ თამაშობს, ლოგიკურია, რომ მწვრთნელზე ნაწყენია, მაგრამ მწვრთნელისთვის და ყველასათვის უმთავრესი გამარჯვებაა,
" - ამბობს გვარდიოლა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" ამ სეზონში წაგება არ აქვს. გვარდიოლას ეს ძალიან მოსწონს და ღიმილით ამბობს: "ადრე თუ გვიან ჩვენც წავაგებთ. ამაზე არ ინერვიულოთ..."

გერმანიის თასი. 1/4-ფინალი
11 თებერვალი
აინტრახტი-ბორუსია 0:1
გოლი: 0:1 პიერ-ემერიკ ობამეიანგი (83).

12 თებერვალი
ჰამბურგი-ბაიერნი 23:30
სავარაუდო შემადგენლობები
ჰამბურგი (4-2-2-1-1): ადლერი - დიკმაიერი, თაა, ლ. ზობიეხი, იანსენი - ბადელი, რინკონი - ილიჩევიჩი, ოლა ჯონი - ვან დერ ვაარტი - ჩალჰანოღლუ.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - თ. მიულერი, ტიაგო ალკანტარა, ტ. კროოსი, გიოტცე - მანჯუკიჩი.

ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 22:00
ლევერკუზენი-კაიზერსლაუტერნი 22:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აინტრახტი-ბორუსია 0:1. იურგენ კლოპი: უკეთესად, უბრალოდ, შეუძლებელია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული