კლუბი ფოკუსში - "შალკე": იენს კელერის რევოლუცია

AutoSharing Option
"შალკე" კარგი გუნდი რომ არის, ამაში ეჭვი ამ სეზონში არავის შეჰპარვია, მაგრამ გელზენკირხენელებმა ბუნდესლიგის პირველი წრე იმდენად არასტაბილურად ჩაატარეს, რომ დეკემბრის მეორე ნახევარში ჩვენი გერმანელი კოლეგების უმრავლესობა "შალკეს" მთავარი მწვრთნელის, იენს კელერის თანამდებობიდან გათავისუფლებას წინასწარმეტყველებდა.

ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს "შალკეს" თავკაცად თომას შააფი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ გელზენკირხენულ კლუბში სამწვრთნელო გადაადგილება არ მოხდა - ბოსებმა 43 წლის კელერი პოსტზე დატოვეს და ნახეთ, "შალკემ" სეზონის მეორე ნახევარი შესანიშნავად დაიწყო.

დღესდღეობით, გელზენკირხენში დეკემბრის კრიტიკა აღარავის ახსოვს. კელერის ბიჭებმა მეორე წრის ოთხივე შეხვედრა მოიგეს (ასეთი
შედეგი ბუნდესლიგაში, "შალკეს" გარდა, მხოლოდ "ბაიერნს" აქვს), რითაც "ხუმარები" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებელ გზას ადგანან და თუ ასე გააგრძელეს, მალე "ლევერკუზენსაც" ჩამოიტოვებენ და პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან.

რა შეცვალა კელერმა? რა შეიცვალა "შალკეში" დეკემბრის შემდეგ?

ფერმანი კარში
იენს კელერის ერთ-ერთი უპირველესი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ზამთარში ის იყო, რომ მან 25 წლის მეკარე რალფ ფერმანი ახალ პირველ ნომრად ოფიციალურად გამოაცხადა. "შალკემ" ბოლო რვა შეხვედრაში მხოლოდ სამი გოლი გაუშვა! კაპიტანი ბენედიქტ ჰიოვედესი ამბობს: "რალფი ძალიან მაგარი გოლკიპერია, რასაც უკვე ყველა შეხვედრაში ამტკიცებს."

ჯონსი ბეშიქთაშში წავიდა
ჯერმაინ ჯონსი სულაც არ არის ცუდი საყრდენი ნახევარმცველი; მეტიც, 32 წლის ფეხბურთელი ლიდერის სულისკვეთებითაც გამოირჩევა, მაგრამ ჯონსი პრობლემატური ტიპია, რაც ადრეც არაერთხელ დაუმტკიცებია. ახლა კი გელზენკირხენში ყველა დარწმუნდა, რომ მისი სახით ბალასტი მოიშორეს. ჯონსმა იანვარში "ბეშიქთაშს" მიაშურა და მისი წასვლის შემდეგ "შალკეს" სხვა ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს "ხელ-ფეხი და ტვინი გაეხსნათ".

მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი ამბობს, ახლა მოედანზე ერთის ნაცვლად უკვე ბევრი ლიდერი გვყავსო.

კევინ პრინს ბოატენგი საყრდენად
კელერმა 26 წლის კევინ-პრინს ბოატენგი გამთამაშებლის პოზიციიდან კლასიკური საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დახია, სადაც ეს უკანასკნელი გაცილებით უკეთ და ეფექტიანად ათამაშდა. ბოატენგი არა მარტო მეტოქე გუნდების შეტევებს უმკლავდება, არამედ სიღრმიდან საოცნებო პასებით ამარაგებს ჰუნტელაარსა და კომპანიას.

ჰელდტი: "ნახევარდაცვის ცენტრში ნოიშტედტერისა და ბოატენგის ტანდემი მართლაც შესანიშნავია. კევინი სწორედ იმიტომ ვიყიდეთ, რომ ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში. როგორც ხედავთ, ახლა ყველაზე მეტად საყრდენი ნახევარმცველის რანგში გვჭირდება და ამ პოზიციაზე მართლაც ძალიან კარგად თამაშობს."

ახალგაზრდები
მაიერი 18 წლისაა, გორეტცკა - 19-ის, მატიპი - 22-ის, კოლასინაცი - 20-ის - "ლევერკუზენში" მოგებულ (2:1) მატჩში "შალკეს" ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ოთხმა ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელმა ითამაშა. არ დაგვავიწყდეს, რომ "შალკეს" ჰყავს იულიან დრაქსლერიც...

ფსიქოლოგი
კელერმა იანვრიდან "შალკეში" ფსიქოლოგი ტერეზა ჰოლსტი დაასაქმა, რომელიც უშუალოდ ფეხბურთელებთან მუშაობს. ჰელდტის თქმით, ეს უკანასკნელი თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს და გუნდის წარმატებებში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული