გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტურის შეჯამება: გვარდიოლას ბუნდესლიგა მოსწყინდა?

AutoSharing Option
20 მოგება, 2 ფრე, არც ერთი მარცხი და 19-ქულიანი უპირატესობა ჯერ კიდევ მეორე ადგილზე მყოფ "ლევერკუზენთან" - "ბაიერნი" მიფრინავს და რეკორდს რეკორდზე ამყარებს.

ჰანოვერში მოპოვებული გამარჯვება რეკორდმაისტერისთვის ზედიზედ მე-14 იყო ბუნდესლიგაში და ზედიზედ მე-14 შეხვედრაში მოახერხეს ბავარიელებმა მინიმუმ 2 გოლის გატანა. ასეთი შედეგით აქამდე გერმანიაში მხოლოდ დორტმუნდის "ბორუსია" იკვეხნიდა - "შავ-ყვითლებმა" ეს 1995 წელს შეძლეს.

მიუნხენელებს ბუნდესლიგაში მოგებები არ სწყინდებათ. აი, მათ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას კი "ჰანოვერთან" მატჩის (4:0) წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისეთი რამ წამოსცდა, რის გამოც მერე, ფაქტობრივად, ბოდიშები
იხადა. "ჩემპიონთა ლიგა გემრიელი ვახშამივითაა, ბუნდესლიგა კი ისეთია, ყოველდღე პიცას და ჰამბურგერს რომ მიირთმევდე," - თქვა პეპმა.

ამის გამო ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ესპანელი სპეციალისტი გააკრიტიკეს, რის გამოც პეპმა "ჰანოვერთან" შეხვედრის შემდეგ, ფაქტობრივად, ბოდიში მოიხადა: "მიუნხენში გამართულ პრესკონფერენციაზე ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგა საჭმელებს შევადარე. მე მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებს ვაქებდი. არ მინდა, რომ ვინმემ რამე არასწორად გაიგოს - ის სიტყვები მხოლოდ ქებას ემსახურებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდმა წინა სეზონში ყველაფერი მოიგო, ოდნავადაც არ ეტყობა მოდუნება და ყოველ კვირას, ხანდახან კვირაში ორჯერაც, ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს. ბევრისგან მსმენია, ეს ნორმალურიაო, მაგრამ ეს მართლა არ არის ნორმალური, ამ ყველაფერს მოხერხება უნდა!


არ ვიცი, ვის უყვარს პიცა და ვის არა, ფაქტი ის არის, რომ ჩვენთვის გერმანიის ჩემპიონობა ნომერ პირველი მიზანია. ასე რომ, მე მხოლოდ ვაქებდი როგორც ჩემს შეგირდებს, ასევე ბუნდესლიგას. გერმანულად სრულყოფილად ვერ ვსაუბრობ და შესაძლოა, ეს გაუგებრობა ამის ბრალიც იყოს."


სლომკამ "ჰამბურგი" გამოაცოცხლა
შაბათს "ჰამბურგმა" მთელი საფეხბურთო გერმანია (და არამარტო გერმანია) გააოცა: ახალი მწვრთნელით შვიდმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. "დორტმუნდის" განადგურების შემდეგ მირკო სლომკას თამამად შეეძლო, მიღწეულით მაქსიმალურად დამტკბარიყო, მაგრამ არა - 46 წლის მწვრთნელმა შეგირდებზე ზეწოლა განაგრძო.

"დამთავრდა თუ არა "დორტმუნდთან" მატჩი, ფეხბურთელებს ამოსუნთქვაც არ ვაცადე - მაშინვე ყველანი შევთანხმდით, რომ შრომას ზუსტად ისეთი კონცენტრაციით გავაგრძელებთ, როგორც წინა კვირაში ვშრომობდით. სეზონის ბოლომდე ყოველდღე მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ეს მხოლოდ პირველი იყო იმ 13 ნაბიჯიდან, რომელიც სეზონის ბოლომდე ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად უნდა გადავდგათ,"
- აღნიშნა სლომკამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

რთული დასაჯერებელია, რომ მირკომ "ჰამბურგის" ფეხბურთელებს სირბილი და ბრძოლა ერთ კვირაში ასწავლა, მაგრამ ფაქტია, რომ "დორტმუნდთან" სულ სხვა, მართლა მეომარი გუნდი ვიხილეთ. "ბორუსიასთან" შეხვედრაში ჰამბურგელებმა ჯამში 114.6 კილომეტრი ირბინეს. მართალია, ბუნდესლიგისთვის ეს საუკეთესო შედეგი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტია იმ მონაცემებზე, რაც ჰამბურგელებმა წინა შეხვედრებში, "ბრაუნშვაიგთან" (110.3 კმ) და "ჰერტასთან" (110.0 კმ) დააფიქსირეს.

"მწვრთნელმა წინა კვირაში სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენა და ყველამ დავინახეთ, რომ თითქმის ყველა დისციპლინაში ბოლო ადგილზე ვიყავით. როგორც ჩანს, ამან გუნდზე დადებითად იმოქმედა,"
- ეს რენე ადლერის სიტყვებია, რომელიც "ბრაუნშვაიგთან" საკუთარი თავის აჩრდილი იყო და ოთხიდან სამი მიღებული გოლი მის სინდისზე გახლდათ, "დორტმუნდთან" კი ისევ ძველ ადლერად მოგვევლინა.

სლომკამ ძირითადი შემადგენლობაც შეცვალა - სასტარტოში ექვსი ახალი ფეხბურთელი ათამაშა, რომლებმაც მადლობა მაქსიმალური თავდადებით გადაუხადეს. "დორტმუნდთან" ყველაზე მეტი ჩალჰანოღლუმ, ირაჩეკმა, არსლანმა, ბადელიმ და რინკონმა ირბინეს. ირაჩეკი საერთოდ ცალკე სასაუბრო თემაა: მას ვან მარვეიკის ხელში ამ სეზონში მოედანზე მხოლოდ 55 წუთი ჰქონდა გატარებული, "დორტმუნდთან" კი ძირითადში მოხვდა და არა მარტო ანგარიში გახსნა, არამედ თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტი აჩქარება (31) გააკეთა.

შესანიშნავი იყო დაცვის ბურჯად გამწესებული სლობოდან რაიკოვიჩიც - სერბმა, რომელსაც ვან მარვეიკი აღარ ენდობოდა, ორთაბრძოლების 73% მოიგო, რაც "ჰამბურგში" საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

XXII ტურის გმირი
რაფაელ შეფერი (ნიურნბერგი)

13 წელია, პროფესიონალი ფეხბურთელია, პირველ ბუნდესლიგაში 262 მატჩი აქვს ჩატარებული, მეორეში - 67. ელიტიდან გავარდა, მერე ისევ დაბრუნდა და გერმანიის თასის მოგებაც კი მოახერხა. წესით, უნდა ვთქვათ, რომ ამ კაცს ამ ტურამდე ყველაფერი ჰქონდა ნანახი, მაგრამ... "ეს ისეთი თამაში იყო, რომლის მსგავსშიც კი აქამდე არასდროს მიასპარეზია," - აღიარა "ნიურნბერგის" 35 წლის მეკარემ შაბათს.

რაფაელ შეფერმა "ბრაუნშვაიგთან" ორი პენალტი მოიგერია და ლომის წილი დაიდო იმაში, რომ კაცნაკლულმა "ნიურნბერგმა" "ბრაუნშვაიგთან" თამაშის სათავისოდ შეტრიალება მოახერხა.

საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 14 2.08
2. ფილიპ ლამი ბაიერნი 20 2.58
3. ტონი კროოსი ბაიერნი 20 2.63
4. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 22 2.66
5. მარკო როისი დორტმუნდი 21 2.70
6. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გლადბახი 22 2.70
7. სიდნი სემი ლევერკუზენი 16 2.75
8. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 20 2.75
9. რაფაელ შეფერი ნიურნბერგი 22 2.77
10. იომერ თოფრაქი ლევერკუზენი 19 2.82

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 22 14 9 23
2. ადრიან რამოსი ჰერტა 22 14 6 20
3. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 21 11 8 19
4. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 20 13 4 17
5. თომას მიულერი ბაიერნი 21 10 7 17
6. მარკო როისი დორტმუნდი 21 8 9 17
7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 14 7 10 17
8. პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 21 13 2 15
9. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 17 8 7 15
10. ანდრე ჰანი აუგსბურგი 21 10 5 15

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული