ბაიერნი ზედმეტად რბილი და ფაქიზია!

AutoSharing Option

რვა წელია, შტეფან ეფენბერგი მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანი აღარ არის, მაგრამ დღესაც ისე ლაპარაკობს, როგორც რეკორდმაისტერის გუნდის თავი. 42 წლის ეფეს მიუნხენური გრანდი არ მოსწონს და სხვათა შორის, მაინცდამაინც არც შარშან მოსწონდა - მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნმა“ გერმანიაში დუბლი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა. გუშინწინ ეფენბერგი ტელეკომპანია „სქაის“ თოქ-შოუში იყო მიწვეული, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო მსოაზრება გამოთქვა.


- „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში საკუთარი თავის აჩრდილია. როგორ ფიქრობთ, რატომ დაემართა ეს მიუნხენურ კლუბს?
- იმიტომ, რომ ფეხბურთელები კიდევ ერთხელ დანაყრდნენ. როგორც ჩანს, გერმანიის

ჩემპიონობამ, თასის მოგებამ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლამ მოთამაშეთა უმეტესობას მოტივაცია დააკარგვინა. ფაქტია, რომ „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. საკმარისი იყო, „შალკესთან“ მატჩის დროს ული ჰიონესისა და კარლ-ჰაინც რუმენიგეს სახეები დაგენახათ, რომ მაშინვე მიხვდებოდით, რაშიცაა საქმე. ზოგადად, ეს „ბაიერნი“ ჩემი აზრით ზედმეტად რბილი, მშვიდი და ფაქიზია. ჩემ დროს ასეთ კრიზისში რომ ვყოფილიყავით, თითოეული ფეხბურთელი თავს ძალიან ცუდად იგრძნობდა.

- „ბაიერნის“ კაპიტანი მარკ ვან ბომელი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მაგიდაზე მუშტები დააბრახუნოს...
- ვან ბომელი ძალიან დიდხანს იყო ტრავმირებული და გამოჯანმრთელების შემდეგ, ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ „ბაიერნის“ ლიდერი სწორედ მარკია. ის რეკორდმაისტერის ღირსეული კაპიტანია, მაგრამ რაც არ უნდა ეცადოს, მარტო ვერაფერს გახდება. როცა გუნდში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ყვირის, ეს უაზრობაა და თანაც, ძალიან იდიოტურად გამოიყურება. თუ გახსოვთ, ჩემ დროს მე არ ვიყავი ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც საჭიროების შემთხვევაში ხმას იმაღლებდა. ვფიქრობ, ვან ბომელს ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერიც უნდა მიეხმარონ. გუნდი ახლა ისეთ ფაზაშია, როცა წამყვან ფეხბურთელებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ინტერვიუების ჩამორიგება იმ დროს, როცა გუნდი თამაშებს იგებს, ძალიან ადვილია. როცა ლიდერი და წამყვანი ფიგურა გქვია, ხმის აწევა კრიზისის დროს უფრო მოგეთხოვება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ლუის ვან გაალმა „ბაიერნში“ შესაძლებლობები უკვე ამოწურა?
- სამი-ოთხი თვის წინ მიუნხენში ყველა ბედნიერი იყო. ოთხი თვე ძალიან მცირე დროა იმისათვის, მწვრთნელს, რომელსაც წინა სეზონში ბრწყინვალე შედეგები ჰქონდა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანო. ჩემი აზრით, ლუისს „ბაიერნის“ ფეხზე წამოყენება შეუძლია. ვან გაალი რეკორდმაისტერისთვის ზედგამოჭრილი მწვრთნელია!

- თომას მიულერს ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებენ, აშკარად მოუკლოო...
- მე თუ მკითხავთ, მიულერი ნახევარდაცვის ცენტრში უნდა თამაშობდეს, რადგან ცენტრიდან გაცილებით სახიფათოა. თომასს შეუდარებელი ინსტიქტი აქვს, ვან გაალი კი, როცა ფლანგზე ათამაშებს, მისი შესაძლებლობების მხოლოდ ნახევარს იყენებს. მიულერი არ არის ფლეიმეიკერი, მან ან მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე უნდა ითამაშოს, ანაც ცენტრფორვარდის უკან. მიკვირს, რომ ვან გაალი უმეტესად მაინც ფლანგზე ათამაშებს ხოლმე.

- მანუელ ნოიერის „ბაიერნში“ გადასვლას მიესალმებოდით?
- რა თქმა უნდა! მიუნხენელები ნოიერზე უკეთეს კიპერს ვერ იპოვნიან. ტრანსფერის უმთავრესი პლუსი ის იქნება, რომ მიუნხენურ კლუბს ათი წლის მანძილზე მეკარეზე ფიქრი აღარ მოუწევს. და საერთოდ: „ბაიერნს“ ისეთი მეკარე სჭირდება, რომელსაც თავისი სახე აქვს.

- სჭირდებათ თუ არა ბავარიელებს ზამთარში გაძლიერება?
- ჩემი აზრით, მიუნხენელებს თამამად შეუძლიათ 30 ან 40 მილიონის დახარჯვა. ვფიქრობ, ეს აუცილებელიცაა, რათა გუნდმა პროგრესი განიცადოს. გუნდს გაძლიერება პირველ რიგში დაცვის ხაზში სჭირდება.

- დაბოლოს: მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდება, 2022 წლის მუნდიალი კი ყატარში...
- ყატარი აბსოლუტურად არასაფეხბურთო ქვეყანაა. მსოფლიოს ჩემპიონატი უდიდესი საფეხბურთო ზეიმია, რომელიც მხოლოდ იმ ქვეყანაში უნდა ჩაატარო, რომელსაც მდიდარი საფეხბურთო ტრადიციები აქვს. ყატარში დიდი საფეხბურთო ზეიმი არ შედგება. რაც შეეხება რუსეთს, არც ეს ქვეყანაა იდეალური მუნდიალისთვის, მაგრამ გარკვეული საფეხბურთო ტრადიციები გააჩნია და ყატართან შედარებით, რუსეთს კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ როცა ვიცი, რომ რუსეთის კონკურენტი ფეხბურთის სამშობლო ინგლისი იყო, ჩემთვის აქ მთავრდება დისკუსია. ესპანეთზე, პორტუგალიაზე და ჰოლანდიაზე აღარაფერს ვამბობ...

 

 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული