იქნებ დორტმუნდში დაუკრან?

AutoSharing Option

ეს არის პირველი წრის ბოლოსწინა ტური, რომელიც გრანდიოზულ სუპერმატჩს არ გვთავაზობს, მაგრამ ყველა შეხვედრა საინტერესოა. დორტმუნდის „ბორუსია“ უკვე შემოდგომის ჩემპიონია. ერთი კვირის წინ გაირკვა, რომ იურგენ კლოპის გუნდს ამ ახალ წლამდე ლიდერობას ვეღარავინ დააკარგვინებს. დღეს დორტმუნდელები „ვერდერს“ მასპინძლობენ და ქულათა აქტივის კიდევ უფრო გაზრდის შანსი აქვთ. მეორე ადგილისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში რეაქციებს დრეს „ლევერკუზენისგან“ (ჰამბურგში ჩადის) და ხვალ „მაინცისგან“ („შალკეს“ მასპინძლობს) ველით. „ბაიერნი“ „ზანქტ პაულის“ მასპინძლობს და წესით, მოგება არ უნდა გაუჭირდეს.


დამაინც: საით მიდის ჰამბურგი?
„ჰამბურგმა“ ბოლო ოთხი საშინაო მატჩიდან

სამი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, გასვლით მატჩებში კი წარმატებებს ვერ აღწევს. ამრიგად, ჩრდილოელები დღეს ისევ შეეცდებიან საკუთარი პუბლიკის გახარებას, ოღონდ ამჯერად მიზნის მიღწევა უნდა გაუჭირდეთ, რადგან მეტოქე „ლევერკუზენია“ - გუნდი, რომელიც ამ სეზონში სტუმრად უფრო უკეთ თამაშობს ხოლმე (5/2/0), ვიდრე სახლში. წინა ტურში „ფარმაცევტებმა“ საკუთარ „ბაი არენაზე“ „კიოლნთან“ დერბი რომ მოიგეს, ეს გამარჯვებაც ფორტუნას დამსახურება იყო.

„კიოლნი“ ვახსენეთ და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ „თხებში“ ფეთქებადი სიტუაციაა. მართალია, ლუკას პოდოლსკიმ და კომპანიამ ლევერკუზენში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ მაინც: „კიოლნი“ ბოლოსწინა ადგილზეა და გვირაბის ბოლოს სინათლეს ჯერ ვერ ხედავს. დღეს „კიოლნი“ „აინტრახტს“ მასპინძლობს - გუნდს, რომელიც ხანგრძლივი „აიწონა-დაიწონის“ მერე მერვე ადგილზეა დამკვიდრებული. თანაც, ფრანკფურტელები კიოლნში დიდი ამბიციებით ჩადიან. აღსანიშნავია, რომ წინა ტურში „აინტრახტმაც“ დერბი გადაიტანა, ოღონდ „კიოლნისგან“ განსხვავებით, მოიგო (2:1 მაინცთან). აქვე იმასაც გეტყვით, რომ „აინტრახტს“ კიოლნიდან სამი ქულა 1994 წლის მერე (3:2) აღარ წაუღია.


„პაული“ „ბაიერნისთვის“ მხოლოდ სპარინგ-პარტნიორია?
„ბაიერნი“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, რაც რეკორდმაისტერისთვის ძალიან ცუდი შედეგია. მიუნხენელი ქომაგები მხოლოდ იმით თუ იქნებიან კმაყოფილები, რომ საკუთარ მოედანზე მოპოვებული ქულების მიხედვით შედგენილ ცხრილში ლიდერები არიან. ერთადერთი გუნდი, რომელმაც მიუნხენიდან სამი ქულის წაღება მოახერხა, „მაინცი“ იყო. დღეს რეკორდმაისტერის მეტოქე „ზანკტ პაულია“, რომელმაც ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი წააგო. მოკლედ, ფავორიტის ვინაობა ულაპარაკოდ გარკვეულია. სიახლე ის არის, რომ გუშინ მარიო გომესი მიუნხენელთა განაცხადიდან ამოვარდა - ლუის ვან გაალის განკარგულებაში მყოფ უკანასკნელ ცენტრფორვარდს გრიპი აქვს და დღეს ვერ ითამაშებს. რაკი მიროსლავ კლოზე და ივიცა ოლიჩიც ლაზარეთში არიან, ჰოლანდიელი სპეციალისტი იძულებული იქნება, ცენტრფორვარდის პოზიციაზე თომას მიულერი ათამაშოს.

შაბათს ნაშუადღევს გასამართ კიდევ ორ მატჩში ერთმანეთს ცხრილის შუაში მყოფი გუნდები უპირისპირდებიან. „ნიურნბერგს“ ცხრილის ამ ნაწილიდან ამოვარდნის საფრთხე ემუქრება, რადგან ფრანკები „ჰოფენჰაიმს“ ხვდებიან და ბოლო ოთხი თამაში წაგებული აქვთ. მეზობლების მეორე დუელი კი კაიზერსლაუტერნში შედგება, სადაც „ვოლფსბურგი“ ჩადის. ორივე გუნდს 17 ქულა აქვს, ოღონდ, „კაიზერსლაუტერნში“ ეს წარმატებად ითვლება, „ვოლფსბურგში“ კი წარუმატებლობად. „მგლებმა“ ზედიზედ ოთხი ფრე დააფიქსირეს და მე-13 ადგილს ტკეპნიან.


დორტმუნდი თავდაჯერებული ვერდერის წინააღმდეგ
ბრემენის „ვერდერი“ ჩემპიონთა ლიგას სერიოზული წარმატებით დაემშვიდობა (3:0 „ინტერთან“), მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მილანელებმა ბრემენში მეორე შემადგენლობით ითამაშეს. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის მიწურულს „ვერდერს“ სტაბილურობა დაეტყო. და სწორედ ამ დროს სტუმრობენ „მუსიკოსები“ ლიდერ დორტმუნდის „ბორუსიას“, რომელისგან წაფორხილებას უკვე აღარავინ ელოდება. 14-მატჩიანი წაუგებელი სერია, სარეკორდო 40 ქულა 15 ტურის შემდეგ, ყველაზე მეტი გატანილი გოლი (37) და ყველაზე ნაკლები გასვებული (9) და ეს ყველაფერიც არ არის. „კიკერის“ შეფასებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ექვსი საუკეთესო ფეხბურთელიდან ხუთი დორტმუნდელია. ერთი სიტყვით, შემოდგომის ჩემპიონი ულაპარაკოდ ფავორიტია, მაგრამ ვინ იცის, იქნებ „ვერდერმა“ ბოლოს და ბოლოს გამოაჩინოს ფხა, რომელიც ამ გუნდს ნამდვილად აქვს.

შალკეს ბუნდესლიგა მოენატრა
თამამად ვიტყვით: ბუნდესლიგის ყველაზე ორგანიზებული გუნდი დღესდღეობით „ფრაიბურგია“, რომელიც მეხუთე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ სათამაშო კლასი არ ჰყოფნის საიმისოდ, რომ უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. ხვალ ბრაისგაუელები სამარცხვინო აუტსაიდერ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მასპინძლობენ და რა თქმა უნდა, ფავორიტად არიან მიჩნეულები. „ფრაიბურგს“ ამ თამაშის მოგებით 27 ქულის დაგროვება შეუძლია, რაც ერთით მეტი იქნებოდა ქულების იმ რაოდენობაზე, რომელიც „ფრაიმ“ 2009/10 წლების სეზონში მოიპოვა.

„შალკემ“ ჩემპიონთა ლიგაში დაამტკიცა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლია - გელზენკირხენელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში ომახიანად შეაბიჯეს. „ახლა ბუნდესლიგაშიც უნდა მოვიგოთ. წინა ტურში „ბაიერნი“ დავამარცხეთ და დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, გერმანიის ჩემპიონატსაც უდიდესი მობილიზებით მივუდგეთ. „მაინცთან“ უნდა მოვიგოთ,“ - აცხადებს „შალკეს“ ნახევარმცველი ხოსე მანუელ ხურადო. თუმცა „ხუმარებს“ ამ სეზონში ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი გასვლითი მატჩი აქვთ მოგებული (2:1 ფრაიბურგში). „შალკეს“ სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ ფელიქს მაგათი სამწვრთნელო კარიერაში „მაინცთან“ არასდროს დამარცხებულა (5/2/0), მაგრამ ნურც ის ამბავი დაგვავიწყდება, რომ „მაინცი“ წელს სულ სხვა გუნდია.

ჰანოვერი-შტუტგარტი 2:1


დღეს

ბაიერნი-ზტ. პაული 18:30
დისკვალიფიკაცია: თორანდტი (ზტ. პაული)
ტრავმა: ზატელმაიერი, რობენი, კლოზე, ოლიჩი, გომესი - დაუბე


ჰამბურგი-ლევერკუზენი 18:30
ტრავმა: დიკმაიერი, მატიისენი, შტეპანეკი, კასტელენი, იანსენი, კაჩარი, პეტრიჩი - ბალაკი, კისლინგი


ჰოფენჰაიმი-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ვორსა - პინოლა
ტრავმა: შტარკე, შიმუნიჩი, ვაისი, ობასი - ნილსონი, ბუნიაკუ


კიოლნი-აინტრახტი 18:30
ტრავმა: იანულისი, იშიაკუ - ნიკოლოვი, კრისი, ფრანცი, ბაირამოვიჩი, როდე


კაიზერსლაუტერნი-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ლაკიჩი (კაიზ.)
ტრავმა: შიმუნეკი - ა. ფრიდრიხი, ჯონსონი, გრაფიტე, მანჯუკიჩი


ბორუსია (დ)-ვერდერი 21:30
დისკვალიფიკაცია: უგო ალმეიდა (ვერდ.)
ტრავმა: ოვომოიელა, კელი, კრინგე - ფანდერი, ბიონიში, ნალდო, ბოროვსკი, იკენგი, ტრინკსი, ვესლი


ხვალ
ფრაიბურგი-ბორუსია (მ) 18:30
დისკვალიფიკაცია: როისი, ბობადილია (ბორუსია მ)
ტრავმა: პუპლინი, კრმასი, ტოპრაკი, ბეხმანი - ბეილი, ანდერსონი, დანტე, ჟორე, იანტშკე


მაინცი-შალკე 20:30
დისკვალიფიკაცია: ზაბავნიკი (მაინ.)
ტრავმა: სვენსონი, შიმაკი - ჰოოგლანდი, მორიტცი


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 15 13 1 1 37-9 40
2. მაინცი 15 10 0 5 26-16 30
3. ლევერკუზენი 15 8 5 2 29-21 29
4. ჰანოვერი 15 9 1 5 22-23 28
5. ფრაიბურგი 15 8 0 7 20-23 24
6. ჰოფენჰაიმი 15 6 5 4 29-19 23
7. ბაიერნი 15 6 5 4 23-17 23
8. აინტრახტი 15 7 2 6 23-20 23
9. ჰამბურგი 15 6 3 6 23-23 21
10. ვერდერი 15 5 4 6 22-31 19
11. ნიურნბერგი 15 5 3 7 18-26 18
12. კაიზერსლაუტერნი 15 5 2 8 25-26 17
13. ვოლფსბურგი 15 4 5 6 22-23 17
14. ზტ. პაული 15 5 2 8 14-23 17
15. შალკე 15 4 4 7 21-24 16
16. შტუტგარტი 15 3 3 9 28-28 12
17. კიოლნი 15 3 3 9 17-30 12
18. ბორუსია (მ) 15 2 4 9 25-42 10


ბომბარდირები: 13 - გეკასი (აინტრახტი); 11 - პ. სისე (ფრაიბურგი); 9 - გომესი (ბაიერნი), ჯეკო (ვოლფსბურგი), უგო ალმეიდა (ვერდერი), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი); 8 - ბარიოსი (ბორუსია დ.)

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული