რაკი „ბორუსიამ“ მე-16 ტურშიც მოიგო (2:0 „ვერდერთან“), დორტმუნდული კლუბი გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმაც ჩემპიონად გამოაცხადა.
„ბორუსია“ დაუმარცხებელი გუნდია. იურგენ კლოპის გუნდი იმდენად სრულყოფილ და გამართულ, რაც მთავარია, წარმატებულ ფეხბურთს თამაშობს, რომ არ ვიცი, რა უნდა დაემართოს ამ გუნდს ისეთი, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონი ვერ გახდეს. ვუყურებ სატურნირო ცხრილს და ეჭვი არ მეპარება, რომ დორტმუნდელები ამ სეზონში გერმანიის ჩემპიონობას იზეიმებენ. დიდი ხანია, რომელიმე გუნდის წარმატებაში ასე დარწმუნებული არ ვყოფილვარ,“ - თქვა ლიოვმა ტელეკომპანია ZDF-ის გადაცემა „აკტუელე შპორტშტუდიოში“ შაბათს.
რთულია,
„დორტმუნდი დღემდე იდეალურ, ფენომენალურ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მთელ სეზონს ასეთ მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებს. საკმარისად დიდი გამოცდილება მაქვს საიმისოდ, რომ ჩემს სიტყვებში დარწმუნებული ვიყო: „ბორუსიას“ მეორე წრეში ნაღდად შეექმნება პრობლემები, დაეწყება კრიზისი და ჩვენ ამით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ,“ - უთხრა ჰაინკესმა „ბილდს“.
ისე, ჰაინკესს დიდი გამოცდილება სულაც არ სჭირდება იმისათვის, რომ ასეთ დასკვნამდე მისულიყო. რაღა შორს წავიდეთ, გასულ სეზონში მისი „ლევერკუზენიც“ შემოდგომის ჩემპიონი გახდა, თანაც, პირველი წრე წაუგებლად ჩაატარა (9 მოგება), მაგრამ მეორე წრეში სერიოზული პრობლემები შეექმნა და საბოლოოდ მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა - ჩემპიონთა ლიგაშიც კი ვერ შეძლო შეღწევა. ლევერკუზენის თავკაცს ის ამბავიც აიმედებს, რომ „ბორუსიას“ ამ სეზონში ერთადერთი მარცხი სწორედ მისმა „ლევერკუზენმა“ აწვნევინა - თანაც, დორტმუნდის „ვესტფალენშტადიონზე“ (2:0). თუმცა ეს პირველ ტურში მოხდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბუნდესლიგის მეორე წრე, 14 იანვარს სწორედ „ბორუსიასა“ და „ლევერკუზენის“ ჯახით გაიხსნება, თუმცა მანამდე დიდი არდადეგები და ბოლო-ბოლო, მე-17 ტურია.
ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 4-1-2-1-2)
მანუელ ნოიერი (შალკე) – გონსალო კასტრო (ლევერკუზენი), მანუელ ფრიდრიხი (ლევერკუზენი), ოლივერ ბართი (ფრაიბურგი), ემანუელ პოგატეცი (ჰანოვერი) – არტურო ვიდალი (ლევერკუზენი – ჯეფერსონ ფარფანი (შალკე), მატო ჟაჟალო (კიოლნი) – რენატო აუგუსტო (ლევერკუზენი) – პაპის დემბა სისე (ფრაიბურგი), დიდიე ია კონანი (ჰანოვერი)
ბუნდესლიგის მე-16 ტური არცისე უხვგოლიანი გამოვიდა, ფორვარდებზე მეტად თავი მცველებმა გამოიჩინეს, რის გამოც, „კიკერის“ ტურის სიმბოლური ნაკრების განლაგება შეიცვალა და ამჯერად რომბისებული 4-4-2-ია. დაკვირვებული თვალი იოლად შეამჩნევს: ამ ტურის სიმბოლურში დორტმუნდის „ბორუსიას“ არცერთი ფეხბურთელი არ არის შეყვანილი. არადა, დორტმუნდელებმა კიდევ ერთხელ მოიგეს და ლიდერობა განიმტკიცეს. თუმცა, „ბორუსიადან“ განსაკუთრებით კარგად არავის უთამაშია, თვით ნური შაჰინსაც კი, რომელიც სიმბოლურ ნაკრებში ექვსჯერაა მოხვედრილი. თუმცა შაჰინი აღარ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც „კიკერის“ რედაქციამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში ექვსჯერ მოახვედრა. მას „ჰანოვერის“ გოლეადორი დიდიე ია კონანი წამოეწია. ამ უკანასკნელმა პარასკევს „შტუტგარტს“ დუბლი შეუსრულა და კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. ია კონანმა სიმბოლური ნაკრების თავდასხმა კვლავ ფრაიბურგელ კოლეგასთან, პაპის დემბა სისესთან ერთად დააკომპლექტა, რომელიც ამ უქმეებზე ასევე დუბლით (მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“) გამოირჩა. სხვამხრივ, აღსანიშნავი ისაა, რომ სიმბოლურში მეოთხედ მოხვდა „ლევერკუზენის“ საყრდენი ნახევარმცველი არტურო ვიდალი, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს.
ტურის გმირი
პაპის დემბა სისე (ფრაიბურგი)
სისე გასულ სეზონშიც გამორჩეული თავდამსხმელი იყო, ახლა კი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და თამამად ვიტყვით, ფენომენალური შედეგები აქვს. „ფრაიბურგის“ გოლეადორმა ამ ტურშიც გამოიჩინა თავი, თანაც, „გლადბახთან“ მატცის ბედი ფაქტობრივად მარტომ გადაწყვიტა - დუბლი და საგოლე პასი. სისე 25 წლისაა და მასზე უკვე მთელ ფრაიბურგს აბოდებს. „გლადბახთან“ მე-80 წუთზე შეცვალეს და მოედნიდან ისე ნელა გადიოდა, რომ მსაჯისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა, რაც მისი რიგით მეხუთე გაფრთხილებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ტურში, „ლევერკუზენთან“ ვერ ითამაშებს.
საუკეთესო ფეხბურთელები
16 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.47
2. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.53
3. მანუელ ნოიერი შალკე 2.53
4. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.63
5. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.63
6. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.65
7. ანატოლი ტიმოშჩუკი ბაიერნი 2.67
8. დანიელ ჰაასი ჰოფენჰაიმი 2.69
9. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.72
10. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.75
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
1. თეოფანის გეკასი აინტრახტი 13 2 15
2. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 13 1 14
3. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 7 6 13
4. დიდიე ია კონანი ჰანოვერი 9 4 13
5. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 8 3 11
6. მარკო როისი ბორუსია (მ) 5 6 11
7. ედინ ჯეკო ვოლფსბურგი 9 1 10
8. მარიო გომესი ბაიერნი 9 1 10
9. უგო ალმეიდა ვერდერი 9 1 10
10. ივო ილიჩევიჩი კაიზერსლაუტერნი 5 5 10