ჰალო, მე ახალი ბრუნო ვარ!

AutoSharing Option

ამ დღეებში, უფრო სწორად იმ საღამოს, როცა შეიტყვეს, რომ „შტუტგარტი“ ბრუნო ლაბადიას სამსახურით იყო დაინტერესებული, „ლევერკუზენის“ ფეხბურთელები „სიცილით მოკვდნენ“ და სხვათა შორის, ლაბადიას და „შტუტგარტის“ დამოყვრება არა მხოლოდ „ფარმაცევტებს“, სადაც ბრუნო შარშანწინ მუშაობდა, არამედ მთელ საფეხბურთო გერმანიას ძალიან გაუკვირდა. საქმე იმაშია, რომ 2009 და 2010 წლებში 90-იანი წლების მართლაც გამორჩეულმა ფეხბურთელმა მწვრთნელის რანგში იმედები არათუ არ გაამართლა, გააცრუა კიდეც. მან „ლევერკუზენში“ მხოლოდ ერთი წელი იმუშავა და იმ დროს, როცა დიდ გეგმებზე საუბრობდა, სეზონის ბოლოს „ჰამბურგში“ გაიქცა, იქიდან კი რამდენიმე თვეში

დაიფრინეს.

გუშინწინ კი, ბრუნო ლაბადია მთავარი მწვრთნელის რანგში „შტუტგარტის“ ბოსებმა დაამტკიცეს და ლევერკუზენელ ფეხბურთელებს რომ ჰკითხოთ, მაგრადაც გაბრიყვდნენ. თუმცა შვაბური კლუბის ბოსებმა ჭკუა იხმარეს და ბრუნოს კონტრაქტი მხოლოდ ამ სეზონის ბოლომდე დაუდეს - მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. ცხადია, გაიმართა პრესკონფერენციაც, რომელზეც ლაბადია ჟურნალისტებს და ზოგადად საფეხბურთო საზოგადოებას „ახალ ბრუნოდ“ წარუდგა.

„სრულიად გამოვიცვალე, მე ახალი ბრუნო ლაბადია ვარ! უმუშევრობის პერიოდში დეტალურად გავაანალიზე ყველაფერი, თითოეული შეცდომა განვიხილე და ბევრ რამეს მივხვდი. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, როგორი გზით უნდა ვიარო. თამამად ვიტყვი, რომ შეცდომებზე ვისწავლე და ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებ,“ - უთხრა ლაბადიამ ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

შესაძლებელია, რომ ლაბადიას მართლა ესწავლა საკუთარ შეცდომებზე? ყოველ შემთხვევაში, „შტუტგარტის“ ხელმძღვანელებს და გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ მართლაც ასეა. „ლევერკუზენსა“ და „ჰამბურგში“ მას უამრავ ბრალდებას უყენებდნენ: მართვის ძალიან ცუდი სტილი, სუსტი ვარჯიშები, ხანგრძლივი პაუზები, საკუთარი თავის გადამეტებული სიყვარული და ა.შ. ისე, საინტერესო ის არის, რომ ლაბადიამ „ლევერკუზენშიც“ და „ჰამბურგშიც“, მოღვაწეობა ძალიან კარგად დაიწყო და მერე აურია. ბრუნო ამბობს, „შტუტგარტის“ შემთხვევაში კონკრეტული გეგმა მაქვსო. ვნახოთ, ვნახოთ...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული