„ეს არის გუნდი, სადაც აღარასოდეს ვიმუშავებ!“ - თქვა ლუის ვან გაალმა ზუსტად ერთი თვის წინ და იცით, რომელი გუნდი იგულისხმა? ამსტერდამის „აიაქსი“! არ ვიცით, რა შეიცვალა ერთ თვეში, მაგრამ ფაქტია, რომ „ბაიერნის“ ჰოლანდიელმა დამრიგებელმა ჩვენება შეცვალა და ამით მთელი მიუნხენი ააფორიაქა.
„მიმაჩნია, რომ „აიაქსი“ ჩემთვის უდიდეს გამოწვევა იქნებოდა. ამ კლუბში რომ დამპატიჟონ, მზად ვარ, ჩემი უმთავრესი ამბიციაც კი გვერდით გადავდო და რომელიმე კარგ ნაკრებში მუშაობაზე უარი ვთქვა. „აიაქსის“ გენიალურმა ფანებმა ნდობა რომ გამომიცხადონ, ძალიან გამიხარდება და მზად ვიქნები, ამსტერდამული კლუბისთვის
თუმცა ვან გაალმა იქვე დასძინა, რომ ამისათვის საჭიროა, ამსტერდამულმა გრანდმა მისი ყველა მოთხოვნა შეასრულოს - თუ მხოლოდ მე ვიქნები ბოსი და ყველაფერს მე გადავწყვეტ, მზად ვარ, ცოტა ხნის წინ ნათქვამი სიტყვები იმის შესახებ, რომ „აიაქსში“ აღარასოდეს ვიმუშავებ, უკან წავიღოო.
ისე, „აიაქსს“ ვან გაალის გულში მართლაც განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან ეს არის გუნდი, სადაც ლუისმა სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო წლები გაატარა. 1971-დან 1973 წლებში კი თვითონ ირიცხებოდა ფეხბურთელის რანგში, თუმცა არცერთი თამაში არ ჩაუტარებია. 1988 წლიდან ლუისი „აიაქსში“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა, 1991 წელს კი მთავარი მწვრთნელი გახდა, რის შემდეგაც, ამსტერდამულ კლუბს სამჯერ მოაგებინა ჰოლანდიის ჩემპიონატი, ასევე ერთხელ ჩემპიონთა ლიგა (1995) და საკონტინენტთაშორისო თასი (1996). ვან გაალი „აიაქსში“ ბოლოს 2004 წელს იყო დასაქმებული და ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა, მაგრამ ამ თანამდებობაზე მხოლოდ რვა თვე გაძლო. 2004 წლის ოქტომბერში ლუისისა და „აიაქსის“ თანამშრომლობა ჩხუბით დამთავრდა.
ამსტერდამული კლუბი ახლა უმწვრთნელოდაა - მარტინ იოლის წასვლის შემდეგ, გუნდს დროებით ფრანკ დე ბური ავარჯიშებს. ვან გაალს კი მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს.