როგორც ფინკეს დროს, 95-ში...

AutoSharing Option

რა „ელიტაში ადგილის შენარჩუნება“, რომელი გასავარდნი ზონა – „ფრაიბურგი“ მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. მას მერე, რაც სეზონი დაიწყო, „ფრაის“ ყველაზე სუსტებში არც კი უტრიალია, მუდმივად საუკეთესო ხუთეულში ან მის სიახლოვესაა, რაც ამ გუნდისთვის ძალიან დიდ მიღწევას ნიშნავს, რადგან „ფრაიბურგი“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კლუბია ბუნდესლიგაში.
კვირას ბრაისგაუელებმა მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 3:0 გაანადგურეს და ეს მათი მეექვსე გამარჯვება იყო საკუთარ მოედანზე. შედარებისთვის, იმასაც გეტყვით, რომ „ფრაიბურგმა“ წინა სეზონში სულ ხუთი თამაშის მოგება შეძლო. ამასთან, ეს იყო „ფრაის“ პირველი გამარჯვება ერთზე დიდი სხვაობით, რომელმაც

რობინ დუტის გუნდი გასავარდნ ზონას 17 ქულით დააშორა.

ისე, ბუნდესლიგის ეს სეზონი ისე მიმდინარეობს, რომ კაცი ვერასდროს ვერაფერს გამორიცხავს და იმისათვის, რომ ფრაიბურგელებმა თავი მშვიდად იგრძნონ, მეორე წრეში მინიმუმ არ უნდა დაბეჩავდნენ. შესაძლოა, პირიქითაც მოხდნენ და უფრო მაღალ მიზნებს შეუტიონ – მაგალითად, ევროპის ან სულაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ყოველ შემთხვევაში, მე-16 ტურის მერე მეხუთე ადგილზე ყოფნა „ფრაის“ დარი კლუბისთვის ძალიან სერიოზული მიღწევაა.

„ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ ამ სეზონს ასე კარგად დავიწყებდით. პირველი წრე მთავრდება და ფრაიბურგში ყველა კმაყოფილია. გუნდი მართლაც ძალიან კარგ ფორმაშია და იმედი მაქვს, რომ პირველი წრის ბოლო ტურში, „ლევერკუზენთანაც“ წარმატებას მივაღწევთ,“ - ეს ფრაის თავკაც დუტის სიტყვებია.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფრაიბურგელთა იმედები და პოზიტიური პროგნოზები არსებობის ისტორიაში „ფრაის“ საუკეთესო სეზონს ეფუძნება. საქმე იმაშია, რომ ფრაის 1994/95 წლების სეზონის 16 ტურის მერეც ცხრა გამარჯვება ჰქონდა (პლუს სამი ფრე) და მეხუთე ადგილზე იყო, თანაც, მაშინაც „ბაიერნს“ უსწრებდა. არ იკითხავთ, ვინ იყო იმ დროს ბუნდესლიგის ლიდერი? სწორია, დორტმუნდის „ბორუსია“! და სხვათა შორის, BVB იმ სეზონში გერმანიის ჩემპიონიც გახდა, „ფრაიბურგი“ კი საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა და უეფას თასის საგზური მოიპოვა. დღეს რომ მესამე ადგილი დაიკავონ, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ და ამიტომაც უმღერიან „ფრაის“ ფანები ყოველი საშინაო მატჩის დროს ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგას.

დუტი ამბობს, ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, სამჯერ და ოთხჯერ უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე უნდა ვთამაშობდეთო. სპორტული თვალსაზრისით კი, მიაჩნია, რომ მის გუნდს შესაძლებლობების ლიმიტამდე ჯერ არ მიუღწევია და კიდევ შეუძლია პროგრესირება. ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ დუტს არაერთი მთხოვნელი გამოუჩნდა, მაგრამ თვითონ 45 წლის სპეციალისტი აცხადებს, ფრაიბურგში ძალიან ბევრი ვიშრომე, როგორც იქნა, რაღაც გამომდის და ახლა ნამდვილად არსად წავალო. რობინ დუტი ფოლკერ ფინკეს გზაზე? ვნახოთ, ვნახოთ...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული