თომას მიულერს გუშინწინ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ოქროს ბუცი კი გადასცეს, მაგრამ გერმანიაში ყველა აღნიშნავდა, რომ მუნდიალზე ნაჩვენები ფორმა და შედეგები ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა ვერ შეინარჩუნა. პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მიულერი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მხოლოდ ის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიბრწყინა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან ყველა მატჩს უმაღლეს დონეზე ჩაატარებს. თუმცა მიულერს არც ლუკას პოდოლსკის ბედის გაზიარების საფრთხე ემუქრება, „ბაიერნის“ „ნატვრის თვალი“ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, წინ კი დიდი მომავალი აქვსო, ამბობენ გერმანიაში.
„ოქროს ბუცის“ დასაკუთრების შემდეგ,
- ჰერ მიულერ, უკვე იცით, სად მიუჩენთ ადგილს ოქროს ბუცს?
- დაახლოებით. ფაქტია, სახლში ისეთ ადგილზე დავდებ, რომ ყველამ დაინახოს ხოლმე. სავარაუდოდ, მისაღებ ოთახში ჩამოვდებ, რათა მეც ხშირად დავინახო ხოლმე.
- რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო?
- მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რა თქმა უნდა, მქონდა იმის იმედი, რომ მუნდიალზე ერთ გოლს მაინც გავიტანდი, მაგრამ ხუთი? ამას ყველაზე ლამაზ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი. მოკლედ, დაუჯერებელი ამბავი მოხდა და მეც ვამაყობ იმით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. ამით მთელი ცხოვრება ვიამაყებ.
- 21 წლის ხართ და საინტერესოა, მსოფლიოს ჩემპიონატების რამდენი ბომბარდირის ჩამოთვლა შეგიძლიათ? უცებ გვიპასუხეთ!
- რა თქმა უნდა, გერდ მიულერი. მიროსლავ კლოზე, რონალდო, პაოლო როსი, ეუსებიო... ჰო, კიდევ ის ფრანგი. რა ერქვა? ფონტენი...
- მშვენიერია. აწმყოს დავუბრუნდეთ: „ბაიერნმა“ ახალი მწვრთნელის ძებნა უნდა დაიწყოს?
- არა მგონია. რატომ მეკითხებით?
- ლუის ვან გაალი ამსტერდამის „აიაქსზე“ ოცნებობს...
- აი, თურმე რაშია საქმე. ჩემი აზრით, სანერვიულო არაფერია. არა მგონია, რომ ლუისს მიუნხენიდან წასვლა უნდოდეს და თანაც, „აიაქსში“ მუშაობა არჩიოს. თანაც, ვან გაალსა და „აიაქსს“ შორის ხომ რაღაც მოხდა. მგონი, მაგ გუნდიდან გამოაგდეს, არა?
- ჰო, 2004 წელს, როცა ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა...
- არ ვიცი, უნდა თუ არა ლუისს ამსტერდამში წასვლა, იმაზე კი თავს დავდებ, რომ „ბაიერნში“ მუშაობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. შესაძლოა, სამომავლო გათვლა გააკეთა. ფაქტი ერთია: ფეხბურთელებს გვინდა, რომ ჩვენთან დიდხანს იმუშავოს.
- თქვენი აზრით, ვან გაალმა „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმოს და კლუბს 2012 წლის მერეც უნდა უთავკაცოს?
- ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ პირადად მე ასეთ რამეს მივესალმებოდი, რადგან ლუისის საფეხბურთო ფილოსოფია სწორედ „ბაიერნზეა“ ზედგამოჭრილი.
- შობისთვის დორტმუნდელებს მისალოც ბარათს ხომ არ უგზავნით?
- რისთვის? შემოდგომის ჩემპიონობა მივულოცოთ?
- არა! პირდაპირ ჩემპიონობა!
- ჩემპიონის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა და დარწმუნებული ვარ, მაისამდე არც გაირკვევა. ჩვენ ბუნდესლიგის მეორე წრეში აბსოლუტურად ყველა თამაშის მოგება გვინდა და შესაბამისად, დორტმუნდელებს არაფერს მივულოცავთ. მართალია, ამ ეტაპზე ჩვენგან ხმამაღალი განცხადებების გაკეთება არაკორექტული ნაბიჯი იქნება, მაგრამ მჯერა, მეორე წრეში ყველა ნაღდ „ბაიერნს“ იხილავს.
- კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, „ბაიერნი“ „ბარსელონას“ არაფრით ჩამოუვარდებაო. ეთანხმებით?
- საქმე იმაშია, რომ „ბაიერნს“, რა თქმა უნდა, შეუძლია „ბარსას“ დამარცხება, მაგრამ მხოლოდ ერთ კონკრეტულ მატჩში. ზოგადად კი, კატალონიური სუპერგრანდი მარტო „ბაიერნს“ კი არა, ყველა გუნდს სჯობია. თუმცა ჩვენ ზოგადად სწორ გზას ვადგავართ.
- ბასტიან შვაინშტაიგერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაც ამაზე მიუთითებს?
- მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ შვაინი ჩვენთან დარჩებოდა. სხვათა შორის, რუმენიგე ცამდე მართალია იმაში, რომ „ბაიერნი“ ფინანსური თვალსაზრისით მართლა არავის ჩამოუვარდება.
- შვაინშტაიგერი, ლამი, მიულერი, ბადშტუბერი: „ბაიერნი“ დღეს ისეთი ბავარიულია, როგორც არასდროს...
- ყოველ შემთხვევაში, საკმაოზე მეტად ბავარიულია და ეს ყველას უხარია. ახალგაზრდა ფეხბურთელების უმრავლესობა გუნდის აღზრდილია და ეს ყოველთვის კარგის ნიშანია. გულშემატკივრებსაც ეტყობათ, რომ ძალიან ბედნიერები არიან, რადგან რაც უფრო ბავარიულია „ბაიერნი“, მით უფრო მეტად ახდენენ კლუბთან იდენტიფიცირებას.
- გასახდელში ბავარიული აქცენტით საუბრობთ ხოლმე?
- რა თქმა უნდა!
- წარმოშობით გრაიფსვალდელი ტონი კროოსი კარგად გიგებთ?
- ხანდახან რაღაც-რაღაცებს მართლაც ვერ იგებს ხოლმე. როცა ასე ხდება, მერე ჰოხდოიჩით ველაპარაკებით.
- როგორ ფიქრობთ, ამ კომპანიას გელზენკირხენელი ნოიერი მოუხდებოდა?
- მანუელი ბრწყინვალე მეკარეა და მის ტრანსფერს მივესალმები. ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი „ბაიერნს“ ყოველთვის მოუხდება, მაგრამ ტრანსფერები ჩემი საქმე არ არის.