ვან ბომელი მგლებში?

AutoSharing Option

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დიდია იმის შანსი, რომ „ბაიერნის“ ჰოლანდიელი კაპიტანი მარკ ვან ბომელი იანვარში „ვოლფსბურგში“ გადავიდეს. „ბილდი“ გუშინდელ ნომერში წერდა, რომ „მგლების“ ბოსმა დიტერ ჰიონესმა 33 წლის საყრდენ ნახევარმცველს მისთვის ძალიან საინტერესო პირობები შესთავაზა და მოსაფიქრებლად დრო მისცა. შეგახსენებთ, რომ ჰიონესს მანამდე ჯერ „ბაიერნის“ მეორე, სათადარიგო საყრდენი ნახევარმცველის, ანატოლი ტიმოშჩუკის შეძენა სცადა, მერე კი „შალკეს“ ჩამშლელ ჯერმეინ ჯონსის, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ჰოლანდიელს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და თუ „ბაიერნმა“ მასთან ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, რაც ნაკლებად სავარაუდოა,

მარკი ივნისში მიუნხენიდან უფასოდ წავა. იანვარში კი ბავარიელებს ვან ბომელის ტრანსფერისგან ფინანსური სარგებლის ნახვა შეუძლიათ. მიუნხენელები ვან ბომელთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებს კი აწარმოებენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის და სწორედ ამიტომ, „ბილდისა“ და „კიკერის“ ცნობით, „ბაიერნმა“ ჰოფენჰაიმელ ლუის გუსტავოს (23 წლის, კონტრაქტი 2014 წლამდე) დაადგა თვალი.

„ვოლფსბურგი“ ძალიან კარგი გუნდია და არ მიკვირს, რომ სპეკულაციები დაიწყო. მეტს არაფერს ვიტყვი,“ - განუცხადა ვან ბომელმა „ბილდს“.

ხსენებული გამოცემისვე ინფორმაციით, „ვოლფსბურგი“ „ჰამბურგის“ ჰოლანდიელ გარემარბს, 23 წლის ელჯერო ელიასაც უმიზნებს. „მგლებს“ ახალგაზრდა დრიბლიორის ყიდვა ზაფხულშიც უნდოდათ და ტრანსფერი იმიტომ არ განხორციელდა, რომ „ჰამბურგის“ მიერ მოთხოვნილი თანხა, 18 მილიონი ევრო ეძვირათ. მას მერე ელია გაიაფდა...
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული