ფრინგსი: მე კი მინდა, მაგრამ...

AutoSharing Option

„ვერდერის“ კაპიტანი და გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ტორსტენ ფრინგსი სეზონის დასრულების შემდეგ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას აპირებს. 34 წლის ფრინგსს ბრემენულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და „ვეზერ კურიერის“ ინფორმაციით, აქტიური სპორტული კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობს.

„ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას ვიზამ ზაფხულში, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ფეხბურთიდან წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობ,“ - განუცხადა ფრინგსმა ზემოთ ხსენებულ გამოცემას. ტორსტენი, რომელსაც ბუნდესლიგაში 385 მატჩი („ვერდერის“, „დორტმუნდის“ და „ბაიერნის“ რიგებში) აქვს ჩატარებული, არ მალავს, რომ ფეხბურთის თამაშის სურვილი ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ...

„ყველაფერს რეალურად

უნდა შევხედო. გერმანიის ნაკრებში საჭირო აღარ ვარ, ყოველ შემთხვევაში, იოახიმ ლიოვმა ჩემზე საბოლოოდ უარი თქვა. აღარც „ვერდერშია“ აუცილებელი, რომ ყოველთვის ვთამაშობდე. ასე რომ, ვფიქრობ, მოვიდა დრო, ყველაფერი დავამთავრო, მაგრამ თუ ასე გადავწყვიტე, ფეხბურთში მაინც დავრჩები,“ - ამბობს ფრინგსი.

ცხადია, საინტერესოა, რას ფიქრობენ „ვერდერის“ ხელმძღვანელები. სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს უნდა, რომ ტორსტენმა ბრემენულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს და კარიერის დამთავრება გადაიფიქროს, მაგრამ თუ ფრინგსი თავისას არ დაიშლის, მზადაა, მრავლისმნახველ ფეხბურთელს კლუბში სამსახური შესთავაზოს. „ძალიან მინდა, რომ ფრინგსმა ფეხბურთი კიდევ მინიმუმ ერთი წელი ითამაშოს,“ - აცხადებს ალოფსი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული