UN, DOS, TRES!

AutoSharing Option

პირველი წრის ბოლო ტურმა ყველაზე მეტად მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელები, ხელმძღვანელები და გულშემატკივრები გაახარა, რაც რეკორდმაისტერის ერთ-ერთმა ლიდერმა თომას მიულერმა ასე ახსნა: „ბაიერნისთვის“ ეს ტური მართლაც სრულყოფილი გამოვიდა. მეორე ადგილზე მყოფ „მაინცს“ პირველი წრის მერე მხოლოდ ოთხი ქულითღა ჩამოვრჩებით და თანაც, ხომ იცით, „ბაიერნი“ ერთადერთი გუნდია ბუნდესლიგაში, რომელსაც დანარჩენების რეალურად წნეხის ქვეშ მოქცევა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, მეორე წრეს იდეალურად დავიწყებთ და აი, მერე კი ყველა უნდა გვიფრთხილდეს!“

თუმცა როგორც ხედავთ, მიულერიც მეორე ადგილზე საუბრობს. ამაში გასაკვირი არაფერია: მართალია, მიუნხენური გრანდი ყოველთვის

მხოლოდ ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოდეს, მაგრამ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩამორჩენა ჯერ კიდევ 14 ქულას შეადგენს. თუმცა ვინც ბუნდესლიგას და კერძოდ „ბაიერნს“ კარგად იცნობს, იმაშიც დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მიუხედავად ასეთი დიდი სხვაობისა, მიუნხენელებს „ვერცხლის სინზე“ ხელი ჯერ რა თქმა უნდა, არ ჩაუქნევიათ.

აი, ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი კი მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო - ჰოლანდიელის თქმით, „ბაიერნი“ ამდენ გოლს არ უნდა უშვებდეს. მწვრთნელის მოსაზრება ფრანკ რიბერიმაც გაიზიარა, რეკორდმაისტერის საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა კი თქვა, „შტუტგარტთან“ მატჩი შეიძლებოდა, 9:7 ან 8:6 დამთავრებულიყო, რაც კარგი ნამდვილად არ არისო.
მატჩის შემდეგ კი, გამოჯანმრთელებულ მიროსლავ კლოზეს იმ სპეკულაციების შესახებ სთხოვეს კომენტარი, რომელთა თანახმადაც, მირომ იანვარში „ბაიერნი“ უნდა დატოვოს. „ეს აბსოლუტური სისულელეა. მიუნხენიდან წასვლას არ ვაპირებ და სეზონის მეორე ნახევარს ოპტიმისტურად ვუყურებ,“ - უთხრა კლოზემ „ბილდს“.

 


რაულის მეორე ჰეთ-თრიკი
მას მერე, რაც ბუნდესლიგაში თამაშობს, რაულმა მატჩის შემდეგ ბურთი სახლში მეორედ წაიღო. ეს იმიტომ რომ შაბათს, „კიოლნთან“ შეხვედრაში თავისი მეორე ბუნდესლიგური ჰეთ-თრიკი შეასრულა.

„ბედნიერი ვარ. არა მარტო იმის გამო, რომ სამი გოლი გავიტანე, არამედ, პირველ რიგში იმიტომ, რომ „შალკემ“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, ცხრილში მდგომარეობა გავიუმჯობესეთ და ახლა შეგვიძლია, მეორე წრისთვის მშვიდად მოვემზადოთ. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში მინიმუმ საუკეთესო ხუთეულში მოხვედრას შევძლებთ,“ - უთხრა რაულმა „კიკერს“.


როგორც ხედავთ, ფელიქს მაგათის კრიტიკამ შედეგი გამოიღო. გეხსომებათ, „შალკეს“ თავკაცმა ესპანელი თავდამსხმელი ორიოდ კვირის წინ გააკრიტიკა, მისგან უფრო მეტს ველით და ვითხოვთ, საჯარიმოში უფრო მეტი უნდა იმოძრავოსო. დღეს ფელიქსი რაულს საუკეთესო ეპითეტებით ამკობს: „რაული „შალკეს“ უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად ყალიბდება. ის არა მარტო მოედანზეა მნიშვნელოვანი ფიგურა, არამედ მის მიღმაც. გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებაში ესპანელი უდიდეს, უმთავრეს როლს თამაშობს,“ - ამბობს მაგათი.

აღსანიშნავია, რომ „კიოლნთან“ რაულმა სამიდან ორი გოლი თავით გაიტანა. ესპანელს ბუნდესლიგაში თავით გოლი აქამდე არ ჰქონდა გატანილი. მეკარე მანუელ ნოიერი ხუმრობს, არ ვიცოდი, თუ რაულს თავითაც შეეძლო გოლების გატანაო.

დღეს „შალკე“ გერმანიის თასის მერვედფინალში „აუგსბურგთან“ ითამაშებს და ეს შეხვედრა გელზენკირხენული კლუბისთვის 2010 წელს უკანასკნელი იქნება. წინა სათასო მატჩებში მაგათი რაულს ყოველთვის ასვენებდა ხოლმე, დღეს კი ალბათ ათამაშებს, რადგან გელზენკირხენელებისთვის თასის მეოთხედფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. რაულს ცხრავე გოლი „ფელტინს არენაზე“ აქვს გატანილი და თუ დღეს მაგათმა ათამაშა, პირველად სტუმრადაც შეეცდება მეტოქის კარის ბადის შერხევას, რადგან: UN,DOS,TRES

- რაულს „შალკესთან“ ერთად სამივე ფრონტზე (ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის თასი) სურს ბრძოლის გაგრძელება.

 


იუპ, ასე გინდა დორტმუნდის დაწევა?
საინტერესოა, როგორ აპირებს „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი დორტმუნდის „ბორუსიასთვის“ კონკურენციის გაწევას, მის წამოწევას და მით უმეტეს გასწრებას იმ დროს, როცა „ფარმაცევტებმა“ „ბორუსიას“ პირველივე წაფორხიალებით ვერ ისარგებლეს და სამის ნაცვლად, მხოლოდ ერთქულიან დისტანციაზე მიუახლოვდნენ, რადგან საკუთარ „ბაი არენზე“ „ფრაიბურგის“ დამარცხება ვერ შეძლეს. რომ მოეგოთ, „ბორუსიას“ 8-ქულიან დისტანციაზე მიუახლოვდებოდნენ და რაკი მეორე წრე „ლევერკუზენისა“ და „დორტმუნდის“ ჯახით იწყება (14 იანვარს), ამ მატჩის მოგებით ხუთქულიან დისტანციაზე მიახლოვების შანსი მიეცემოდათ.

ფაქტია, რომ „დონ იუპი“ და კომპანია იურგენ კლოპს და მის გუნდს ასე ნაღდად ვერ დაეწევიან.

 

 

W&W შავ დღეში
არც ისე დიდი ხნის წინ, „ვერდერი“ ჩემპიონთა ლიგის მუდმივი მონაწილე იყო, „ვოლფსბურგს“ კი, რაღა შორს წავიდეთ, წელსვე სურდა 2009 წლის მიღწევის (გერმანიის სენსაციური ჩემპიონობა) გამეორება და ამისათვის ზაფხულში 39 მილიონი ევროც დახარჯეს, მაგრამ... პირველი წრის მერე საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ვერდერსაც“ და „ვოლფსბურგსაც“ გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ.
„ვოლფსბურგის“ ფანები „ჰოფენჰაიმთან“ მატჩის დროს მენეჯერ დიტერ ჰიონესის გადადგომას და მწვრთნელ სტივ მაკლარენის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მატჩის შემდეგ, „მგლების“ ინგლისელმა მწვრთნელმა თავი დაიცვა, ჰიონესი კი გააკრიტიკა, იანვარში არა მარტო ახალი ფეხბურთელები, არამედ კარგი ახალი ფეხბურთელები გვჭირდებაო, რითაც, ცხადია, ის იგულისხმა, რომ ჰიონესმა ზაფხულში უხარისხო ფეხბურთელები უყიდა. მაკლარენს მარკ ვან ბომელის (ბაიერნი), ელჯერო ელიას (ჰამბურგი), თეო იანსენის (ტვენტე) და ჯერმეინ ჯონსის (შალკე) შეძენა უნდა.
რაც შეეხება „ვერდერს“ - 15 წელია (!), ბრემენულ კლუბს პირველი წრე ასეთი ცუდი შედეგით არ დაუმთავრებია. „კაიზერსლაუტერნთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, ბრემენში ტიტულებსა და ევროტურნირებზე აღარავინ საუბრობს.

 

 

ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-1-3-3)
ფრანკ როსტი (ჰამბურგი) - მარტინ ამედიკი (კაიზერსლაუტერნი), ანდრეას ვოლფი (ნიურნბერგი), კრისტიან ფუხსი (მაინცი) - ლუის გუსტავო (ჰოფენჰაიმი) - ილქაი გიუნდოგანი (ნიურნბერგი), თომას მიულერი (ბაიერნი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი) - სრდიან ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), მარიო გომესი (ბაიერნი), რაული (შალკე).

მე-17 ტურის კიკერისეულ სიმბოლურ ნაკრებს მხოლოდ ერთი დებიუტანტი ჰყავს - „ჰამბურგის“ ვეტერანი მეკარე ფრანკ როსტი. სამაგიეროდ, სიმბოლურ ნაკრებში უკვე მეოთხედ მოხვდნენ „ნიურნბერგის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი და „მაინცის“ მარცხენა მცველი კრისტიან ფუხსი, თავდამსხმელებს სრდიან ლაკიჩს, მარიო გომესსა და რაულს კი ეს პატივი წილად მესამედ ერგოთ. ასევე მესამედ მოხვდა ფრანკ რიბერიც, რომელმაც „შტუტგარტთან“ მატჩში (5:3 ბაიერნის სასარგებლოდ), მიუნხენური კლუბის გულშემატკივრებს თავი შეახსენა.


ტურის გმირი
რაული (შალკე)

როგორც მოსალოდნელი იყო, „კიკერმა“ ტურის საუკეთესო ფეხბურთელად „შალკეს“ ესპანელი გოლეადორი რაული დაასახელა, რაც სხვათა შორის, ამ სეზონში უკვე მეორედ ხდება. 33 წლის გონსალეს ბლანკომ „კიოლნს“ უნაკლო ჰეთ-თრიკი შეუსრულა. შედეგად, მას ახლა ბუნდესლიგის 17 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და სხვათა შორის, ცხრავე საკუთარ მოედანზე. თანაც, ეს რაულის მეორე ბუნდესლიგური ჰეთ-თრიკი იყო. მან სამი გოლი მანამდე „ვერდერს“ (4:0) გაუტანა. რაული „კიოლნთან“ მხოლოდ გატანილი გოლებით არ ყოფილა გამორჩეული - გამოცდილმა ესპანელმა მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ბევრს იბრძოდა და ახალგაზრდა თანაგუნდელებს საუკეთესო მაგალითი მისცა იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოდეს ფეხბურთელი მოედანზე. ამრიგად, რაული „შალკეს“ და გერმანიის ჩემპიონატს უკვე საბოლოოდ გაუშინაურდა და თუ სეზონის დასაწყისში თავის გამოჩენა უჭირდა, გელზენკირხენში თავს ახლა უკვე ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.

 

საუკეთესო ფეხბურთელები
17 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.47
2. მანუელ ნოიერი შალკე 2.53
3. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
4. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.65
5. დანიელ ჰაასი ჰოფენჰაიმი 2.67
6. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.71
7. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.74
8. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.75
9. კრისტიან ვეტკლო მაინცი 2.77
10. მარიო გომესი ბაიერნი 2.80


გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
თეოფანის გეკასი აინტრახტი 14 2 16
პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 13 1 14
მარიო გომესი ბაიერნი 12 2 14
არტურო ვიდალი ლევერკუზენი 8 6 14
დიდიე ია კონანი ჰანოვერი 9 4 13
სრდიან ლაკიჩი კაიზერსლაუტერნი 11 1 12
იულიან შიბერი ნიურნბერგი 4 8 12
ანდრე შიურლე მაინცი 9 3 12
ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 8 3 11
ედინ ჯეკო ვოლფსბურგი 10 1 11

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული