ვან ბომელი მიუნხენიდან წავა!

AutoSharing Option

იანვარში თუ არა, მიუნხენის „ბაიერნში“ მომავალ ზაფხულს მაინც ბევრი რამ შეიცვლება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ივნისში მიუნხენურ კლუბს მარკ ვან ბომელი დატოვებს. გამორიცხული არაა, რომ რეკორდმაისტერის კაპიტანი მიუნხენიდან იანვარშიც აიბარგოს.

ჯერჯერობით კიდევ ღიაა მეკარის საკითხი - მიუნხენში არ იციან, ვინ უნდა დაიცვას „ბაიერნის“ კარი 2011-2012 წლებში. ამასობაში, „გალათასარაიმ“ ჰამით ალთინფოთს დაადგა თვალი.


კაპიტან ვან ბომელის საკითხი ამ დღეებში გადაწყდა, გუშინ კი საბოლოოდ დადასტურდა. „კიკერის“ ინფორმაციით, ერთი კვირის წინ, ჰოლანდიელი საყრდენი ნახევარმცველის მრჩეველმა მინო რაიოლამ მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელებს თავისი კლიენტისთვის მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტის

გაფორმება მოსთხოვა, რაზეც „ბაიერნის“ შეფებისგან მტკიცე უარი მიიღო. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, რაიოლა უარის მიღების შემდეგ, „ბაიერნის“ ბოსებს დაემუქრა, ასეთ შემთხვევაში მარკი მიუნხენს იანვარში დატოვებსო. ხელმძღვანელობისთვის არც ეს მუქარა გამოდგა დათმობაზე წასვლის საფუძველი - მათ რაიოლას უთხრეს, რომ თუ საჭირო გახდა, მიუნხენური კლუბი მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარსაც ვან ბომელის გარეშე დაგეგმავს.


ახლა გასარკვევი მხოლოდ ისაა, თუ როდის დატოვებს ჰოლანდიელი „ბაიერნს“ - ახლავე თუ ზაფხულში? „კიკერის“ ცნობით, ვან ბომელს „ვოლსბურგის“ ვარიანტი არ ხიბლავს და გერმანიიდან წასვლა უნდა. ამ დღეებში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ბავარიელები ვან ბომელის ნაცვლად ლუის გუსტავოს (ჰოფენჰაიმი) შეიძენენ, მაგრამ ფაქტია, რომ „ბაიერნი“ „სოფლელების“ 23 წლის საყრდენი შუამარბის შესაძენად ჯერ არ გააქტიურებულა. კულუარული ინფორმაციით, რეკორდმაისტერი ლუის გუსტავოზე სერიოზულად ფიქრს მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როცა ვან ბომელის წასვლა გადაწყვეტილი ამბავი იქნება.

 


ბუტი ნოიერის დუბლიორობაზე უარსაა
რაც შეეხება მეკარის საკითხს. ჯერ კიდევ უცნობია, ვინ დაიცავს მომდევნო სეზონში „ბაიერნის“ კარს. ვარიანტი სულ ორია: მიუნხენელები ან მანუელ ნოიერს იყიდიან, ანაც ისევ ჰანს-იორგ ბუტს ენდობიან, რომელსაც კიდევ ერთი წლის მანძილზე ნამდვილად შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში.

მაგრამ გაჩნდა კიდევ ერთი პრობლემა: თუ „ბაიერნი“ ნოიერს იყიდის, მეორე მეკარის ძებნაც მოუწევს, რადგან ბუტიც და სათადარიგო მეკარე თომას კრაფტიც ნოიერის დუბლიორობაზე უარს აცხადებენ. „თუ მანუელი მიუნხენში გადმოვა, ფაქტია, რომ ითამაშებს კიდეც და ასეთ შემთხვევაში, ჩემს დარჩენას აზრი არ ექნება,“ - ამბობს ბუტი.

 


ჰამითი თურქეთში?

ამასობაში, თურქული გრანდი, სტამბულის „გალათასარაი“ ჰამით ალთინთოფით დაინტერესდა. 28 წლის ნახევარმცველს „ბაიერნში“ უმეტესად სათადარიგოთა სკამს ახეხინებენ, რის გამოც, არც თვითონ უნდა იყოს „გალათასარაიში“ გადასვლის წინააღმდეგი. ფაქტია, რომ „გალას“ თავკაცი გეორგე ჰაჯი ჰამითს ძალიან აფასებს და თითქმის ყველა ინტერვიუში იმეორებს, რომ ალთინთოფის ტრანსფერს მიესალმება. შეგახსენებთ, რომ ჰამით ალთინთოფს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისში „გალათასარაის“ მისი ტრანსფერი ერთი ცენტიც არ დაუჯდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული