მიუნხენელთა გოლეადორს ოლიჩისა და კლოზეს ტრავმებმა სულზე მოუსწრო
ჩვენი გერმანელი კოლეგები მარიო გომესს დიდხანს აკრიტიკებდნენ და ამის საბაბი ნამდვილად ჰქონდათ, რადგან წელიწადნახევრის წინ „შტუტგარტიდან“ „ბაიერნში“ სარეკორდო თანხად (30 მილიონი ევრო) გაყიდული თავდამსხმელი ბავარიულ გრანდში იმედებს ვერ ამართლებდა. გომესი ლამის კრიტიკისა და დაცინვის საყოველთაო ობიექტად იქცა, რადგან თავდამსხმელს პირველ რიგში გოლების გატანა მოეთხოვება, მარიო კი ამას ვერ ახერხებდა – ვერც „ბაიერნში“ და ვერც გერმანიის ნაკრებში.
სეზონი ახალი დაწყებული იყო, როცა ივიცა ოლიჩი და მიროსლავ კლოზე დაშავდნენ და „ბაიერნის“ თავკაც ლუის ვან გაალსაც
- ჰერ გომეს, როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყეთ გოლების გატანა?
- იმიტომ, რომ მათამაშებენ! ოლიჩისა და კლოზეს ტრავმებმა ვან გაალი იძულებული გახადა, სასტარტო შემადგენლობაში გავემწესებინე და ეს შანსი შესანიშნავად გამოვიყენე. პრინციპში, ეჭვი არასდროს შემპარვია იმაში, რომ თუ მათამაშებდნენ, გოლებსაც გავიტანდი. არ შეიძლება, არ ვთქვა ისიც, რომ თანაგუნდელები შესანიშნავი პასებით მამარაგებენ.
- შემოდგომის ჩემპიონ „დორტმუნდს“ 14 ქულით ჩამორჩით. თქვენი აზრით, „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს?
- მე-17 ტურის მატჩების შედეგებმა ოპტიმისტურად განმაწყო. ყველამ დავინახეთ, რომ „ბორუსია“ დაუმარცხებელი გუნდი არ არის, ყველას შეუძლია იმის გაკეთება, რაც ფრანკფურტის „აინტრახტმა“ მოახერხა. ასე რომ, ბუნდესლიგაში ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია.
- „ბაიერნის“ ჩემპიონობაც?
- რა თქმა უნდა! თუკი „დორტმუნდის“ გარდა ვინმეს შეუძლია ჩემპიონობა, პირველ რიგში ეს „ბაიერნზე“ ითქმის. ზოგადად, გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში ისეთი შედეგები ფიქსირდება, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. საკმარისია, „ბორუსიამ“ ზედიზედ ორი-სამი თამაში წააგოს, რომ „ვერცხლის სინისთვის“ ბრძოლა თავიდან დაიწყება და მერე ჩვენ ვიცით!
- არდადეგების დაწყებამდე თქვენს ყოფილ გუნდს, „შტუტგარტს“ კიდევ ერთხელ ხვდებით – ამჯერად გერმანიის თასზე. შვაბებს ისევ გაანადგურებთ?
- ფაქტი ერთია: „ბაიერნი“ თასის მეოთხედფინალში აუცილებლად უნდა გავიდეს, ამისათვის კი „შტუტგარტის“ დამარცხებაა საჭირო. ცხადია, ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ შვაბებს გოლი ან გოლები გავუტანო. ზოგადად, „შტუტგარტს“ ძალიან ვქომაგობ და ჩემი ყოფილი თანაგუნდელები მეცოდებიან იმის გამო, რომ პირველი წრე გასავარდნ ზონაში დაასრულეს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ამ გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია და არა მგონია, რომ VFB მეორე ბუნდესლიგაში გავარდეს. დარწმუნებული ვარ, „შტუტგარტი“ ბერლინის „ჰერტას“ ბედს არ გაიზიარებს.
- ხომ არ ნანობთ, ზამთრის პაუზა რომ იწყება – თქვენ ხომ ძალიან კარგ ფორმაში ხართ?
- არა, შობა და ახალი წელი ჩემი საყვარელი დღესასწაულებია.