გუშინ ვწერდით, რომ მარკ ვან ბომელის „ბაიერნიდან“ წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, გასარკვევი მხოლოდ ისღა დარჩა, როდის დატოვებს რეკორდმაისტერს მისი ჰოლანდიელი კაპიტანი - იანვარში, თუ სეზონის ბოლოს. იქვე შეგატყობინეთ, რომ მიუნხენელები ვან ბომელის შემცვლელად „ჰოფენჰაიმის“ საყრდენ ნახევარმცველ ლუის გუსტავოს კანდიდატურას განიხილავენ. დღეს კი უკვე შეგვიძლია გამცნოთ, რომ ლუის გუსტავოს მიუნხენში გადასვლაც ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რაც გუშინ „ჰოფენჰაიმის“ მფლობელმა, მილიარდერმა მეცენატმა დიტმარ ჰოპმა დაადასტურა.
ეს უკანასკნელი დარწმუნებულია, რომ ლუის გუსტავო ზაფხულში „ბაიერნს“ მიაშურებს. „ეჭვი არ მეპარება, რომ ზაფხულში გუსტავო მიუნხენში გადავა. ჩვენ მისი შენარჩუნება
მართალია, 23 წლის ძალიან პერსპექტიულ ნახევარმცველს „ჰოფესთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ჰოპი ამბობს, ხანგრძლივი კონტრაქტები იმიტომაც ფორმდება, რომ ფეხბურთელს უფრო მაღალი ფასი დაედოსო. ამრიგად, „ჰოფენჰაიმის“ მფლობელი მიიჩნევს, რომ ლუის გუსტავო მისი კლუბისთვის უკვე დაკარგული ფეხბურთელია და არც იმის წინააღმდეგია, რომ საყრდენი ნახევარმცველი „ბაიერნს“ იანვარში დაუთმოს – ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ჰოფე“ გუსტავოს შემცვლელს იპოვნის. ჰოპის თქმით, მისი შემცვლელის ახლავე პოვნის ალბათობა ძალიან მცირეა.
აი, „ჰოფეს“ მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკს კი თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იანვარში არაფრით არ ეთმობა. „ძალიან გამიკვირდება, ხელმძღვანელებმა ლუისი იანვარში რომ გაყიდონ. ჯერ ერთი, ეს ჩვენს გუნდს ძალიან შეასუსტებს და გარდა ამისა, მისი გაყიდვა სხვა ფეხბურთელებისთვის ძალიან ცუდი მაგალითი იქნება,“ - აცხადებს „პროფესორი რალფი“.
ლუის გუსტავო „ჰოფენჰაიმმა“ 2008 წელს „კორინთიანსიდან“ მილიონ ევროდ იყიდა. მას მერე, ბრაზილიელმა საყრდენმა ბუნდესლიგაში „სოფლელების“ რიგებში 72 მატჩი გამართა და ორი გოლის გატანა შეძლო. დღესდღეობით ლუის გუსტავოს ფასი დაახლოებით 15 მილიონი ევროა. „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუსტავო ვან ბომელის შემცვლელად უნდათ. ჰოლანდიელს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანახმა იყო, ოღონდ მინიმუმ ორწლიან კონტრაქტს ითხოვდა, რაზეც მიუნხენური გრანდის შეფებმა უარი უთხრეს. ახლა ვან ბომელს ორი ვარიანტი აქვს: „ბაიერნიდან“ ან იანვარში უნდა წავიდეს, ანაც ზაფხულში. თვითონ ფეხბურთელი ამბობს, გუნდს კაპიტანი შუა სეზონში რომ დატოვებს, ეს სასაცილოა და წესით, ასე არ უნდა მოხდეს, ყოველ შემთხვევაში, მიუნხენიდან იანვარში წასვლა არ მინდაო. „მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია,“ - დასძენს ვან ბომელი. მისი გადაბირება „ვოლფსბურგს“, „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერ სიტის“ სურთ.