გერმანიას ბორუსია შეუყვარდა

AutoSharing Option

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბუნდესლიგის პირველი წრე იმდენად კარგად ჩაატარა, რომ იურგენ კლოპის გუნდი მთელი საფეხბურთო გერმანიის მთავარი სასაუბრო თემაა. გერმანიას BVB შეუყვარდა, რაც ნამდვილად არაა გასაკვირი, რადგან „შავ-ყვითლები“ უაღრესად სანახაობრივ, სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და თანაც, კლოპის გუნდი უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ამას დაუმატეთ ისიც, რომ „ბორუსიამ“ პირველ წრეში 17-დან 14 თამაში მოიგო და უახლოეს მდევრებს, „ლევერკუზენსა“ და „მაინცს“ ათი ქულით გაასწრო.

გერმანული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი „ბორუსიას“ მწვრთნელით, კლოპითაა აღფრთოვანებული, „ჰამბურგის“ ჰოლანდიელ გოლეადორ რუუდ ვან ნისტელროის დორტმუნდის იაპონელ

გამთამაშებელ შინჯი კაგავაზე ამბოდებს, „ბაიერნის“ დამრიგებელი ლუის ვან გაალი კი დაუფარავად ამბობს, რომ „ბორუსია“ ჩემპიონობას იმსახურებს.

გასაკვირი არც ისაა, რომ ყველაზე მეტი ქება-დიდება კლოპმა დაიმსახურა. ფრანც ბეკენბაუერი: „იურგენი „ბორუსიასთვის“ ზედგამოჭრილი მწვრთნელია. კლოპი „დორტმუნდს“ იდეალურად მოერგო და პირადად მე ძალიან გამიხარდება, BVB-სთან ერთად გერმანიის ჩემპიონი რომ გახდეს. „ბორუსიას“ ახალგაზრდა და უაღრესად ნიჭიერ ფეხბურთელებს მწვრთნელის ნდობა სჭირდებათ და იურგენიც მათ თვალდახუჭული ენდობა, მუდმივად იცავს და ზომიერად ანებივრებს. სეზონის პირველი ნახევარი დორტმუნდელებმა მაჟორულ ნოტაზე ჩაატარეს და შემოდგომის ჩემპიონობა ასი პროცენტით დაიმსახურეს.“

კაიზერ-ფრანცს კლოპის იმპულსური ხასიათიც ძალიან მოსწონს: „იურგენი თავისი ემოციური და იმპულსური მიდგომით ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს ისე აღაფრთოვანებს, რომ ისედაც გენიალურ „ვესტფალენშტადიონზე“ ყოველთვის გრანდიოზული ატმოსფეროა ხოლმე შექმნილი. კლოპს უყვარს და ცხოვრობს ფეხბურთით. ამავდროულად, მისი ანალიტიკა ყოველთვის უმაღლესი ხარისხისაა და ფაქტია, რომ მისი დანახვა და მოსმენა გერმანიაში უკვე ყველას უხარია,“ - აცხადებს ბეკენბაუერი.

„ბორუსიას“ ახალ ლიდერს და მიმდინარე სეზონის უმთავრეს აღმოჩენას, იაპონელ შინჯი კაგავას კი, რომელიც დორტმუნდელებმა ზაფხულში სულ რაღაც 350 000 ევროდ შეიძინეს, რუუდ ვან ნისტელროის სახით უკვე ძალიან სერიოზული ფანი ჰყავს. ჰამბურგის 34 წლის ჰოლანდიელი გოლეადორი 21 წლის იაპონელს (8 გოლი ამ სეზონში) საუკეთესო ეპითეტებით ამკობს: „ბორუსიას“ თამაშებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებ, განსაკუთრებით კი კაგავას გამო, რომელიც დარწმუნებული ვარ, უდიდეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდება. ამ პატარა იაპონელის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. გაოგნებული ვარ იმის გამო, რომ შინჯი ბუნდესლიგაში იაპონიის მეორე ლიგიდან გადმოვიდა და პირველივე სეზონში ფურორი მოახდინა. ამას არავინ ელოდა, ცხადია, არც მე! კაგავას ბრწყინვალე გოლები გააქვს და ძალიან ჭკვიანურ პასებს არიგებს. ასეთ ფლეიმეიქერთან ერთად მეც უდიდესი სიამოვნებით ვითამაშებდი,“ - ვან ნისტელროი იქვე დასძენს, რომ მისი აზრით, კაგავა ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელია, რაშიც ჰოლანდიელს ბევრი დაეთანხმება.

მაგრამ „დორტმუნდი“ მარტო კლოპი და კაგავა არ არის. ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან ფურორი 18 წლის გარემარბმა, მარიო გიოტცემაც მოახდინა, რომელმაც იმდენი შეძლო, რომ უმოკლეს დროში გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის ყურადღება დაიმსახურა. 18 წლის ფეხბურთელის კვალობაზე გიოტცე უკვე ძალიან შორსაა წასულიო, ამბობს ლიოვი, რომელსაც „ბორუსიას“ ბრილიანტი უკვე ბუნდესგუნდის გაფართოებულ სიაში ჰყავს შეყვანილი და ამას წინათ ნაკრებში გამოძახებულიც ჰყავდა.

მართალია, გერმანიის ჩემპიონატის დასრულებამდე 17 ტური, ანუ, მთელი მეორე წრეა დარჩენილი, მაგრამ ბუნდესმწვრთნელის აზრით, ჩემპიონის ვინაობა უკვე გარკვეულია. იოგი: „ბორუსია“ სატურნირო ცხრილის დამსახურებული ლიდერია. კლოპს ძალიან ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, რომელიც დინამიკურ, სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს. პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ ჩემთვის უკვე ცხადია, რომ „ბორუსიას“ პირველი ადგილიდან ჩამოგდება ძალიან ძნელი იქნება და ეს თითქმის შეუძლებელია. იმისათვის, რომ BVB-ს სერიოზული კონკურენცია გაუწიონ, „ლევერკუზენმა“ ან „ბაიერნმა“ მეორე წრეში სასწაული უნდა მოახდინონ.“

ფაქტი ერთია: დიდი შანსია, რომ ლიოვის პროგნოზი გამართლდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული