შალკე ძლივს, ჰოფე ერთი ამოსუნთქვით

AutoSharing Option


სამშაბათს გერმანიის თასის მერვედფინალის ოთხი მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ მხოლოდ ორი შეხვედრა შედგა. „ოფენბახისა“ და „ნიურნბერგის“, ასევე „კობლენცისა“ და „კაიზერსლაუტერნის“ დაპირისპირებები დიდთოვლობის გამო გადაიდო. „შალკემ“ „აუგსბურგი“ გააგდო, „ჰოფენჰაიმმა“ კი - „გლადბახი“.

აუგსბურგი-შალკე 0:1
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰაეგი, მიორლე, სანკო, ბელინგჰაუზენი - ბრინკმანი, კვაკმანი - ს. ჰაინი, იორლი, ვერნერი (75. თურკი) - რაფაელი (60. ბერტრამი).
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა (92. მატიპი), ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - კლუგე, რაკიტიჩი - ფარფანი, ხურადო (54. ედუ/89. პაპადოპულოსი) - ჰუნტელაარი, რაული.
გოლი: 0:1 ფარფანი (84)
გაფრთხილება:

სანკო - მეტცელდერი, ჰუნტელაარი
მაყურებელი: 30 660

ჰოფენჰაიმი-ბორუსია (მ) 2:0
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): ჰაასი - ბეკი, ვორსა, კომპერი, იბერტსბერგერი - რუდი, ლუის გუსტავო (91. იაისლე) - ვუკჩევიჩი, სალიჰოვიჩი - სიგურდსონი (89. თომალა), ბა (80. მლაპა).
ბორუსია მ. (4-1-2-2-1): ჰაიმეროთი - ლეველსი, კალსენ-ბრაკერი, დემსი, ვისინგი - ნოიშტედტერი - მარქსი (46. ჰერმანი), ბრედლი - როისი (89. ბეკერი), არანგო (67. მატმური) - დე კამარგო.
გოლები: 1:0 სიგურდსონი (35), 2:0 ბა (63)
გაფრთხილება: სიგურდსონი, რუდი, ვორსა
მაყურებელი: 23 500

ოფენბახი-ნიურნბერგი გადაიდო

კობლენცი-კ’ლაუტერნი გადაიდო


მეორე ბუნდესლიგის ლიდერმა „აუგსბურგმა“ გერმანიის თასის მერვედფინალში „შალკე“ ძალიან დიდხანს აწვალა და ანერვიულა. გელზენრკიხენელებმა თამაში მაინც მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, საკმაოდ გვიანი, 84-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, რომელიც ჯეფერსონ ფარფანის ანგარიშზეა.

მართალია, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ გელზენკირხენელებმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს. თვითონ განსაჯეთ: „შალკემ“ „აუგსბურგის“ კარისკენ პირველი დარტყმა მხოლოდ მე-60 წუთზე განახორციელა (რაული, ააცილა). ესეც რომ არ იყოს, შალკელები მეკარე მანუელ ნოიერს უნდა უმადლოდენ, ანგარიში „აუგსბურგმა“ რომ არ გახსნა. ნოიერმა 65-ე წუთზე ვერნერის, ხოლო 82-ე წუთზე კი აუგსბურგელთა გოლეადორ მიხაელ თურკის დარტყმები მოიგერია.

ფელიქს მაგათი თავისი შეგირდების თამაშით უკმაყოფილო იყო, რაც თუნდაც იმაზე დაეტყო, რომ მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული ედუ 35 წუთში მოედნიდან ისევ გაიყვანა. მატჩის წინ ფელიქსი ფეხბურთელებს დაპირდა, თუ „აუგსბურგს“ მოუგებთ, შვებულებას გაგიხანგრძლივებთ და 26 დეკემბრის ნაცვლად 2 იანვარს შევიკრიბებითო, მაგრამ დიდი შანსია, რომ ასეთი თამაშის მერე მაგათმა დაპირება არ შეასრულოს და ფეხბურთელებს ახალი წელი ბაზაზე გაატარებინოს.


გლადბახის კრიზისი დამძიმდა

„ჰოფენჰაიმმა“ 2010 წელი წარმატებით დაასრულა. რალფ რანგნიკის გუნდმა გერმანიის თასის მერვედფინალში მიონხენგლადბახის „ბორუსია“ უპრობლემოდ დაამარცხა (2:0) და მეოთხედფინალში გავიდა. ბუნდესლიგის აუტსაიდერ „გლადბახს“ 90 წუთის განმავლობაში ერთი რეალური საგოლე შანსიც კი არ ჰქონია - მიხაელ ფრონტცეკის შეგირდები ძალიან უემოციოდ თამაშობდნენ და ზედმეტად ბევრ შეცდომას უშვებდნენ. იმ დროს, როცა სიგურდსონმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა, „გლადბახის“ მეკარე ჰაიმეროთი გამოიყურებოდა ძალიან ცუდად, დემბა ბას გოლის მომენტში კი „სოფლელების“ თავდამსხმელმა სეიად სალიჰოვიჩის მიერ ჩაწოდებული კუთხურის დროს ერთბაშად ოთხ (!) მიონხენგლადბახელს აჯობა და თამაშის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტა. ეს იყო „გლადბახის“ ზედიზედ მე-6 მარცხი - გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს.

მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გადაწყვეტილია, რომ მიონხენგლადბახური კლუბის ხელმძღვანელები ფრონტცეკს არ გაათავისუფლებენ. „ბორუსიას“ მეორე წრესაც ეს სპეციალისტი დააწყებინებს.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული