რენზინგი თხებმა შეიფარეს

AutoSharing Option

ფოლკერ ფინკეს „კიოლნის“ სპორტულ დირექტორად მუშაობა ოფიციალურად ჯერ არ დაუწყია, მაგრამ უკვე პირველი ტრანსფერი სრულყო: გუშინ „კიოლნმა“ კონტრაქტი გაუფორმა მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილ მეკარეს, მიხაელ რენზინგს, რომელიც ზაფხულის მერე უკლუბოდ იყო. ამ ხუთი თვის განმავლობაში 26 წლის რენზინგი ბეცირკსობერლიგელ „გარხინგში“ ვარჯიშობდა და ცდილობდა, ფორმა შეენარჩუნებინა. „კიოლნთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა სეზონის ბოლომდე აქვს და თუ მიხაელმა იმედები გაამართლა, „თხები“ მას უფრო ხანგრძლივ კონტრაქტს გაუფორმებენ.

„ეს ხუთი თვე ჩემს ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი იყო. „ბაიერნის“ მეკარეობის მერე უმუშევრად დარჩენა და ხუთი თვე უსაქმოდ ყოფნა

ნებისმიერისთვის ტრაგედია იქნებოდა და არც მე ვარ გამონაკლისი. თუმცა ყოველდღე ვვარჯიშობდი და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში ვარ. მიხარია, რომ „კიოლნში“ ლუკას პოდოლსკი დამხვდება - ადამიანი, რომელიც „ბაიერნში“ ჩემი თანაგუნდელი და მეგობარი იყო,“ - განაცხადა რენზინგმა ოფიციალური პრეზენტაციის დროს. 26 წლის მიხაელი „კიოლნში“  ფარიდ მონდრაგონს შეცვლის. ამ უკანასკნელმა უკვე გააფორმა კონტრაქტი „ფილადელფიასთან“ და იანვრიდან კარიერას აშშ-ში გააგრძელებს.


„მიხაელ რენზინგი ძალიან კარგი მეკარეა. შესაძლოა, „ბაიერნში“ ვერ გაამართლა, მაგრამ „კიოლნისთვის“ ამ ეტაპზე ზედგამოჭრილი კიპერია, - აცხადებს ფინკე და იქვე დასძენს, - ჩვენი მიზანი ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. მწვრთნელობა აღარ მინდოდა და სხვათა შორის, არც სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ვაპირებ.“

ფინკე არც იმას გამორიცხავს, რომ „კიოლნში“ ერთი-ორი იაპონელი ფეხბურთელი ჩაიყვანოს. მოგეხსენებათ, ფოლკერი ერთი წელი იაპონიაში მუშაობდა და იქაურ ბაზარს ძალიან კარგად იცნობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული