საგიჟეთი გერმანიის თასზე

AutoSharing Option

გერმანის თასის მერვედფინალურ ეტაპზე ძალიან მშვიდ სამშაბათს, ოთხშაბათის სახით ნამდვილი საგიჟეთი მოჰყვა. „შტუტგარტმა“ და „ბაიერნმა“ კვირას, ბუნდესლიგის ეგიდით დადგმული სპექტაკლი გაიმეორეს - მიუნხენურმა გრანდმა შვაბური კლუბი ისევ არასაფეხბურთო ანგარიშით დაამარცხა, დანარჩენ სამ შეხვედრაში კი მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენლებმა ელიტელები დაამარცხეს: არც „აინტრახტი“, არც „ვოლფსბურგი“, არც „კიოლნი“ - მეოთხედფინალში „ალემანია“, „კოტბუსი“ და „დუისბურგი“ გავიდნენ.

ალემანია-აინტრახტი 0:0 (პ.ს. 5:3)

ალემანია (4-1-2-1-2): ჰოჰსი - კასპერი, შტელე, ფაისტჰამელი, ახენბახი - კრატცი - ჰიოგერი, იუნგლასი - არსლანი - აუერი, გეიე (76. ცუმუ).
აინტრახტი (4-2-3-1): ფერმანი - ს. იუნგი,

ვასოსკი, შვეგლერი, ცაველასი - კლერკი, კიოლერი (83. ფენინი) - ოხსი (120. ამანატიდისი), ა. მაიერი, ჰალილ ალთინთოფი (95. კაიო) - გეკასი.
მე-15 წუთზე ჰიოგერმა (ალემანია) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 1:0 ჰიოგერი (93), 1:1 ფენინი (99)
პენალტების სერია: 1:0 იუნგი, 1:1 ფენინი, 2:1 ახენბახი, 2:1 ა. მაიერი (ააცილა), 3:1 არსლანი, 3:2 კაიო, 4:2 შტელე, 4:3 ამანატიდისი, 5:3 აუერი
გაფრთხილება: კასპერი - გეკასი, ცაველასი, ვასოსკი
გაძევება: შვეგლერი (14. აინტრახტი)
მაყურებელი: 32 160


შტუტგარტი-ბაიერნი 3:6
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, დელპიერი, მოლინარო (35. კუჟმანოვიჩი) - ტრეში, გენტნერი (89. ბიჩაქჩიჩი) - ჰარნიკი, ბოკა - პოგრებნიაკი, კაკაუ.
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბრენო, პრანიჩი - ვან ბომელი (54. ვან ბუიტენი), ოტლი - თ. მიულერი, შვაინშტაიგერი, რიბერი - გომესი (30 კლოზე).
74-ე წუთზე გენტნერმა (შტუტგარტი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 0:1 ოტლი (6), 0:2 გომესი (8), 1:2 პოგრებნიაკი (32), 2:2 პოგრებნიაკი (52), 2:3 კლოზე (52), 3:3 დელპიერი (77), 3:4 თ. მიულერი (81), 3:5 კლოზე (86), 3:6 რიბერი (94)
გაფრთხილება: ბოკა - ტიმოშჩუკი
გაძევება: ბულარუზი (67. შტუტგარტი), დელპიერი (87. შტუტგარტი)
მაყურებელი: 40 500


ვოლფსბურგი-კოტბუსი 1:3
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - რიტერი, კიაერი, მადლუნგი, მ. შეფერი - ჟოსუე (72. ჩიგერჩი), კალენბერგი (84. ა. ფრიდრიხი) - გრაფიტე, დიეგო, მანჯუკიჩი (46. სისერო) - ჯეკო.
კოტბუსი (4-2-3-1): კირშბაუმი - ბიტროფი, ჰიუნემაიერი, ბრჟენსკა, ციბიგი - კრუშკა, როგერი - შაო (78. აფრიიე), რეიმერინკი (63. კურთი), პეტერსენი (86. რადუ) - იულა.
გოლები: 0:1 პეტერსენი (2), 0:2 შაო (40), 0:3 პეტერსენი (43), 1:3 ჯეკო (56)
გაფრთხილება: მანჯუკიჩი, დიეგო, ჯეკო - კრუშკა, როგერი
მაყურებელი: 10 801


კიოლნი-დუისბურგი 1:2
კიოლნი (4-2-3-1): მონდრაგონი - ბრეჩკო, ჟერომელი, მოჰამადი (46. მაკენა), ერეთი (46. ზალგერი) - ლანიგი, მატუშიკი - ჟაჟალო, იალსინი (65. კლემენსი), პოდოლსკი - ტეროდე.
დუისბურგი (4-2-3-1): იელდელი - ბ. კერნი, ბრუნო სუარესი, ბაიჩი, ვეინაუ - კოხი, გრლიჩი - შაჰანი, ტროიანი (91. რაიხე), ბალიაკი (85. ილმაზი) - მაიერჰოფერი (89. შეფლერი).
გოლები: 0:1 მაიერჰოფერი (3), 0:2 კოხი (76), 1:2 ტეროდე (84)
გაფრთხილება: პოდოლსკი, იალსინი, ერეთი, მატუშიკი - მაიერჰოფერი
მაყურებელი: 44 500


კვირას 3:5, ოთხშაბათს 3:6 - „შტუტგარტმა“ და „ბაიერნმა“ „მერსედეს ბენც არენაზე“ კიდევ ერთი, ამჯერად ერთი გოლით უხვგოლიანი სპექტაკლი დადგეს. ოთხი დღის ინტერვალში ჩატარებულ ორ შეხვედრაში გუნდი 11 გოლს რომ გაიტანს, საუკეთესო ეპითეტებს იმსახურებს, მაგრამ ასეთების ჩამორიგებისგან ისევ თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ორ თამაშში 11 გოლის გატანა კი კარგია, მაგრამ ექვსი გოლის გაშვება ფესტივალს აკნინებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რეკორდმაისტერს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს. აკი, ბასტიან შვაინშტაიგერმაც თქვა მატჩის მერე, დაცვაში ისეთ შეცდომებს ვუშვებთ, რომ თმები ყალყზე დამიდგება ხოლმეო. „გერმანიის თასზე კიდევ არა უშავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში დაცვის ხაზის ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ“, - ამბობს შვაინი.

მიუნხენელებს ბლიც-სტარტი გამოუვიდათ: მე-6 წუთზე ოტლმა ანგარიში გახსნა და ორ წუთში გომესმა მეორე შეაგდო. მარიოსთვის ეს ბოლო 15 ოფიციალურ მატჩში მე-19 გოლი გამოვიდა. გომესი ყოფილ თანაგუნდელებს კიდევ გაუტანდა, რომ არა დასანანი მცირე ტრავმა, რის გამოც იძულებული გახდა, მოედანი 30-ე წუთზე დაეტოვებინა. „შტუტგარტის“ ქომაგებმა გომესსაც უსტვინეს და თავისი საყვარელი გუნდის ფეხბურთელებსაც, მაგრამ პაველ პოგრებნიაკმა შესვენებამდე ორი გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მეორე ტაიმში კი უფრო დიდი საგიჟეთი ვიხილეთ: 52-ე წუთზე თამაშში გომესის ნაცვლად ჩართულმა მირო კლოზემ „ბაიერნი“ ისევ დააწინაურა; ზუსტად ორ წუთში ვან გაალმა მარკ ვან ბომელი მოედნიდან გაიყვანა (ვან ბუიტენი შეუშვა), რის გამოც კაპიტნის რისხვა გამოიწვია, ვან გაალმა კი თქვა, ფეხი სტკიოდა და მოედნიდან გასვლა მაინც არ უნდოდაო. 57-ე წუთზე მარტინ ჰარნიკმა ჰანს-იორგ ბუტის კარის ძელი შეაზანზარა, ათ წუთში კი „შტუტგარტის“ მარჯვენა მცველმა ხალიდ ბულარუზმა მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად გაძევება დაიმსახურა. საინტერესო ისაა, რომ შვაინშტაიგერი, ვისზეც ბულარუზი დაჯარიმდა, მსაჯს სთხოვდა, მოედნიდან ნუ გააძევებო. ბასტიანის აზრით, ჯარიმა არ იყო ისეთი სავალალო, რომ ჰოლანდიელს მეორე გაფრთხილება მიეღო, მაგრამ მსაჯს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ შეუცვლია.

74-ე წუთზე შვაბებს ანგარიშის გათანაბრების ბრწყინვალე შანსი ჰქონდათ, როცა ბუტმა კაკაუსთან ორთაბრძოლისას, საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, მაგრამ კრისტიან გენტნერმა პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა სამ წუთში ანგარიში მაინც გათანაბრდა: დელპიერმა კუთხურიდან თავით იხეირა - 3:3. ის ის იყო, ხალხმა იფიქრა, მეტი აღარაფერი მოხდება და სეირი დამატებულ ტაიმებში გაგრძელდებაო, რომ მიუნხენელებმა „შტუტგარტს“ ათ წუთში სამი გოლი გაუტანეს.


როდის გააგდებენ მაკლარენს?
„ვოლფსბურგი“ გერმანიის თასიდან სამარცხვინოდ გავარდა და გერმანიის ექს-ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი სტივ მაკლარენი, წესით დღეს-ხვალ უმუშევარი უნდა დარჩეს. საკუთარ „ფოლკსვაგენარენაზე“ „კოტბუსთან“ 1:3 წაგება მას ლოგიკურად არ უნდა აპატიონ. თანაც, „ვოლფსბურგი“ ბუნდესლიგაშიც საშინელ დღეშია, პირველი წრე მე-13 ადგილზე დაასრულა. ფაქტია, რომ ინგლისელმა სპეციალისტმა, რომელიც „მგლების“ თავკაცად სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დანიშნეს, ვერ მოახერხა საკმაოდ კარგი შემადგენლობის ისე შეთამაშება, რომ გუნდი გუნდს დაემსგავსოს. 

მაგალითად, 43-ე წუთზე „კოტბუსის“ ნახევარმცველმა რეიმერინკმა, რომელიც „ენერგიმ“ მაკლარენის ყოფილ კლუბ „ტვენტედან“ სულ რაღაც 200 000 ევროდ იყიდა, ისე გააცურა „ვოლფსბურგის“ 12 მილიონ ევროდ ნაყიდი მცველი სიმონ კიაერი, რომ წესით, დანიელ უკანახაზელს ძალიან უნდა რცხვენოდეს.

 

აახენის „ალემანია“ გერმანიის თასის მუდმივი სიურპრიზის წოდებას წარმატებით ინარჩუნებს. თასზე სენსაციური წარმატებების მიღწევის ადრინდელ გამოცდილებას აახენელებმა წელს კიდევ ორი სენსაცია შემატეს: „ალემანიამ“ „მაინცის“ შემდეგ თასიდან კიდევ ერთი პირველბუნდესლიგელი, ფრანკფურტის „აინტრახტი“ გააგდო - გუნდი, რომელმაც გასულ უქმეებზე დორტმუნდის „ბორუსიას“ დამარცხება შეძლო. შეხვედრის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებითი 1:1, პენალტების სერიაში კი „ალემანიამ“ იმის გამო მოიგო, რომ ფრანკფურტელ ალექს მაიერს ნერვებმა უმტყუნა.

აახენელები, ისევე, როგორც მეოთხედფინალში გასული ყველა გუნდი (მათ შორის „დუისბურგიც“, რომელმაც „კიოლნი“ გააგდო), გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან თითო მილიონ ევროს მიიღებენ. სწორედ ასე ფასდება გერმანიის თასის მეოთხედფინალში გასვლა.


ბაიერნი აახენში ჩავა!
უკვე გაიმართა მეოთხედფინალის წილისყრაც. გუნდები ასე დაწყვილდნენ: შალკე-ოფენბახი/ნიურნბერგი, კოტბუსი-ჰოფენჰაიმი, ალემანია-ბაიერნი, დუისბურგი-კობლენცი/კაიზერსლაუტერნი. როგორც ვიუწყებოდით, „ოფენბახისა“ და „ნიურნბერგის“, ასევე „კობლენცისა“ და „კაიზერსლაუტერნის“ მერვედფინალური თამაშები დიდთოვლობის გამო გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ეს შეხვედრები. ფაქტი ის არის, რომ 26 იანვრამდე უნდა გაიმართოს, რადგან 26 იანვარს მეოთხედფინალური თამაშებია დაგეგმილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული