ჰანკემ სეზონი გახსნა!

AutoSharing Option

ზაფხული 2011 თუ სულაც 2012 - როდის გადავა მანუელ ნოიერი „შალკედან“ „ბაიერნში“, ან გადავა კი საერთოდ? დღესდღეობით ეს საფეხბურთო გერმანიის მთავარი სალაპარაკო და სადისკუსიო თემაა, მაგრამ ნოიერის მიუნხენში გადაბარგების პერსპექტივა „ხვალინდელი დღის მოსალოდნელი თოვლია“. შესაბამისად, უმჯობესია, უკვე განხორციელებულ ტრანსფერებზე ვილაპარაკოთ. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად პირველ იანვარს იხსნება, ბუნდესლიგაში 11 ტრანსფერი უკვე განხორციელდა. სიას ქვემოთ გაეცნობით, მანამდე კი რამდენიმე სატრანსფერო სიახლე ბუნდესლიგიდან:


ბეინესმა ბაიერნი იუარა

ბოლო დღეებში გერმანულ პრესაში მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ ინგლისის ნაკრებისა და

„ევერტონის“ ფეხბურთელის, ლეიტონ ბეინესის გადაბირება უნდა. ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც იუწყებოდნენ, რომ მიუნხენური კლუბის მენეჯერი კრისტიან ნერლინგერი ინგლისში იმყოფებოდა და „ევერტონის“ ფლანგის მცველს აკვირდებოდა. ნერლინგერი „ევერტონისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩს დაესწრო. „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე ბეინესს ძალიან საინტერესო ფეხბურთელს უწოდებს, ინგლისიდან დაბრუნებულმა ნერლინგერმა კი თქვა, რომ ევერტონელი ძალიან მოეწონა.


მაგრამ რამდენად მოსწონს ბეინესს „ბაიერნში“ გადასვლის პერსპექტივა? - საკითხავი, აი, ეს არის. 26 წლის მარცხენა მცველმა „ლივერპულ დეილი პოსტს“ განუცხადა, რომ არსად წასვლაზე არ ფიქრობს.


„სპეკულაციების შესახებ კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ჩემი თამაშის სანახავად ძალიან ბევრი ჩამოდის, მაგრამ მე მხოლოდ „ევერტონზე“ ვარ კონცენტრირებული. აქედან წასვლა არ მინდა,“ - აღნიშნა ბეინესმა, რომელმაც ზაფხულში ლივერპულულ კლუბთან ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ისე კი, ამ კლუბში 2007 წლიდან თამაშობს. ბეინესი „ევერტონამდე“ „უიგანის“ ღირსებას იცავდა.



ლევერკუზენმა იაპონელი იყიდა და გაანათხოვრა

„ლევერკუზენმა“ გუშინ ორი ტრანსფერი სრულყო და საქმე ორივე შემთხვევაში ერთ ფეხბურთელს ეხება. „ფარმაცევტებმა“ იაპონური „ურავა რედ დაიმონდსიდან“ ჰაიმე ჰოსოგაი გადაიბირეს და იმავე დღეს, 2012 წლამდე ყოველგვარი საზღაურის გარეშე მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ „აუგსბურგში“ გაანათხოვრეს. 24 წლის იაპონელმა „ლევერკუზენთან“ ოთხწლინახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა.

 


ვერდერი: არანაირი მეგა-ტრანსფერი

მიუხედავად ბუნდესლიგის პირველი წრის კატასტროფულად ჩატარებისა, ბრემენის „ვერდერის“ ხელმძღვანელები იანვარში მეგატრანსფერის განხორციელებას კატეგორიულად გამორიცხავენ.


„ჩვენ არ გვაქვს საიმისო ფინანსები, რომ ზამთარში შევიძინოთ ფეხბურთელი, რომელიც ოთხი ან ხუთი მილიონი ევრო ეღირება. ასეთი ფეხბურთელი რომ ვიყიდოთ, ისეთი ხელფასი უნდა მივცეთ, რომლის გადახდაც არ შეგვიძლია, რადგან ევროტურნირებს გამოვეთიშეთ და არ ვიცით, ვითამაშებთ თუ არა გაისად ჩემპიონთა ლიგაში ან ევროპის ლიგაში“, - ეს ბრემენული კლუბის სპორტული დირექტორის, კლაუს ალოფსის სიტყვებია.


ალოფსისთვის მთავარი ის არის, რომ „ვერდერს“ ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავდეს. კლაუსი დარწმუნებულია, რომ თუ მეორე წრეში „ვერდერს“ არავინ დაუშავდება, „მუსიკოსები“ სეზონის მეორე ნახევარს პირველზე გაცილებით უკეთ ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ პირველი წრე „ვერდერმა“ მე-14 ადგილზე დაასრულა. ამ დღეებში ბრემენულ კლუბთან დაკავშირებით მხოლოდ ორი სატრანსფერო ჭორი ვრცელდება. ჩვენი გერმანელი კოლეგები ბრემენელთა თავდამსხმელ უგო ალმეიდას თურქულ „ბეშიქთაშში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ და დღენიადაგ გაიძახიან, რომ „ვერდერში“ მას „კაიზერსლაუტერნის“ გოლეადორი სრდიან ლაკიჩი შეცვლის.

ფეხბურთელი საიდან სად რამდენად
მაიკ ჰანკე ჰანოვერი ბორუსია (დ) უფასოდ
ფირმინიო ფიგერენსე ჰოფენჰაიმი 4 მლნ
ველინგტონი ჰოფენჰაიმი ფიგერენსე უფასოდ
მიხაელ რენზინგი უკლუბოდ კიოლნი უფასოდ
მორიტც ლაიტნერი მიუნხენ 1860 ბორუსია (დ) 600 000
ფარიდ მონდრაგონი კიოლნი ფილადელფია უფასოდ
ტიმო ოხსი უკლუბოდ ნიურნბერგი უფასოდ
მეთიუ სპირანოვიჩი ნიურნბერგი ურავა 450 000
დარიო ვიდოშიჩი ნიურნბერგი არმინია არენდა
ფელიქს ბორხა მაინცი პუებლა უფასოდ
ჰაიმე ჰოსოგაი ლევერკუზენი აუგსბურგი არენდა

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული