„ვოლფსბურგის“ ხელმძღვანელებმა კიდევ ერთი არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს: მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ექს-ჩემპიონმა ბუნდესლიგის პირველი წრე მისთვის სამარცხვინო, მე-13 ადგილზე დაასრულა, ოთხშაბათს კი გერმანიის თასიდან გავარდა (1:3 მეორებუნდესლიგელ „კოტბუსთან“, მერვედფინალში), შეფებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ მაკლარენი პოსტზე დატოვეს - ინგლისელი სპეციალისტი, რომელიც გერმანიაში უკვე ხელმოცარულ მწვრთნელად მიიჩნევა, „მგლებს“ მეორე წრეშიც უხელმძღვანელებს.
ეს გადაწყვეტილება „ვოლფსბურგის“ ხელმძღვანელების რამდენიმესაათიანი სხდომის შედეგია, რომელიც ხუთშაბათს შედგა. გერმანიაში აბსოლუტურად ყველა ფიქრობდა, რომ დირექტორთა საბჭო მაკლარენს გაათავისუფლებდა. რაკი სტივი პოსტზე რჩება, გამოდის, რომ „ვოლფსბურგში“ საკადრო ცვლილებებს უნდა ველოდოთ.
რამდენიმესაათიან სხდომას ხელმძღვანელების გარდა (მენეჯერ დიტერ ჰიონესის თაოსნობით), თვითონ მაკლარენი და ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ. დასკვნა: „გუნდში ყველაფერს დავალაგებთ. იქნება ცვლილებები როგორც შემადგენლობაში, ისე სამწვრთნელო შტაბშიც. ფაქტია, რომ ასეთი წყობითა და შემადგენლობით წარმატებებს ვეღარ მივაღწევთ,“ - განუცხადა ჰიონესმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს. ამრიგად, როცა მაკლარენი 2 იანვარს შეგირდებს შეკრებს და მეორე წრისთვის მზადებას დაიწყებს, „მგლებში“ სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.
ჰიონესმა და მაკლარენმა ამ მხრივ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს. დღეიდან ქარიმ ზიანი და კაიუბი „ვოლფსბურგის“ ბუნდესლიგის განაცხადში აღარ არიან - მაკლარენმა ორივე ფეხბურთელი მეორე, მოყვარულთა გუნდში გადაისროლა. სამაგიეროდ, სტივმა მეორე გუნდიდან ძირითადში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გადაიყვანა, რომლებიც „ვოლფსბურგს“ მოსამზადებელ შეკრებაზეც გაჰყვებიან.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მაკლარენმა სხვებთან ერთად, ძირითად გუნდში წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი, აკაკი გოგიაც გადაიყვანა, რომელიც გერმანიის 23-წლამდელთა ნაკრების წევრია და უჩნდება შანსი, მწვრთნელს შეკრებაზე თავისი შესაძლებლობები დაუმტკიცოს. გამორიცხული არაა, რომ ბუნდესლიგის მეორე წრეში გოგია „ვოლფების“ საბუნდესლიგო განაცხადში ვიხილოთ. გოგიას ბედი კევინ ვოლცემ, მიხაელ შულცემ და გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრმა, ფლორიან ჰართერცმაც გაიზიარეს.
„გუნდში უკვე იწყება დიდი საკადრო ცვლილებები. ამიერიდან ჩვენ აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთებთ. ზამთარში კარდინალური ცვლილებების განხორციელება რთულია, სამაგიეროდ, ზაფხულშია ადვილი, მაგრამ პირველ ნაბიჯებს ახლავე გადავდგამთ“, - აცხადებს ჰიონესი.
ფაქტია, რომ კიდევ დიდხანს არ გაირკვევა ედინ ჯეკოს საკითხი, რომელსაც მთხოვნელების უდიდესი რიგი უდგას. რაკი „ვოლფსბურგმა“ მაკლარენს ნდობა გამოუცხადა, ბოსნიელი გოლეადორის გუნდიდან წასვლა კიდევ უფრო რეალური გახდა, რადგან ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ჯეკოს და მაკლარენს ერთმანეთი გულზე არ ეხატებათ.
აქვე შეგახსენებთ, რომ 49 წლის მაკლარენს „ვოლფსბურგთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული და წელიწადში 3 მილიონ ევროს უხდიან. სტივი „მგლების“ დამრიგებლად ზაფხულში დაინიშნა, მანამდე კი „ტვენტე“ ჰოლანდიის ჩემპიონი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელებმა გუნდი გაუძლიერეს (შენაძენები: დიეგო, კიაერი, მანჯუკიჩი, სისერო), „ვოლფსბურგმა“ პირველი წრე საშინლად ჩაატარა (მე-13 ადგილი).