ფელიქს მაგათი - მთავარია, გქონდეს ფული!

AutoSharing Option

მართალია, „შალკემ“ ბუნდესლიგის პირველი წრე მე-10 ადგილზე დაასრულა, რაც გელზენკირხენული კლუბისთვის ძალიან ცუდი შედეგია თუნდაც იმიტომ, რომ წინა სეზონში „ხუმარები“ გერმანიის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, სამაგიეროდ, ფელიქს მაგათის გუნდი გერმანიის თასის მეოთხედფინალშია და ჩემპიონთა ლიგაშიც კარგად ასპარეზობს (ჯგუფიდან გავიდა). ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ „შალკემ“ მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ძალიან ბევრი ფული გამოიმუშავა - უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 32 მილიონი ევრო.

შემოსავლის უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევაზე მოდის. ჯგუფში მოხვედრის გამო მიღებული ფული, პრემიები თოთოეულ მოპოვებულ

ქულაზე, მარკეტინგ-შემოსავლები, გაყიდული ბილეთებიდან აღებული თანხა და პრემიები პირადი სპონსორებისგან (გაზპრომი, ადიდასი) - ეს ყველაფერი სულ 30 მილიონ ევროს შეადგენს.

ჩემპიონთა ლიგიდან მიღებულ ფულთან შედარებით, გერმანიის თასზე აღებული შემოსავალი სასაცილოა - 2 მილიონი ევრო. ეს თანხა „შალკემ“ გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან, ტელეკომპანიებისგან და გაყიდული ბილეთებით „შეაკოწიწა“.

„ფეხბურთელებისთვის საუკეთესო მწვრთნელი ყოველთვის ისაა, ვის ხელშიც მოთამაშეები ყველაზე მეტ ფულს შოულობენ“, - აცხადებს თვითკმაყოფილი მაგათი და უნდა ვთქვათ, რომ მას ნამდვილად აქვს ამის მიზეზი, რადგან გელზენკირხენული კლუბი ვალებშია ჩაფლული, რის გამოც გუნდისთვის თითოეულ მილიონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

საკმარისია, „შალკემ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ესპანური „ვალენსია“ გააგდოს, რომ გუნდი კიდევ 5 მილიონს მიიღებს და თუ „ხუმარები“ გერმანიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპსაც გადალახავენ, სადაც „ოფენბახს“ ან „ნიურნბერგს“ უნდა დაუპირისპირდნენ, ბიუჯეტს კიდევ 2 მილიონით შეავსებენ.

ფული „შალკესთვის“ დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გელზენკირხენელებმა ზაფხულში კლაას-იან ჰუნტელაარში 14 მილიონი გადაიხადეს, მანუელ ხურადოში კი -13 მილიონი (აღარაფერს ვამბობთ სხვა, წვრილ-წვრილ ტრანსფერებზე) და თუ გახსოვთ, „შალკე“ ზაფხულის სატრანსფერო სეზონამდეც ყელამდე ვალებში იყო. ტრანსფერებისთვის ის 30 მილიონიც ძლივს გამოიყო, მაგრამ როგორც ხედავთ, მაგათმა ზაფხულში დახარჯული ფული უკვე ამოიღო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული