ჰიტცფელდი: ბაიერნს ვან ბომელი სჭირდება!

AutoSharing Option

დიდი ხანია, ოტმარ ჰიტცფელდი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის, მაგრამ მის აზრს მიუნხენურ კლუბში დღესაც უდიდეს პატივს სცემენ. „გენერალი“ რეკორდმაისტერს ამჯერად მარკ ვან ბომელის შენარჩუნებას ურჩევს, რადგან მიაჩნია, რომ „ბაიერნს“ ჰოლანდიელი ძალიან სჭირდება და რომ მისი ახლავე გასხვისება, ან ზაფხულში გაშვება მცდარი ნაბიჯი იქნება.

„მარკ ვან ბომელი არის ფეხბურთელი, რომელიც „ბაიერნისთვის“ აბსოლუტურად ყველაფრის გარანტიაა. პირდაპირ ვიტყვი: ასეთ ფეხბურთელზე ნებისმიერი მწვრთნელი ოცნებობს, ან, უფრო სწორად, უნდა ოცნებობდეს. ვფიქრობ, მიუნხენურ კლუბს ვან ბომელი ჯერ კიდევ ძალიან სჭირდება და ასე იქნება 2012 წლის

ზაფხულამდე. ასე რომ, მე თუ მკითხავთ, ბავარიელებმა მარკს ორწლიანი კონტრაქტი უნდა გაუფორმონ“, - ამბობს ჰიტცფელდი და აქვე შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ვან ბომელს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რაზეც ჰოლანდიელი უარს აცხადებს, რადგან უნდა, რომ დღესვე იცოდეს, სად ითამაშებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის სეზონში.

ვან ბომელით არაერთ ინგლისურ კლუბთან ერთად, სერიოზულად დაინტერესებულია გერმანიის ექს-ჩემპიონი „ვოლფსბურგიც“ და როგორც ფეხბურთელის აგენტი აცხადებს, მარკის ყიდვა კიდევ რამდენიმე გერმანულ კლუბსაც უნდა. თვითონ ვან ბომელმა კი გუშინწინ „კიკერს“ განუცხადა, დღევანდელი გადასახედიდან საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ზაფხულამდე მიუნხენში ვრჩებიო.


ჰიტცფელდი ფიქრობს, რომ მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი „ბაიერნისთვის“ საკმაოდ რთული იქნება. „ლუის ვან გაალს მეორე წრეში სტაბილურობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, რადგან სამ ფრონტზე წარმატებით ბრძოლა ძნელია. პირველ წრეში ჩემპიონთა ლიგაში და გერმანიის თასზე გუნდი კარგად გამოიყურებოდა, ბუნდესლიგაში მოლოდინი არ გაამართლა. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ „ბაიერნისთვის“ სამ ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა განსაკუთრებულ მიდგომას და კონცენტრაციას მოითხოვს“, - აცხადებს ოტმარი.

„სქაი სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჰიტცფელდმა ბუნდესლიგაში დაბრუნება კატეგორიულად გამორიცხა - გადაწყვეტილება უკვე მივიღე და აღარ შევცვლიო. მოგეხსენებათ, 61 წლის ჰიტცფელდი შვეიცარიის ნაკრების თავკაცია და საკლუბო ფეხბურთში დაბრუნებას აღარ აპირებს, რადგან ნაკრების თავკაცის რანგში თავს ძალიან მშვიდად გრძნობს, რაც მისი ასაკის სპეციალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.

 


ტალანტები ავსტრიიდან
დავიდ ალაბას „ბაიერნის“ (და არა მარტო „ბაიერნის“) ნებისმიერი ქომაგი კარგად იცნობს. რეკორდმაისტერის ქართველი ფანები, სავარაუდოდ, კრისტოფ კნასმიულნერსაც იცნობენ, მაგრამ კევინ ფრიზენბიხლერის, დომინიკ ტრაუნმიულერისა და დომინიკ ბურუსიჩის გვარები არასდროს ექნებათ გაგონილი. არადა, ეს მიუნხენური კლუბის მომავალია! რეკორდმაისტერმა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფეხბურთელი ავსტრიიდან გადაიბირა. ბავარიელებმა ამ დღეებში ავსტრიიდან კიდევ ერთი ტრანსფერი სრულყვეს - 16 უნიჭიერესი შემტევი ნახევარმცველი ილი სალაჰი კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს. ავსტრიელი ტალანტი მიუნხენში „სუპერფუნდიდან“ გადავიდა და კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა. ეს საარენდო ხელშეკრულებაა, მაგრამ მოწონების შემთხვევაში, „ბაიერნს“ მისი შესყიდვის უპირატესი უფლება აქვს. სალაჰი წარმოშობით კოსოვოდანაა, ისე კი ავსტრიის მოქალაქე გახლავთ და მას ავსტრიული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული