რენე ადლერი 24 მილიონად მანჩესტერში?

AutoSharing Option

როცა „ლევერკუზენის“ მეკარე რენე ადლერი საახალწლო საჩუქრებს გახსნის, შესაძლოა, მათ შორის სერ ალექს ფერგიუსონის ღია ბარათი აღმოაჩინოს. გუშინ გამოცემა „კიოლნერ ექსპრესი“ იუწყებოდა, რომ რენეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ სასურველ ფეხბურთელთა სიაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. ხსენებული გამოცემის ცნობით, „მანჩესტერელი“ სკაუტები ადლერს ბოლო სამი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ფერგიუსონს დაუდასტურეს, ეს ბიჭი „იუნაიტედში“ თამაშს მართლა იმსახურებსო. „მანჩესტერს“ კი, როგორც იცით, ზაფხულში ახალი მეკარე დასჭირდება, რადგან 40 წლის ედვინ ვან დერ სარი კარიერას ამთავრებს.

„კიოლნერ ექსპრესი“ იმასაც წერს, რომ რენეს ამ სეზონის ბოლოს „მანჩესტერში“

გადასვლა 24 მილიონ ევროდ შეუძლია. რენეს „ლევერკუზენთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმად, ადლერს 2011 წელს თავის საყვარელ კლუბში გადასვლა შეუძლია, თუკი ეს კლუბი 24 მილიონს გადაიხდის. ადლერის ოცნების გუნდი კი სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედია“. ცნობა ამ პუნქტის არსებობის შესახებ „ლევერკუზენის“ მენეჯერმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმაც დაადასტურა.

„დიახ, ეს მართალია. პუნქტი ნამდვილად არსებობს და როგორც ვიცი, მას მანჩესტერელი სკაუტები დიდი ხანია აკვირდებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღამით დაძინება უნდა გამიჭირდეს,“ - აცხადებს ჰოლცჰოიზერი.

„ბაიერის“ სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი კი პირდაპირ აღიარებს, რომ თუ „მანჩესტერი“ ადლერს ოფიციალური წინადადებით მიმართავს, „ლევერკუზენს“ უნიჭიერესი მეკარის შენარჩუნება გაუჭირდება. „ცხადია, ძალიან გვინდა, რომ რენემ ჩვენთან რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს, მაგრამ თუ ისეთმა კლუბმა, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“, ადლერის გადაბირება მოისურვა, ჩვენ ვერ შევძლებთ მის შენარჩუნებას,“ - ამბობს „რუხი მგელი“. თუმცა რენე ადლერი არ არის ერთადერთი მეკარე, ვის ბედსაც ექსპერტები „მანჩესტერს“ უკავშირებენ. მასთან ერთად, „ოლდ ტრეფორდზე“ გადასვლის კანდიდატები მანუელ ნოიერი (შალკე) და სერხიო ასენხოც (ატლეტიკო) არიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული