ლიოვის მერე ტუხელი ან კლოპი?

AutoSharing Option

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა „მაინცის“ თავკაცი თომას ტუხელი და დორტმუნდის „ბორუსიას“ დამრიგებელი იურგენ კლოპი ქებით ცაში აიყვანა და ორივე მათგანს თავისი პოტენციური შემცვლელები უწოდა.

„წინა სეზონში საუკეთესო მწვრთნელები უდავოდ ლუის ვან გაალი და ფელიქს მაგათი იყვნენ, რითაც თითქოს დადასტურდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ გამოცდილი სპეციალისტები ახალგაზრდებზე უკეთ მუშაობენ, მაგრამ მიმდინარე სეზონში თომას ტუხელმა და იურგენ კლოპმა ეს მოსაზრება ისევ გააბათილეს. ჩემი აზრით, კლოპსა და ტუხელს გერმანიის ნაკრების გაწვრთნა შეუძლიათ. ამ სპეციალისტებს თავისებური, თანამედროვე და ძალიან საინტერესო საფეხბურთო ფილოსოფია

აქვთ“, - განაცხადა ლიოვმა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ტუხელსა და კლოპში ლიოვს ყველაზე მეტად ის მოსწონს, რომ როგორც იოგი, თომასი და იურგენიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ანიჭებენ უპირატესობას, რითაც ბუნდესმწვრთნელის ფილოსოფიას ასი პროცენტით იზიარებენ.

„2010 წლის მუნდიალზე დამტკიცდა, რომ ჩემს მიერ არჩეული გზა, უპირატესობა ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელებს მივანიჭო, სწორია. თამამად ვიტყვი, რომ „მაინცში“, „დორტმუნდში“ და სხვათა შორის „ფრაიბურგშიც“, ჩემს მოსაზრებებს იზიარებენ.

 

სამივე გუნდის თამაშის სტილი ძალიან ჰგავს გერმანიის ნაკრების თამაშის სტილს.

 

გერმანიის ნაკრებთან, ყველაზე მეტად, მაინც „დორტმუნდის“ ფეხბურთი ასოცირდება. კლოპის საფეხბურთო მსოფმხედველობაც სწრაფ, ტექნიკურ და კრეატიულ ფეხბურთზეა აგებული“, - თქვა იოგიმ.

ისე როგორ იქნებოდა, რომ ლიოვისთვის გერმანიის ნაკრების კაპიტნის თემაზე კითხვა არ დაესვათ. აი, ლიოვის პასუხიც: „მიხაელ ბალაკი იდეალური ფეხბურთელი და იდეალური კაპიტანია და თუ ლევერკუზენელი კარგ ფორმაში იქნება, ბუნდესგუნდში აუცილებლად ითამაშებს და გერმანიის ნაკრებს უკაპიტნებს კიდეც, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერიც ღირსეული კაპიტნები არიან, - აცხადებს იოგი და იქვე დასძენს - ზოგადად, ჩემთვის მეორეხარისხოვანია, ვინ იქნება ბუნდესკაპიტანი, ბალაკი, ლამი თუ შვაინშტაიგერი. ცხადია, ფეხბურთელისთვის კაპიტნობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პირადად ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მეორეხარისხოვანი საკითხია. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რა ხდება მოედანზე და სხვათა შორის, ძალიან კარგია, რომ კაპიტნის სამკლავურის ტარება ერთდროულად სამ ფეხბურთელს შეუძლია და რომ სამივე ღირსეული კაპიტანი იქნება.“

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული