შალკე და სისოკო ნაღდია!

AutoSharing Option

ახლოვდება პირველი იანვარი და შესაბამისად, სატრანსფერო ორომტრიალიც დაიწყო. ექსპერტები გერმანული კლუბების უჩვეულო აქტიურობას წინასწარმეტყველებენ და მართლაც, ბუნდესლიგაში სატრანსფერო ციებ-ცხელება დაიწყო: „შალკე“ მისთვის სასურველ ფეხბურთელებს იტალიაში ეძებს, „ვოლფსბურგს“ საინტერესო წინადადებით ინგლისიდან, კერძოდ, „ლივერპულიდან“ მიმართეს (ცხადია, საქმე ისევ ედინ ჯეკოს მოსალოდნელ ტრანსფერს ეხება), „კაიზერსლაუტერნის“ ხელმძღვანელები კი კატეგორიული ტონით აცხადებენ, რომ მათი გოლეადორი სრდიან ლაკიჩი არ იყიდება.

 


შალკემ იუვენტუსს მიმართა
„ბილდი“ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ „შალკეს“ მთავარ მწვრთნელ და მენეჯერ ფელიქს მაგათს ტურინის „იუვენტუსის“ საყრდენი ნახევარმცველის, მოჰამედ სისოკოს გადაბირება უნდა. ჩვენი გერმანელი

კოლეგები ირწმუნებიან, რომ მაგათმა ტურინში უკვე გაგზავნა მსტოვრები, რომლებსაც „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელებთან პირველი მოლაპარაკებების გამართვა დაევალათ. სისოკო, რომელმაც მიმდინარე სეზონში მოედანზე 90 წუთი მხოლოდ ერთ თამაშში დაჰყო, „იუვენტუსში“ 2007 წლიდან თამაშობს და ამ ხნის მანძილზე „იუვეს“ ძირითად შემადგენლობაში მყარად ვერ დამკვიდრდა.


იტალიური გამოცემა „ნაპოლი თუდეი“ კი გვამცნობს, რომ „შალკე“ „ნაპოლის“ ნახევარმცველ ლუკა ჩიგარინისაც ეპატიჟება, რომელიც ახლა „სევილიაშია“ განათხოვრებული.

 


მაგათმა იენდრიშეკიც აითვალწუნა
ზაფხულში „შალკემ“ სხვა არაერთ ფეხბურთელთან ერთად, „კაიზერსლაუტერნის“ თავდამსხმელი ერიკ იენდრიშეკიც გადაიბირა (სამწლიანი კონტრაქტი). მაგათი სლოვაკ ფორვარდზე დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ ფეხბურთელმა, რომელმაც წინა სეზონში მეორე ბუნდესლიგაში გაიბრწყინა, „შალკეში“ მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. შესაბამისად, მაგათი მიიჩნევს, რომ იენდრიშეკმა „შალკე“ უნდა დატოვოს.


„ერიკმა მითხრა, წასვლა მინდაო, რადგან ხვდება, რომ „შალკეს“ ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. მე მესმის მისი და მზად ვარ, დავთმო. სხვათა შორის, ერიკს ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავს როგორც პირველი, ისე მეორე ბუნდესლიგიდან და უცხოეთიდანაც,“ - განუცხადა მაგათმა „კიკერს“. იენდრიშეკმა მიმდინარე სეზონში „შალკეს“ მაისურით მოედანზე მხოლოდ 29 წუთი დაჰყო.

 


ჯეკო: ახლა ლივერპულიო
ახალი ამბავი ედინ ჯეკოს შესახებ: როგორც ირკვევა, „ვოლფსბურგის“ ბოსნიელი გოლეადორის გადაბირება „ლივერპულსაც“ მოუნდა და აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჯეკოს ყიდვა „იუვენტუსს“ და „მანჩესტერ სიტისაც“ სურთ. „ლივერპულის“ ბოსნიელი თავდამსხმელით დაინტერესების შესახებ კი ინგლისური გამოცემა „დეილი ტელეგრაფი“ წერს. როგორც ყველა სხვა დაინტერესებული კლუბის შემთხვევაში, ბუნდესლიგის წინა სეზონის ბომბარდირის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდა არც მერსისაიდელებს შეუძლიათ და ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, „ვოლფსბურგს“ გარკვეულ თანხასთან ერთად, ორ ფეხბურთელს, ჰოლანდიელ თავდამსხმელ რაიან ბაბელს და დანიელ მცველ დანიელ აგერს სთავაზობენ.

 


ბობადილია ბურსაში?
მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ მწვრთნელ მიხაელ ფრონტცეკის მიერ ათვალწუნებული და დასჯილი თავდამსხმელი რაულ ბობადილია, შესაძლოა, თურქეთში წავიდეს და მოქმედი ჩემპიონის, „ბურსასპორის“ ფორმა მოირგოს. ფაქტი ერთია: ბობადილიას „გლადბახში“ მომავალი აღარ აქვს, „ბურსას“ ხელმძღვანელებს კი მისი გადაბირება ძალიან უნდათ.

 


ლაკიჩს ვერ მიიღებთ!
ამას წინათ გაცნობეთ, რომ „ვერდერი“ „კაიზერსლაუტერნის“ თავდამსხმელით, სრდიან ლაკიჩით (11 გოლი მიმდინარე სეზონში) დაინტერესდა. „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელის, მარკო კურცის თქმით, ლაკიჩი არ იყიდება. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ლაკიჩი მინიმუმ ზაფხულამდე შევინარჩუნოთ. ზამთარში მისი გასხვისება ასი პროცენტით გამორიცხულია,“ - უთხრა კურცმა „კიკერს“. სრდიან ლაკიჩს „ვერდერში“ უგო ალმეიდას შემცვლელად განიხილავდნენ. როგორც იცით, პორტუგალიელი თავდამსხმელი თურქეთში წავიდა.

 


პოგრებნიაკი შტუტგარტში დარჩება
რუსული პრესის ინფორმაციით, „შტუტგარტის“ რუს თავდამსხმელ პაველ პოგრებნიაკს მოსკოვის „ლოკომოტივში“ ეპატიჟებიან. აღსანიშნავია, რომ პოგრებნიაკით თურქული კლუბები, „გალათასარაი“ და „ტრაბზონიც“ არიან დაინტერესებულები, მაგრამ შვაბური კლუბის სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი ამბობს, პაველს არსად გავუშვებთ, ის სეზონის მეორე ნახევარსაც აუცილებლად „შტუტგარტში“ გაატარებსო.



ფეე წასვლას გამორიცხავს
არმინ ფეემ უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს ის „ჰამბურგის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომას აპირებდეს. 49 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას თვითნებურად არ აპირებს და ძალიან უნდა, რომ „ჰამბურგს“ მეორე წრეშიც უხელმძღვანელოს. ფეეს HSV-სთან კონტრაქტი 2012 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ჩვენი გერმანელი კოლეგები არ გამორიცხავენ, რომ ფეე მაინც უმუშევარი დარჩეს, რადგან „ჰამბურგის“ ხელმძღვანელების გარკვეული ნაწილი მას აღარ ენდობა.



რობენი: ჩემი კარიერის უმძიმესი ფაზა
„ბაიერნის“ ჰოლანდიელი გარემარბი არიენ რობენი მიიჩნევს, რომ რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზა, რაც მას გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის გამოტოვების ფასად დაუჯდა, მისი კარიერის უმძიმესი ფაზა იყო. „როცა კარიერის პიკში ხარ და ამ დროს უმძიმეს ტრავმას მიიღებ, ამაზე დიდი საშინელება არ არსებობს,“ - განუცხადა მსოფლიოს 26 წლის ვიცე-ჩემპიონმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
შეგახსენებთ, რომ რობენმა დაიწყო მსუბუქად ვარჯიში და უკვე გადაწყვეტილია, რომ მიუნხენურ კლუბს მეორე წრისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე გაჰყვება.

 


ფრანკფურტში სკიბე შეუყვარდათ
ფრანკფურტის „აინტრახტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჰერიბერტ ბრუხჰაგენმა განაცხადა, რომ მას გუნდის მთავარ მწვრთნელ მიხაელ სკიბესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა. წარმატებულ სპეციალისტს ფრანკფურტულ კლუბთან ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ბრუხჰაგენი მზადაა, სკიბესთან გაფორმებული კონტრაქტი ახალი, გაუმჯობესებული პირობებით, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს.


„სკიბეს მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ, რაც გახდა კიდეც იმის საფუძველი, რომ მას ახალი კონტრაქტი შევთავაზოთ,“ - უთხრა ბრუხჰაგენმა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგს“.

 


კელი: დორტმუნდი ჩემპიონი უნდა გახდეს
გერმანიის შემოდგომის ჩემპიონის, დორტმუნდის „ბორუსიას“ ტრავმირებული კაპიტანი სებასტიან კელი ფიქრობს, რომ მისი გუნდი გერმანიის ჩემპიონობას იმსახურებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მეორე წრეში უდიდესი სიფრთხილეა საჭირო, სასაცილო იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ჩვენ ჩემპიონობისთვის არ ვიბრძვით. ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა იყოს „დორტმუნდისთვის“ მეორე წრე ისეთივე წარმატებული, როგორც სეზონის პირველი ნახევარი იყო“, - უთხრა 30 წლის კელმა გაზეთ „ველტ ამ ზონთაგს“.


შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდმა“ ბუნდესლიგის პირველი წრე ათქულიანი უპირატესობით („მაინცთან“ და „ლევერკუზენთან“) მოიგო. სებასტიანი მოედანზე დაბრუნებას იანვრის შუა რიცხვებში, ან მაქსიმუმ მომავალი თვის ბოლოს გეგმავს და იმედი აქვს, რომ მეორე წრეში „ბორუსიას“ სრულყოფილად დაეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ „ბორუსია“ კელის გარეშეც ბრწყინვალედ ასპარეზობს, მისი კონკურენტი სვენ ბენდერი კი პირველი წრის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, სებასტიანი დარწმუნებულია, რომ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული