კრისტოფ კრამერი - უცნაური კაცის უცნაურობები გრძელდება

AutoSharing Option
ბოლო დროს კრისტოფ კრამერზე ძალიან ბევრს საუბრობენ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მსოფლიოს ჩემპიონით მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი" და სხვა გრანდები არიან დაინტერესებულნი.

მეორეც, კრამერმა "ბორუსიების" დერბიში საოცარი ავტოგოლი გაიტანა და ამით "გლადბახს" ამ სეზონში პირველი მარცხი აგემა 18-მატჩიანი წაუგებელი სერიის მერე - ციხე შიგნიდან ტყდებაო და გლადბახელები ისევ თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის შეცდომის გამო დამარცხდნენ.

ამას მოჰყვა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მომხდარი ინციდენტის გახსენება და თან ახალი დეტალებიც ამოტივტივდა, საკმაოდ სახალისოც...

საქმე იმაშია, რომ მუნდიალის ფინალში არგენტინელთა მცველ მარკოს
როხოსთან შეჯახებისას გერმანელი ფეხბურთელი სერიოზულად დაშავდა. ექიმები მას რამდენიმე წუთის განმავლობაში თავს დასტრიალებდნენ.

საბოლოოდ, ახალგაზრდა ნახევარმცველი მინდორს დაუბრუნდა და თითქოს, კარგად იყო, არაფერი ეტყობოდა, მაგრამ... ცოტა ხანში, კრისტოფმა არაადეკვატურად მოქცევა დაიწყო. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, რამდენიმე წუთი მინდორზე "ორი კრამერი" დარბოდა, ერთი რეალური და მეორე რეალობას მოწყვეტილი. პირველად კრისტოფმა მთავარი არბიტრი ნიკოლა რიცოლი შეაწუხა...

"რეფერი, მითხარით, ეს ფინალია? მართლა ფინალია? - მკითხა კრამერმა. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს უბრალო ხუმრობა გახლდათ, მაგრამ მას მერე, რაც კითხვა სრული სერიოზულობით გამიმეორა, მივხვდი, რაღაც რიგზე ვერ იყო. კი-მეთქი, ვუთხარი და მადლობა გადამიხადა, ამის ცოდნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოო" - გაიხსენა შემდგომში იტალიელმა არბიტრმა.

რიცოლი ბასტიან შვაინშტაიგერთან მივიდა და ამის შესახებ უთხრა. გერმანელები ცდილობდნენ, არაფერი შეემჩნიათ და გამოუვიდათ კიდეც. ეს ამბავი მხოლოდ მატჩის მერე გახდა ცნობილი, მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის...

გაირკვა, რომ გაბრუებულ კრამერს მიკროამნეზია და "პიროვნების გაორება" ერთდროულად დაეწყო და მარტო მსაჯი კი არა, სხვებიც შეაწუხა. მაგალითად, იგი მანუელ ნოიერთან მისულა და მანუ, კარში ჩამაყენეო, უთქვამს. ყველაზე სასაცილო კი ის გახლავთ, რაც მან თომას მიულერს უთხრა - გილოცავ, გერდ! - მიმართა კრამერმა თომასს ის გერდ მიულერად აღიქვა.

ბოლოს კრამერს მსაჯთან მაისურის გაცვლა გადაუწყვეტია და სანამ ამას დააპირებდა, იგი შეცვალეს. შვაინშტაიგერმა და ლამმა ეს ამბები სათადარიგოთა სკამამდე მიიტანეს და რეაქციამაც არ დააგვიანა. იოახიმ ლიოვმა კრამერი 32-ე წუთზე გაიყვანა და მის ნაცვლად მინდორზე ანდრე შურლე შეუშვა, რომელმაც მატჩში ერთადერთი გოლის ავტორს, მარიო გიოტცეს საგოლე პასი გაუკეთა.

აღსანიშნავია, რომ თავად კრამერს არაფერი ახსოვს და ეს მონაკვეთი გონებიდან ამოვარდნილი აქვს. თანაგუნდელებიც ეხუმრებიან და ეხუმრებიან, ამუქებენ მის "გმირობებს" და მასხრად იგდებენ კრისტოფს, მაგრამ ისტორიების დიდი ნაწილი მაინც სიმართლეა, საფუძველი მყარი და ჭეშმარიტი აქვს. ყველაზე მხიარულად ამ ისტორიებს მიულერი იხსენებს და გემრიელადაც აღწერს, როგორ უწოდა მას გერდი კრამერმა და ლამის რევერანსი გაუკეთა.

1991 წლის 19 თებერვალს ქალაქ ზოლინგენში დაბადებულმა კრამერმა ბავშვობაში რამდენიმე გუნდი გამოიცვალა, მაგრამ ძირითადი წლები "ლევერკუზენში" გაატარა, სადაც ჩამოყალიბდა კიდეც ფეხბურთელად და მისი პროფესიონალური დებიუტიც იქ შედგა. თუმცა შემდეგ "ლევერკუზენმა" იგი "ბოხუმში" გაანათხოვრა, სადაც კრამერმა ორი წელი გაატარა, ხოლო 2013 წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარით გადავიდა "გლადბახში" და იქ უკვე ბოლომდე გაიხსნა.

ბორუსიელთა რიგებში მან იმდენად კარგად ითამაშა, რომ ნაკრებშიც მიიწვიეს. ეს პირველად 8 მაისს მოხდა და მერე ლიოვმა იგი ბრაზილიაშიც წაიყვანა. დანარჩენი კი ახლა "ლევერკუზენის" გადასაწყვეტია, დაიტოვებს მას თუ სარფიანად გაყიდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული