ლიოვის სტანდარტი

AutoSharing Option

იოახიმ ლიოვმა გერმანულ ფეხბურთს ბრწყინვალება დაუბრუნაო - არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ ამას წერენ ჩვენი გერმანელი 2010 წლის მიწურულს. ზოგადად, გერმანელებს უკიდურესობებში გადავარდნა სჩვევიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ასით თუ არა, ოთხმოცდაათი პროცენტით მაინც არიან მართლები: ფაქტია, იოგიმ გერმანიის ნაკრები და შესაბამისად, გერმანული ფეხბურთი მისთვის სათანადო სიმაღლეზე დააბრუნა. იოგიმ შექმნა მასშტაბი, რომელსაც გერმანულ ფეხბურთში გვერდს კიდევ დიდხანს ვერავინ აუვლის.

24 დეკემბერს კათოლიკური შობის ღამისწინა დღეს იოახიმ ლიოვი თავის კაბინეტში იჯდა და ფრანგული გაზეთის, „ეკიპის“ მთავარ რედაქტორსა და მიმომხილველებს ელოდა - ფრანგებს

იოგი წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებით უნდა დაეჯილდოვებინათ და მასთან ინტერვიუზე იყვნენ შეთანხმებულები. მათ იოგის საჩუქრებიც ჩამოუტანეს: ულამაზესი თასი, რომელზეც ლიოვი ზუსტად იმ პოზაშია გამოხატული, როგორც ფოტოზე და ძვირფასი „როლექსი“. პირველად მოხდა ისე, რომ გერმანელი სპეციალისტი საფრანგეთში Mანაგერ სპორტიფ დე ლანნღე-დ, ანუ, წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

„იოახიმ ლიოვის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთი ითამაშა. გერმანიის ნაკრებმა უდიდესი საფეხბურთო ზეიმი, მუნდიალი მოსაწყენობისგან იხსნა,“ - ასეთია „ეკიპის“ ოფიციალური განმარტება. ფრანგი ჟურნალისტები ამბობენ, გერმანიის ნაკრები დღესდღეობით საფრანგეთშიც ძალიან პოპულარულია, ბუნდესგუნდმა ფეხბურთში რევოლუცია მოახდინაო. კაცი, რომელსაც ამ რევოლუციის მთავარ გმირად აღიარებენ, ამ დღეებში ზეიმებზე გამოჩენას ერიდება და თითქმის ყველა სატელევიზიო გადაცემას სტუმრობაზე უარი უთხრა. ლიოვს მიაჩნია, რომ ზედმეტი პომპეზურობა საჭირო არ არის - რაც უნდა იყოს, გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა.

ფრანგი ჟურნალისტების შემდეგ იოგიმ გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფისში კიდევ არაერთ სტუმარს უმასპინძლა. ექვსი საათის განმავლობაში ინტერვიუებს არიგებდა და თანაც, უმეტესად არა თავის თავზე, არამედ გუნდზე საუბრობდა და ჩვეულ სტილში, ძალიან ხშირად ხმარობდა სიტყვას „ჩვენ“.

ფოტო, რომელიც სტატიას აქვს დართული, იოგისთვის 2010 წლის და შესაძლოა, გადაჭარბებული არ იყოს, რომ ვთქვათ, მისი კარიერის საუკეთესო მომენტშია გადაღებული. ეს არის სცენა, როცა ბუნდესმწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში, არგენტინასთან მატჩის დროს „ალბისელესტეს“ კარში გატანილ მესამე გოლს ზეიმობს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მომენტების ამსახველი ფოტოები, რომლებიც მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა. ეს კი საუკეთესოა ამ მომენტებიდან. უდიდესი ბედნიერების განცდას, რაც არნე ფრიდრიხის გოლის დროს დამეუფლა, ვერასდროს დავივიწყებ,“ - ამბობს ლიოვი.

მივხვდით, რომ ჩვენი საფეხბურთო კულტურა უნდა შეგვეცვალა

გერმანელი ექსპერტები რევოლუციაზე საუბრობენ, მოულოდნელზე, გასაკვირზე. ლიოვის ხელში გერმანული ფეხბურთი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ეს ფაქტია. ეს ამბავი ყველასათვის გასაკვირი რომ იყო, ესეც ცხადია. ეს არის აშკარა რევოლუცია, რომელიც იოგიმ გერმანულ ფეხბურთს 6 წლის განმავლობაში აჩუქა. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ოთხი წელი უნდა გვეთქვა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ იოგი 2004-დან 2006 წლამდე ბუნდესმწვრთნელ იურგენ კლინსმანის ასისტენტი იყო და ცნობილი ამბავია, რომ გერმანიის ნაკრების ტაქტიკა-სტრატეგიას კლინსის დროსაც ის განაგებდა. თუმცა იოგის სიტყვა „რევოლუციის“ ხმარებას, ევოლუციაზე საუბარი ურჩევნია. მივხვდით, რომ გერმანული საფეხბურთო კულტურა უნდა შეგვეცვალა, თავიდან ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდით, მაგრამ დღეს უკვე ყველა აღიარებს, რომ ეს გზა მართებული იყოო, ამაყად აცხადებს იოგი.
მისმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე იშვიათად დაარღვია თამაშის წესები; მისმა გუნდმა ყველა სხვა გუნდზე მეტი ორთაბრძოლა მოიგო; მისი გუნდი ბურთის მოპოვების შემდეგ ყველაზე სწრაფად გადადიოდა შეტევაზე; 2005 წელს გერმანიის ნაკრებს ბურთის მიღებიდან შეტევაზე გადასვლისთვის საშუალოდ 2.8 წამი სჭირდებოდა, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე 1.8 წამი, სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე კი მხოლოდ 1.1 წამი; ინგლისთან (4:1) და არგენტინასთან (4:0) ბრწყინვალე მატჩებში ეს მაჩვენებელი სულაც სასწაულებრივ 0.9 წამამდე დაეცა; გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთისა და ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად, საშუალოდ ერთ თამაშში ყველაზე მეტს, 12.7 კილომეტრს დარბოდნენ.
ეს ციფრებია, სტატისტიკა, რომელიც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. ლიოვი ამბობს, რომ ამ ციფრებში რევოლუციური არაფერია, რომ ეს მხოლოდ ევოლუციაა, ანუ, განვითარება, პროგრესი. ამ ყველაფერს იოგი რევოლუციას მხოლოდ იმ შემთხვევაში უწოდებდა, გერმანია მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონი რომ გამხდარიყო. ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა კი მხოლოდ იმის დასტურია, რომ მწვრთნელს ყოველთვის შეუძლია გუნდის თამაშზე გავლენის მოხდენა; რომ მწვრთნელს ყოველთვის შეუძლია თითოეული ფეხბურთელის გაუმჯობესება; რომ მწვრთნელის ხარისხი ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია.


ლიოვმა ყველა პრობლემა მოაგვარა

ამ ხნის მანძილზე, განსაკუთრებით კი 2010 წლის მუნდიალის წინ, იოგი ძალიან ბევრ პრობლემას წააწყდა, მაგრამ ყველა პრობლემა მოაგვარა: კაპიტან მიხაელ ბალაკის, მანამდე პირველ ნომრად მიჩნეული რენე ადლერის, ბალაკის პოტენციური შემცვლელ სიმონ როლფესისა და ჰაიკო ვესტერმანის ტრავმები; ახალი კონტრაქტის არგაფორმების გამო დაკარგული ნდობა - მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი შეკრება ბუნდესგუნდისთვის მხოლოდ არასასიამოვნო ამბების კასკადისგან შედგებოდა.
ის ფაქტი, რომ ლიოვმა მუნდიალის მეოთხედფინალში დიეგო მარადონას და მის არგენტინას ძალიან სამარცხვინო წაგება აგემა, გერმანული ფეხბურთისთვის არა მარტო ყველაზე დიადი გამარჯვება იყო მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, არამედ ეს იყო პირადად მწვრთნელ ლიოვის ტრიუმფი - იოგიმ „ფეხბურთის ღმერთი“ გააშიშვლა, თვითონ კი ბრწყინვალე სპეციალისტად წარმოჩინდა.
„დღეს უფრო ნათლად ვხედავ გზას, თუ როგორ უნდა მივიყვანო გერმანიის ნაკრების იქამდე, სადაც მისი ადგილია, ვიდრე 4-5 წლის წინ, რადგან ამ ხნის მანძილზე საჭირო პროგრესი განვიცადეთ,“ - ეს არის სიტყვები, რასაც ლიოვი 2010 წელს ყველაზე ხშირად იმეორებდა.
ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ როცა იოგი ბუნდესგუნდიდან წასვლას მოისურვებს (იქნება ეს 2012-ში, 2014-ში თუ როცა იქნება), გერმანიის საფეხბურთო კავშირი ნაკრების მთავარ მწვრთნელს ადრინდელთან შედარებით უკვე სულ სხვა მიდგომით დანიშნავს. მწვრთნელს, რომელიც იოგის შეცვლის, თავისი შესაძლებლობები დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე უნდა ჰქონდეს დამტკიცებული. თვითონ იოგის შემთხვევაში ასე არ იყო - ის თავის დროზე ჯერ უიმედო უმუშევრობის შემდეგ კლინსმანის ასისტენტი გახდა, მერე კი, 2006 წლის მუნდიალის შემდეგ, გამოუცდელი ასისტენტი სულაც მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. მაშინ მთელმა გერმანიამ ასეთი კითხვა დასვა: „ვინ ლიოვი?“ დღეს შტუტგარტელი იოახიმი გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველასათვის პატივსაცემი პიროვნებაა.
გერმანელები უფრო შორსაც მიდიან და შესაძლოა, გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია, ამბობენ, ჰერბერგერის შემდეგ გერმანიის ნაკრებს ასეთი კომპეტენტური მთავარი მწვრთნელი არ ჰყოლიაო. მის არცერთ წინამორბედს არ დაუმკვიდრებია ბუნდესნაკრებში ასე აშკარად თავისი სტილი, არ შეუტანია ბუნდესგუნდის თამაშში ამდენი ინოვაცია და არ აღმოუჩენია თუ გაუუმჯობესებია იმდენი ახალი ვარსკვლავი (შვაინშტაიგერი, ლამი, ნოიერი, იოზილი, ხედირა, მიულერი), რამდენიც ლიოვმა გაავარსკვლავა.
შესაბამისად, თითქმის გამორიცხულია, რომ გერმანიის ნაკრებში ამიერიდან ოდესმე ისე დაინიშნოს მწვრთნელი, როგორც ეს თავის დროზე ფრანც ბეკენბაუერის, რუდი ფიოლერის და ბოლოს კლინსმანის შემთხვევაში მოხდა. ლიოვის მაგალითზე გერმანიის საფეხბურთო კავშირში უკვე აღმოცენდა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს თავისი შესაძლებლობები დანიშვნამდე უნდა ჰქონდეს დამტკიცებული. უნდა ჰქონდეს ნაჩვენები, რომ მხოლოდ ძირითადი შემადგენლობის შერჩევა კი არა, გუნდის პროგრესირებაც შეუძლია.
ტექნიკა, ტაქტიკა, ფიზმომზადება, ფსიქოლოგია, თამაშის, ფეხბურთელების და მოწინააღმდეგე გუნდების დაკვირვება, მოთამაშეების კვება, კომუნიკაციები - იოახიმ ლიოვი ყველა ასპექტში წარმატებული სპეციალისტია. ფრანგები კი, გერმანიის ნაკრების დამრიგებელი წლის საუკეთესო მწვრთნელად რომ აღიარეს, ნამდვილად არ ცდებიან და მათგან ასეთი რამ არცაა გასაკვირი, რადგან ლიოვი საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავკაცის, საყოველთაოდ ხელმოცარული რაიმონ დომენეკის ანტიპოდია. იმ ექვსი წლის განმავლობაში, როცა დომენეკი საფრანგეთის ნაკრებს წვრთნიდა, ლიოვმა გერმანიის ნაკრებს უდიდესი პროგრესი განაცდევინა, დომენეკმა კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გუნდი მოკლა. დომენეკმა სამხრეთ აფრიკაში ინტრიგებით ჩახლართული და ეგოიზმით აღსავსე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, კონფლიქტებისკენ მიდრეკილი და სპორტული თვალსაზრისით წარუმატებლობისთვის განწირული გუნდი ჩაიყვანა. ფრანგებს რცხვენოდათ თავიანთი ნაკრების. საფრანგეთი და დომენეკი გერმანიისა და ლიოვის აბსოლუტურად საპირისპირონი იყვნენ.
„ეკიპის“ რედაქტორებმა იოახიმ ლიოვთან ტაქტიკის, გუნდის მომზადებისა და ზოგადად ფეხბურთის შესახებ დიდი სიამოვნებით ისაუბრეს და ინტერვიუს შემდეგ აღნიშნეს, რომ დომენეკთან ინტერვიუებით ამის ნახევარი სიამოვნებაც კი არასდროს მიუღიათ.
სხვათა შორის, ათი წლის წინათ გერმანიაშიც დაახლოებით ასეთივე ვითარება იყო. 1998 წელს ბუნდესგუნდის თავკაცი ბერტი ფოგთსი იყო და მსოფლიოს ჩემპიონატზე სამარცხვინო გუნდი ჰყავდა, ორი წლის შემდეგ გერმანელები თვითგვემას ეწეოდნენ იმის გამო, რომ ერიხ რიბეკმა იმედები ოდნავადაც ვერ გაამართლა და საფეხბურთო გერმანია მაშინ მიხვდა, რომ ბევრი რამის შეცვლა იყო საჭირო...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული