საიდან მიუნხენის "ბაიერნს" 530 მილიონი ევრო?

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფინანსურმა დირექტორმა იაან-კრისტიან დრეეზენმა ნოემბრის ბოლოს გაახმოვანა შთამბეჭდავი ციფრები: 2013-14 წლების სეზონში კლუბის ფინანსურმა ბრუნვამ პირველად გადააჭარბა ნახევარ მილიარდ ევროს და 528.7 მილიონი შეადგინა.

წინა წელთან შედარებით, ზრდამ 96 მილიონი ევრო შეადგინა.

ცნობისთვის: მიუნხენური კლუბი ეკუთვნის ორგანიზაცია FC Bayern Munchen AG-ს ("ბაიერნს" მართავს როგორც სააქციო საზოგადოება, რომლის აქციები გატანილია ღია ბირჟაზე, ასევე კლუბი კერძო მფლობელობაში აქვთ გულშემატკივრებს). მას აქციათა 75 პროცენტი ეკუთვნის.

პაკეტის დაახლოებით 9 პროცენტის მფლობელია სპორტული ატრიბუტიკის მწარმოებელი "ადიდასი" (კომპანიამ საკუთარი აქციები 2002 წელს 77 მილიონ
ევროდ შეიძინა).

დაახლოებით ასეთივე პროცენტი აქვთ საავტომობილო კონცერნ "აუდის" (2009 წელს შეიძინა აქციები 90 მილიონ ევროდ) და სადაზღვევო კომპანია Allianz-ს (150 მილიონი ევრო გადაიხადა).

რა წარმოადგენს მიუნხენური სუპერკლუბის ფინანსური ზრდის საფუძველს?

სპორტული შედეგები
ბოლო სეზონში "ბაიერნმა" შეინარჩუნა გერმანიის საუკეთესო კლუბის ტიტული (მოიგო ჩემპიონატი და ქვეყნის თასი). ასევე, გაიმარჯვა ევროპის სუპერთასზე და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

მაგრამ მაქსიმალური შემოსავალი კლუბს მოუტანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლამ: 40 მილიონ ევროზე მეტი.

ტრანსფერები
ფინანსური ზრდის შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორია - სატრანსფერო ბაზარი. წლევანდელ ზაფხულს ჩაბი ალონსოში, მეჰდი ბენატიაში, პეპე რეინასა და ხუან ბერნატში "ბაიერნმა" ჯამში 51 მილიონი ევრო გადაიხადა (სებასტიან როდე და რობერტ ლევანდოვსკი ხოსეპ გვარდიოლას გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდნენ).

საკუთარი ფეხბურთელების გაყიდვით კი "ბაიერნმა" 53 მილიონი გამოიმუშავა და 2 მილიონი ევროს მოგებაში დარჩა. გუნდი დატოვეს დიეგო კონტენტომ, ტონი კროოსმა, მარიო მანჯუკიჩმა და დანიელ ვან ბუიტენმა, რომელმაც დაასრულა კარიერა.

შედარებისთვის: გასული წლის ზაფხულში გერმანული კლუბი წაგებაში დარჩა - დახარჯა 62 მილიონი ევრო (შეიძინა ტიაგო ალკანტარა, მარიო გიოტცე და იან კირხოფი), ხოლო გამოიმუშავა მხოლოდ 36 მილიონი (გაყიდა ლუიშ გუსტავო, მარიო გომესი, ნილს პეტერსენი). წაგებამ 26 მილიონი დოლარი შეადგინა.

კომერციული მოღვაწეობა
"ბაიერნის" შემოსავალი მერჩანდაიზინგიდან 33 მილიონ ევრომდე ავიდა, მარკეტინგისგან და სპონსორული კონტრაქტებიდან - კიდევ 15 მილიონამდე.

ფინანსური წლის განმავლობაში მიუნხენურმა კლუბმა გაყიდა 1.3 მილიონი მაისურა. ეს უფრო მეტია, ვიდრე ბუნდესლიგის დანარჩენი 17 კლუბის ერთად აღებული მაჩვენებელი.

მაგალითისთვის, მარიო გიოტცეს მაისურების გაყიდვამ პიკს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლის შემდეგ მიაღწია. იგივე მოხდა რობერტ ლევანდოვსკისა და ჩაბი ალონსოს მაისურების შემთხვევაში, როცა ამ მოთამაშეების შეძენის შესახებ გამოცხადდა.

რაც შეეხება სპონსორულ კონტრაქტებს, უკვე არსებულ ხელშეკრულებებს (Coca-Cola, adelholzener, Flyeralfram, baern3, Henkel, Hublot, Philips, MAN, Nestle, Siemens AG, schaeffler, SPG, THOMAS SABO, Trentino) დაემატა მსხვილ კომპანიებთან ორივე მხარისთვის სარფიანი გარიგებები: მაგალითად, ტანსაცმლის მწარმოებელი Giorgio Armani სამი წლით გახდა "ბაიერნის" ოფიციალური პარტნიორი შემდეგი მიმართულებით - "მოდა და ექსკლუზიური ტანსაცმელი".

"ბაიერნი" გლობალურ მარკეტინგსაც ავითარებს: საკლუბო ვებგვერდს აქვს ინგლისური, იაპონური, ესპანური, ჩინური, არაბული და რუსული ვერსიები.

შიდა ბაზარი და ვალების გარეშე ცხოვრება
თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: კლუბს არ გააჩნია ვალები. ამასთან, მიუნხენელები საკუთარ ფილოსოფიას მისდევენ - საკუთარი აღსაზრდელებისგან სუპერვარსკვლავების შექმნა.

ამ ორი მარტივი ფუნდამენტალური პრინციპის გამოყენებით, "ბაიერნმა" მოახერხა უნიკალური და ძალიან ეფექტური ბიზნესმოდელის შექმნა.

სანამ მისმა კონკურენტებმა ევროპაში - "მანჩესტერ იუნაიტედმა", "რეალმა" და "ბარსელონამ" დიდი ხანია ამოწურეს რესურსები შიდა ბაზარზე და ფულს აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯზე შოულობენ, მიუნხენელები, როგორც სხვა წარმატებული ევროპული კლუბები, ზემოთ მიიწევენ მძლავრი შიდა ბაზრის წყალობით.

"405 მილიონი საკუთარი კაპიტალი - ამ მაჩვენებლით ჩვენ პირველი კლუბი ვართ მსოფლიოში. გარდა ამისა, ყველა ვალი "ალიანც-არენის" მშენებლობისთვის გასტუმრებულია. ასე რომ, როგორც სპორტული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, "ბაიერნი" მყარ ფუნდამენტზე დგას, როგორიც კლუბს არასოდეს ჰქონია", - გამოაცხადა "ბაიერნის" ფინანსურმა დირექტორმა იან-კრისტიან დრეეზენმა.

მაშ ასე, სტადიონი. "ბაიერნმა" მთლიანად დაფარა "ალიანც-არენის" მშენებლობისთვის აღებული ვალი - წინასწარ გაწერილ გრაფიკზე 16 წლით ადრე.

სტადიონი 2005 წელს აშენდა. კლუბმა 346 მილიონი ევრო ისესხა 25 წლით და ცხრა წელიწადში მთლიანად დაფარა ვალი. ამიერიდან, "ალიანც არენიდან" მიღებული შემოსავალი გუნდის განვითარებაში იქნება ინვესტირებული.

სატელევიზიო უფლებების გაყიდვა
აქ "ბაიერნი", ისევე, როგორც მთლიანად ბუნდესლიგა, აშკარად ჩამორჩება ევროპელ კონკურენტებს. კომპანია Sky Deutschland-მა 2013-17 წლებში ბუნდესლიგის მატჩების ტრანსლაციის უფლება გერმანიისთვის სარეკორდო, 628 მილიონ ევროდ შეიძინა (ეს თანხა წინა კონტრაქტის მაჩვენებელზე 52 პროცენტით მეტია).

უნდა აღინიშნოს, რომ ლაპარაკია არა მხოლოდ ბუნდესლიგაზე, არამედ გერმანიის ქვედა საფეხბურთო ლიგებზე, რომლებიც აღნიშნული თანხის 29 პროცენტს იღებენ. კიდევ 70 მილიონი მოაქვს უცხოურ ტელევიზიებს.

ბუნდესლიგის პირველი ("ბაიერნი" - 37 მილიონი ევრო) და ბოლო გუნდის ("ბრაუნშვაიგი" - 18 მილიონი) შემოსავლებს შორის სხვაობა (19 მილიონი) მინიმალურია წამყვან ჩემპიონატებს შორის.

ასეთი დემოკრატიული სისტემა, სავარაუდოდ, არ აწყობს "ბაიერნს", რომელიც სატელევიზიო შემოსავლებით ძალიან ჩამორჩება სხვა ევროპულ გრანდებს: ინგლისის პრემიერლიგის ყველა გუნდს (მათ 74-დან 117 მილიონ ევრომდე აქვთ წელიწადში), შვიდ იტალიურს ("იუვენტუსი" - 94 მილიონი, "ინტერი" - 80 მილიონი, "მილანი" - 78 მილიონი, "რომა" - 61 მილიონი, "ნაპოლი" - 60 მილიონი, "ლაციო" - 50 მილიონი და "ფიორენტინა" - 44 მილიონი), ოთხ ესპანურს ("რეალი" და "ბარსელონა" - 140-140 მილიონი, "ვალენსია" - 48, "ატლეტიკო" - 42) და სამ ფრანგულს (პსჟ - 47 მილიონი, "მარსელი" - 42 მილიონი, "ლიონი" - 41 მილიონი).

ბილეთები და გულშემატკივრები
მაშ ასე, ბუნდესლიგას ბოლო ადგილი უკავია დიდი ხუთეულის ჩემპიონატებს შორის ტელეტრანსლაციებისგან შემოსავლების მიხედვით, სამაგიეროდ, ლიდერობს მატჩებზე დასწრების საშუალო მაჩვენებლით (2013-14 წლების სეზონში - 43 502 მაყურებელი).

ნოემბრის ბოლოს "ბაიერნი" გახდა ყველაზე მსხვილი საფეხბურთო კლუბი მსოფლიოში - ოფიციალურად დარეგისტრირებულია მიუნხენური კლუბის 251 315 გულშემატკივარი.

ამ გარემოებიდან გამომდინარე, აგრეთვე, ბილეთების მისაღები ფასის (დაახლოებით 20 ევროდან) გათვალისწინებით, "ალიანც არენაზე" იშვიათად იპოვით თავისუფალ ადგილს. ამას კლუბისთვის წელიწადში დაახლოებით 4 მილიონი ევრო მოაქვს.

დღეს "ბაიერნი" ედეგორს გამოაცხადებს
ინტერნეტ-გამოცემა Sport 1.de-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" 17 დეკემბერს გამოაცხადებს ნიჭიერი ნორვეგიელის, მარტინ ედეგორის ტრანსფერის შესახებ.

როგორც ჩანს, მიუნხენურმა გრანდმა მოუგო 15 წლის ნახევარმცველისთვის ბრძოლა სხვა ევროპულ გრანდებს და მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს "სტრიომსგოდსეტის" ფეხბურთელთან. სხვათა შორის, სწორედ დღეს უსრულდება ედეგორს 16 წელი.

შეგახსენებთ, ის არის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ეროვნულ გუნდში და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული