გერმანია. ბუნდესლიგა XVI ტური: რობენის იუბილე და რეკორდმაისტერის ახალი რეკორდები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ბაიერნი-ფრაიბურგი 2:0

ბუნდესლიგის მე-16 ტური ოთხი მატჩით გაიხსნა. ლიდერი "ბაიერნი" 2014 წელს ბოლოჯერ თამაშობდა საკუთარი პუბლიკის წინაშე და მაქსიმალურად სცადა მისთვის სიამოვნება მიენიჭებინა. მით უმეტეს, რომ მიუნხენელებს სასურველი და საყვარეული მეტოქე ჰყავდათ - "ფრაიბურგი", რომელსაც "ბაიერნისთვის" ზედიზედ 24 მატჩი არ მოეგო.

გვარდიოლას გუნდი კარგად გაერთო მოახლოებული არდადეგების წინ. მასპინძლებმა მეტოქის კარის მიმართულებით 31 (!) დარტყმა შეასრულეს, რაც მიმდინარე სეზონის ახალი რეკორდი გახლავთ. შესაბამისად, შეხვედრის გმირის სტატუსი გაუნაღდეს "ფრაიბურგის" შვეიცარიელ მეკარე რომან ბიურკს, რომელიც სასწაულებს ახდენდა.

მან 20 (!) დარტყმის
მოგერიება მოახერხა, აქედან 13 რეალურად საგოლე იყო. როგორც აღმოჩნდა, ტყუილად არ გამოუცხადებია ცოტა ხნის წინ "დორტმუნდის" ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ ბიურკს რომან ვაიდენფელერის შემცვლელად მოიაზრებენ. დარწმუნებულნი ვართ, ამ მატჩის შემდეგ შვეიცარიელს სხვა მთხოვნელებიც გამოუჩნდება.

მაგრამ ორ ეპიზოდში მან ვერ შეძლო საკუთარი გუნდის გადარჩენა: პირველი ტაიმის ბოლოს არიენ რობენმა ახლო მანძილიდან თავით გაიტანა სეზონში მეცხრე გოლი. სხვათა შორის ეს იყო ჰოლანდიელის მე-100 გოლი "ბაიერნის" რიგებში 184 მატჩში. მეორე გოლი კი მეორე ნახევრის სტარტზე გავიდა, როცა ხუან ბერნატმა ურთულესი დარტყმა ძელს გაარტყა და დამატებაზე თომას მიულერმა მცველს დაასწრო - 2:0.

"ბაიერნმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო, ზედიზედ 20 მატჩია, არ მარცხდება და 599 წუთია გოლს არ უშვებს. ჩემპიონმა ახალი რეკორდიც დაამყარა - 16 ტურში სამი გაშვებული ბურთი აქამდე ბუნდესლიგის ისტორიაში არ ყოფილა.

"ფრაიბურგთან" მატჩში "ბაიერნისთვის" ერთადერთი ცუდი მომენტი ის იყო, რომ საზარდულის ტრავმა მიიღო ცენტრალურმა მცველმა მეჰდი ბენატიამ, რომელიც გამოტოვებს პირველი წრის ბოლო შეხვედრას "მაინცთან".
* * *
ყველაზე პრინციპული დაპირისპირება ჰამბურგში გაიმართა, სადაც აუთსაიდერები - "ჰამბურგი" და "შტუტგარტი" ხვდებოდნენ ერთმანეთს. მასპინძლებმა ძალიან სუსტი პირველი ტაიმი ჩაატარეს, რაზეც დარტყმების შეფარდებაც მეტყველებს - 12:1 სტუმრების სასარგებლოდ. "შტუტგარტის" ეს უპირატესობა კლაინის ლოგიკურ გოლში გამოისახა.

მეორე ტაიმში ჰუუბ სტევენსი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან 50-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს გეორგ ნიდერმაიერი. "ჰამბურგმა" ყველაზე რეალური მომენტი საჯარიმოდან შექმნა, მაგრამ ვან დერ ვაარტმა ძელს გაარტყა ბურთი. სხვა შემთხვევებში კი საიმედოდ თამაშობდა მეკარე სვენ ულრაიხი. შვაბებმა ახალი მწვრთნელით მეორე გასვლითი მატჩი მოიგეს.

ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემი: "ჰამბურგს" 16 ტურის შემდეგ 9 გოლი აქვს გატანილი. ამდენივე ჰქონდა შარშან "ბრაუნშვაიგს", რომელმაც, საბოლოოდ, მე-18 ადგილზე დაასრულა სეზონი.

საინტერესო იყო მატჩი ჰანოვერში. ადგილობრივი გუნდი ახლოს არის ევროთასების ზონასთან, "აუგსბურგი" კი საერთოდ ორი ტურის წინ მესამე ადგილზე იმყოფებოდა. მატჩი არ იყო მდიდარი საგოლე მომენტებით.

მეტოქისგან განსხვავებით, "ჰანოვერმა" თავისი შანსები კარგად გამოიყენა, რასაც მასპინძლების საიმედო თამაში დაემატა დაცვაში. აღსანიშნავია, რომ თაიფუნ ქორქუთის გუნდმა სეზონში მეშვიდე "მშრალი" მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ "ბაიერნს" ჩამორჩება. "აუგსბურგმა" კი მეშვიდე ტურის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული