ერთი ახალბედა და დაბრუნებული ვარსკვლავები
პირველ რიგში, კლოპს იმ ვარსკვლავების იმედი აქვს, რომლებმაც ტრავმები მოირჩინეს. ასევე, კლუბში დიდ იმედებს ამყარებენ ახალბედა კევინ კამპლზე.სლოვენიელი შემტევი ნახევარმცველი ჯერჯერობით გუნდის ერთადერთი შენაძენია ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე. როგორც გუნდის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი ამბობს
სლოვენიელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ თავიდანვე შეძლებს ახალ გუნდთან შერწყმას: "მე-17 ადგილი არ მახარებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია. იმედია, შევძლებ პრობლემების გადაწყვეტაში საკუთარი წვლილის შეტანას".
იურგენ კლოპს ახარებს ისიც, რომ მის განკარგულებაში არიან მოთამაშეები, რომლებიც დიდი ხანი ტრავმირებულები იყვნენ და ვერ დაეხმარნენ გუნდს პირველ წრეში. იაკუბ ბლაშჩიკოვსკის შეეძლება სრულად გაიაროს მზადება მეორე წრისთვის და აკრიფოს ფორმა, რათა ისევ გახდეს მრისხანე ძალა მარჯვენა ფლანგზე. მარკო როისი და სოკრატის პაპასტატოპულოსი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და ისინიც სრულფასოვან მზადებას გაივლიან.
უფრო რთულად არის საქმე ჰენრიხ მხითარიანთან დაკავშირებით. ის მწყობრში მხოლოდ იანვრის ბოლოს ჩადგება, თუმცა იმედოვნებს, რომ მეორე წრის დაწყებამდე რამდენიმე ვარჯიშში მონაწილეობას შეძლებს.
მოთამაშეები შემადგენლობაში ბრუნდებიან, თუმცა კლოპი რამდენიმე ფეხბურთელს მაინც დაკარგავს. აზიისა და აფრიკის თასზე სათამაშოდ გაემგზავრნენ შინჯი კაგავა, მიტჩელ ლანგერაკი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი. ისინი მთლიანად გამოტოვებენ გუნდის შეკრებას.
ასე რომ, კლოპს მაინც მოუწევს შემადგენლობის მხრივ იმპროვიზაცია, თუმცა მის განკარგულებაში უფრო მეტი მოთამაშე იქნება, ვიდრე პირველ წრეში იყო.
რას გადაწყვეტს გიუნდოგანი?
თუ "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი მხოლოდ მეორე წრეზეა კონცენტრირებული, მიხაელ ცორკმა მომავალზეც უნდა იფიქროს. 2016 წლის ზაფხულში კონტრაქტები უმთავრდებათ შემდეგ ფეხბურთელებს: რომან ვაიდენფელერს, მიტჩელ ლანგერაკს, ნევენ სუბოტიჩს, ოლივერ კირხს, კევინ გროსკროიტცსა და ილქაი გიუნდოგანს.ბოლო დროს გიუნდოგანის თემაა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური. ბოლო ინფორმაციით, "დორტმუნდი" არ აპირებს, ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას სხვაგან 2016 წლის ზაფხულში. ამიტომაც ფეხბურთელი არჩევანის წინაშე დააყენეს: ან ახალი კონტრაქტის გაფორმება, ან 2015 წლის ზაფხულში გაყიდვა.
მიხაელ ცორკმა კომენტარი გაუკეთა გიუნდოგანთან კონტრაქტის გაგრძელების სიტუაციას: "ის ახლა ჯანმრთელადაა და ძალიან სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ ყოველგვარი ტკივილისა თუ პრობლემის გარეშე თამაშობს და ვარჯიშობს. მისთვის სასარგებლო იქნება ეს სამკვირიანი შეკრება. ამის შემდეგ კი მოსალაპარაკებლად დავსხდებით. ვფიქრობ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ გვსურს მასთან თანამშრომლობის გაგრძელება".
გაზეთ "ბილდის" ინფორმაციით, გიუნდოგანმა გადაწყვეტილება მარტამდე უნდა მიიღოს. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გადაწყდება, ცორკი ყველა ღონეს იხმარს სხვა მოთამაშეების შესანარჩუნებლად. პირველ რიგში, ლაპარაკია მარკო როისსა და მათს ჰუმელსზე.
იმავე "ბილდის" ცნობით, როისის პიროვნების გარშემო არსებული უამრავი ჭორის მიუხედავად, ფეხბურთელს თავის მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება ჰუმელსს, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუიჯი ლონგარიმ დაწერა, რომ რამდენიმე დღის წინ "დორტმუნდმა" უარყო "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადება 26 წლის მცველის ტრანსფერზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"