ამაზე დიდს ვერაფერს მივაღწევ - ინტერვიუ იოახიმ ლიოვთან

AutoSharing Option
იოახიმ ლიოვი 2014 წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა და "ოქროს ბურთი" გადაეცა. 54 წლის სპეციალისტმა გერმანიის ნაკრები გააჩემპიონა და ეს აღიარებაც ალალად დაიმსახურა.

პერფექციონისტად წოდებული ლიოვი დიდხანს მუშაობდა იმაზე, რომ "ნაციონალმანშაფტს" სრულყოფილი თამაში ეჩვენებინა და, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბოლო მუნდიალზე გამოუვიდა კიდეც.

რა აზრისაა ამ და სხვა საკითებთან დაკავშირებით თავად ლიოვი, ამას მისი ინტერვიუდან გავიგებთ.

- გილოცავთ 2014 წლის საუკეთესო მწვთნელად აღიარებს. რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის?
- რა თქმა უნდა, ეს დიდი აღიარება და პატივია, ბრწყინვალე ჯილდოა. ძალიან ვამაყობ
იმით, რომ მისი მოპოვება შევძელი. ვფიქრობ, ის მთელმა გუნდმა, ასოციაციამ და ყველამ დაიმსახურა, ვინც გერმანიის ნაკრების უკან იდგა, მით უმეტეს, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ. ყველას მადლიერი ვარ, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა და საერთო საქმეს აკეთებდა, მიზანს მივაღწიეთ.

- როგორც თავად თქვით, მუნდიალის მოგება კოლექტიური წარმატება იყო. არის თუ არა კონკრეტულად კიდევ ვინმე, ვისაც გსურთ რომ მადლობა გადაუხადოთ?
- ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე და ყველა, ვინც მხარში მედგა, მათ შორის რთულ პერიოდებში. მადლობას ვუხდი უახლოეს მეგობრებს, რომლებიც მუდამ მამხნევბდნენ, მაშინაც, როდესაც საქმე იდეალურად არ მიდიოდა და ხალხი ამით უკმაყოფილო იყო. ისინი ჩემს გვერდით იყვნენ და არიან, რთულ მონაკვეთებშიც და წარმატებულშიც, რისთვისაც მადლობელი ვარ.

- არის ეს ჯილდო სრულყოფილი წლის შესაბამისი გვირგვინი?
- როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატს იგებ, ეს უკვე სრულყოფილებაა, ამაზე დიდს ვერაფერს მიაღწევ. მუნდიალის მოგება წლების განმავლობაში იყო ჩვენი მიზანი და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მივაღწიეთ მას. ეს გამოიწვია, ასოციაციის რამდენიმე სწორმა და კარგმა გადაწყვეტილებამ, სამწვრთნელო შტაბის შესაბამისმა მუშაობამ და ყველაფრის გამართულმა ორგანიზებამ.

- ამაზე უკეთესი შედეგის მიღწევა შეუძლებელია?
- დიდი გამოწვევა გახლავთ მწვერვალზე დარჩენა. ტიტულის მოგება ძალიან კარგია, მაგრამ მისი შენარჩუნება უაღრესად რთული გახლავთ. ფეხბურთი ყოველთვის მომავალში იყურება და ვითარდება, ფეხბურთელებიც ვითარდებიან. ამიტომ, ყოველ ჯერზე განსხვავებული თავგადასავლის გადატანა გიწევს. ესპანელებმა მოახერხეს ბოლო წლებში დომინაცია და მაგალითი მათგან უნდა ავიღოთ.

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების მერე?
- რეალურად, ძალიანაც არ შეცვლილა. რასაკვირველია, ყურადღება და ინტერესი გაიზარდა, რასაც სადაც არ უნდა წავიდე ვგრძნობ, ისევე როგორც ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები გრძნობენ. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება ამ ტიტულის მოგება, ეს დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული, რომლებიც სამუდამოდ ჩვენთან ერთად დარჩება, ეს ფანტასტიკური იყო.

თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც მომავალზე ფიქრს და მსგავსი წარმატებების გამეორებას მოიცავს. წინ ბევრი სერიოზული გამოცდაა და ამიტომ მომავალზე ზრუნვაა საჭირო, სულ მუნდიალის მოგებაზე ვეღარ ვიფიქრებთ.

- თქვენ ყველა დეტალისთვის გჩვევიათ ყურადღების მიქცევა, თითქმის პერფექციონისტი ხართ. როგორ შეძლო გერმანიის ნაკრებმა სრულყოფილების მიღწევა ბრაზილიაში?
- არა მგონია, რომ სრულყოფილების მიღწევა შესაძლებელი იყოს. როგორც მწვრთნელი ყოველთვის ვზრუნავ დეტალებზე და იმაზე, რომ პატარ-პატარა რაღაცები დახვეწო და გამოასწორო. თავადაც შეამჩნევდით, რომ ჩვენი თამაში მატჩიდან-მატჩამდე იცვლებოდა. ზოგჯერ ისეთი შეხვედრები გამოდის და გხვდება, როგორიც ბრაზილიასთან ნახევარფინალში იყო, ყველაფერი საათის მექანიზმივით აწყობილად მიდის და იცი, რომ შენ სასარგებლოდ დამთავრდება.

ხანდახან კი ისეთი მატჩებია, როგორიც ალჟირთან გვქონდა, როდესაც უნდა იბრძოლო, დამატებით დროში მოგიწიოს თამაში და უნდა დაამტკიცო, რომ გამარჯვებას იმსახურებ და მეტოქე დაჯაბნო.

ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით ცხადია, არ მიდის, რადგან გეგმები მეტოქეებსაც აქვთ. მთლიანობაში, ასეთი დიდი ტურნირის მოგებისთვის ძალიან ბევრი რამ უნდა გააკეთო სწორად.

- წინ ახალი გამოწვევებია. ნაკრებმა იგივე სიმაღლე უნდა შეინარჩუნოს, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატისკენ გაიკვალოს გზა და ახალი ფეხბურთელების ინტეგრაცია მოხდეს შემადგენლობაში. რომელია ყველაზე რთული შესასრულებელი?
- ყველაფერი ერთად! ცვლილება მართლაც ბევრია, რადგან მაგალითად, ბევრმა ისეთმა მოთამაშემ დაასრულა სანაკრებო კარიერა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ გუნდში.

გარდა ამისა, რამდენიმე ფეხბურთელმა ტურნირის მსვლელობის ან მისი დასრულების მერე ტრავმები მიიღო და ნაკრებში ახალი სახეებიც გამოჩდნენ. მთელი ეს პროცესი მარტივად და უცბად არ ხდება, ყველაფრის კალაპოტში ჩაყენებას დრო სჭირდება. მეორე მხრივ, როგორც უკვე ვთქვი, ფეხბურთი მუდამ ვითარდება და უნდა მოიფიქრო, როგორ წახვიდე წინ თავად. უნდა იფიქრო, როგორ ითამაშებს გუნდი ორი წლის მერე.

ჩვენი მიზანი არის, რომ საუკეთესო სათამაშო ფორმა შევინარჩუნოთ, ამავდროულად სტილი გავამრავალფეროვნოთ და კიდევ უფრო დავხვეწოთ, ტაქტიკურად მრავალმხრივები გავხდეთ. ეს ყველაფერი უახლოეს 18 თვეში უნდა მოხერხდეს.

- შეგიძლიათ უფრო დეტალურად აგვიხსნათ, როგორ აპირებთ სათამაშო სტილის განვითარებას, ან შეცვლას მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშისგან განსხვავებით?
- რთული და ვრცელი თემაა. მჯერა, თამაშის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ბოლო პერიოდში იყო. ამ მხრივ, კულმინაცია ახლოვდება. ფეხბურთლებიც შესაბამისად უნდა განვითარდნენ, გადაეწყონ და ადაპტაცია გაიარონ.

ფეხბურთელები, რომლებიც ტექნიკით არიან დაჯილდოვებულნი და ბურთთან დიდი ხნით ყოფნის გარეშეც შეუძლიათ გამწვავება, კიდევ უფრო საჭირონი გახდებიან. რომელმა ფეხბურთელმა უნდა იმუშავოს, სივრცე ეძებოს და აითვისოს? როგორ უნდა იმოქმედონ ფეხბურთელებმა, როდესაც სივრცეს ნახავენ? როგორ უნდა გაათამაშონ ბურთი? ეს ფაქტორები ძალზე მნიშვნელოვანია.

უნდა გავიზარდოთ ტაქტიკურადაც. გუნდები კიდევ უფრო მჭიდროდ ათამაშდებიან და მათ წინააღმდეგ რაიმე ახალის მოგონება რთული იქნება.

- შეუძლია გერმანიას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგება და ფეხბურთში ახალი, გერმანული ეპოქის დაწყება?
- უკვე აღვნიშნეთ, რომ მწვერვალზე დარჩენა ყოველთვის მნიშვნელოვანი და რთულია. როდესაც ტიტულს იგებ ეს ძალიან გსიამოვნებს, მაგრამ მასზე გაუთავებლად ვერ იფიქრებ, რადგან წინ უნდა წახვიდე. თუ მაგალითად, სამ დიდ ტურნირს მოიგებ, როგორც ეს ესპანეთმა გააკეთა, ეს მართლაც ერას ნიშნავს და იმას მიგვანიშნებს, რომ ნაკრებს ხარისხი, ინტელექტი და ამბიცია აქვს.

ჩვენი შემდეგი და მთავარი გამოწვევა საკუთარ თავთან გვაქვს - შევძლებთ უმაღლეს დონეზე დარჩენას?

- რას აკეთებთ ხოლმე განტვირთვისთვის, როგორ ისვენებთ სახლში ყოფნისას?
- სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებ. ჩემი სამსახური ძალიან დატვირთულია და გამოფიტვას იწვევს. მუდმივად ყურადღების ცენტრში მიწევს ყოფნა და ბევრი მუშაობა, რაც ენერგიას მოითხოვს. ბუნებრივია, რომ რაღაც დრო უბრალოდ დასვენებისთვის მჭირდება.

რისი კეთება მომწონს? მიყვარს უბრალოდ სახლში ყოფნა და დროის ჩემ მეუღლესთან და ოჯახთან ერთად გატარება. მსიამოვნებს ამოცანების ამოხსნა, მთაში მოგზაურობა, მთის ველოსიპედის მართვა, სირბილი და ფეხბურთის თამაში. ნორმალური გასართობები მაქვს, ისეთი, როგორიც ყველას.

ხანდახან რაღაც პერიოდით ტელეფონსაც ვრთავ და სიმშვიდით, სიჩუმით ვტკბები და ვისვენებ.

- ფილმში "Die Mannschaft" (გუნდი) ნაჩვენები იყო, თუ როგორ დარბოდით ყოველ დილით ბრაზილიის სანაპიროზე. ეს თქვენთვის რიტუალის მსგავსი იყო. რაზე ფიქრობდით ხოლმე ასეთ დროს? ფეხბურთზე თუ რამე სხვაზეც?
- ოჰ, ბევრ სხვა რამეზეც. დილით ვდგებოდი, როგორც ყოველთვის. იქ მზე დახლოებით 6 საათზე ამოდიოდა და მალე თბებოდა. თანაც ასე ადრე სიმშვიდე და სიწყნარე გახლდათ, იშვიათად თუ შეხვდებოდი ვინმეს, უმეტესობას ჯერ კიდევ ეძინა ხოლმე. ამ დროს ჩემთვის ვიყენებდი და საკუთარ თავს ვუთმობდი.

ბევრს ვფიქრობდი, მათ შორის იმაზეც, თუ რა მოხდა წინა დღეს, როგორ უნდა დაგვემარცხებინა შემდეგი მეტოქე და სხვა საკითხებზეც. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ ფეხბურთზე უბრალოდ აღარ მეფიქრა და მუსიკას ვუსმენდი ხოლმე. ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი გარბენი მქონდა და ეს ერთსაათიანი ყოველდღიური პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

- "ოქროს ბურთს" რამე სხვა თვისებებისთვის ან ნიჭისთვის რომ გასცემდნენ, რაში მოიგებდით მას?
- (დიდი პაუზისა და ფიქრის შემდეგ) რთული კითხვაა, მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნებოდა მზარეულობა! საჭმლის კეთება არ გამომდის.

- რამდენიმე კვირის წინათ, იურგენ კლინსმანმა გაიხსენა, რომ თქვენ ყოველთვის პოულობთ ხოლმე დროს მეგობართან ერთად ესპრესოს დასალევად.
- დიახ, ესეც საჭიროა. ეს ისეთი რამ არის, რისი გაკეთებაც მიყვარს, როდესაც ამის დრო და შანსი მაქვს - კარგ მეგობართან ან მეგობრებთან ერთად კაფეში წასვლა და ესპრესოს დალევა. ესეც გეხმარება ფეხბურთისგან განტვირთვაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრების მწვრთნელებს უყვართ ტყუილების თქმა იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს დრო არა აქვთ და ასე შემდეგ. ვინც ოდნავ მაინცაა გაცნობილი მწვრთნელების მუშაობას ამ ზღაპრებს რა თქმა უნდა არ დაიჯერებს.
0

სიახლეები პოპულარული