გერმანია. ბუნდესლიგა. XIX ტური: ექვსიდან ერთი

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბაიერნის" უღიმღამო სტარტი ბუნდესლიგის მეორე წრეში გრძელდება. აღმოჩნდა, რომ "ვოლფსბურგთან" განადგურება არ ყოფილა შემთხვევითი მოულოდნელობა, არამედ ამ ეტაპზე მიუნხენელთა მზადყოფნის რეალურ დონეს ასახავდა. "შალკეს" განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, გამხდარიყო პირველი გუნდი სეზონში, რომელმაც "ალიანც არენაზე" არ წააგო.

პეპ გვარდიოლამ სამი ცვლილება განახორციელა სასტარტო შემადგენლობაში: სებასტიან როდეს, დანტესა და რობერტ ლევანდოვსკის ნაცვლად მოედანზე გავიდნენ მიტჩელ ვაიზერი, მეჰდი ბენატია და მარიო გიოტცე.

ამ მატჩმაც დაგვანახვა, რომ "ბაიერნმა" სერიოზულად უნდა იმუშაოს მეტოქის კონტრშეტევების გაუვნებელყოფაზე. რეკორდმაისტერს ყველაზე დიდ პრობლემას
უქმნის მოწინააღმდეგის გრძელი პასი მცველების ზურგსუკან. ასეთი კომბინაციით გაიტანა ორი გოლი "ვოლფსბურგმა", "შალკემ" კი ნოიერთან პირისპირ გაიყვანა სიდნი სემი, რომელსაც დარტყმა არ აცალეს - ჯერომ ბოატენგმა ის საჯარიმოში წააქცია. "ბაიერნის" მცველი მოედნიდან გააძევეს, ხოლო პენალტი ჩუპო-მოტინგმა ვერ გამოიყენა - ნოიერმა ბუნდესლიგაში ბოლო სამი 11-მეტრიანიდან მეორე მოიგერია.

რიცხობრივი უპირატესობის მიღების მიუხედავად, რობერტო დი მატეომ თავის სტილს არ უღალატა და მის გუნდს არც უფიქრია დიდი ძალებით შეტევაში წასვლა. "ბაიერნის" სასტარტო ინიციატივისგან კი თითქმის არაფერი დარჩა და პირველ ტაიმში საინტერესო არაფერი მომხდარა.

ბოატენგის გაძევებამ გაგვახსენა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "მანჩესტერ სიტისთან", როცა რეკორდმაისტერი მე-20 წუთზე ათი კაცით დარჩა მოედანზე, მაგრამ მაინც გაიტანა ორი გოლი ინგლისის ჩემპიონის კარში. მაგრამ მაშინ "ბაიერნი" ფორმაში იყო, ახლა კი შორს არის ოპტიმალური კონდიციებისგან. ამას ხაზს უსვამს ერთი ფაქტორი:

გვარდიოლას გუნდმა კარგი შანსი მიიღო მეორე ტაიმში, როცა "შალკეს" კარში აბსოლუტურად გამოუცდელი 19 წლის დებიუტანტი მეკარე ტიმონ ველენროიტერი ჩადგა. თითქოს ეს მომენტი უნდა გამხდარიყო სიგნალი იმისა, რომ მასპინძლებს თავიანთი აქტიურობით დაეშინებინათ ახალგაზრდა გოლკიპერი. სინამდვილეში კი ვიხილეთ უღიმღამო ტიკი-ტაკა მეორე ტაიმის შუამდე.

სწორედ ამ დროს დაიწყო ყველაზე საინტერესო მატჩში. თავდაპირველად, ლევანდოვსკიმ ნულოვანი კუთხიდან გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა - მიიჩნია, რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა, მაგრამ ასე არ ყოფილა. სამართლიანობა იქვე აღდგა - "ბაიერნმა" კუთხური ჩააწოდა და ტანმორჩილმა რობენმა ტანმაღალ ჩუპო-მოტინგს მეორე სართულზე ბრძოლა მოუგო. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელმა ბოლო სამი გოლიდან ორი თავით შეაგდო.

"ბაიერნისა" და გვარდიოლას სიხარული ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა - ნოიერის კართან პირველ კუთხურამდე. ეს სტანდარტული "შალკეს" მთავარი იარაღია: გელზენკირხენელთა ყოველი მე-11 კუთხური გოლით მთავრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლიგაში. სემმა ჩააწოდა და "ბაიერნის" კარში გოლების სპეციალისტმა ბენედიქტ ჰიოვედესმა თავით შორეულ კუთხეში გაიტანა. პირველ წრეში სწორედ მან დააფიქსირა ანგარიში - 1:1 და ისტორია განმეორდა. ეს იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როცა "შალკემ" სეზონში არც ერთი მატჩი არ წააგო "ბაიერნთან".

ბოლო 20-მა წუთმა დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ გვარდიოლას შეგირდები ცუდ ფორმაში არიან და პიკზე გასვლას მარტში აპირებენ, როცა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი გახურდება. დროის ამ მონაკვეთში მიუნხენელებმა ვერაფერი შექმნეს და დამსახურებულად დაკარგეს ორი ქულა. "ალიანც-არენა" რობერტო დი მატეოს საყვარელი სტადიონი ხდება - მან აქ 2012 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ახლა კი "ბაიერნს" ქულები დააკარგვინა...

მატჩის შემდეგ
პეპ გვარდიოლა: "ძალიან კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, სამი ქულის აღება გვინდოდა, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში "შალკეს" წინააღმდეგ 70 წუთი თამაში ძალიან რთულია. კარგად ვაკონტროლებდით თამაშს, საკმარისად ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "ვოლფსბურგთან". ყველაფერი კარგად არის. წითელ ბარათზე დისკუსიას არ ვაპირებ. გაგვიმართლა, რომ მეტოქემ პენალტი ვერ გამოიყენა".

ბასტიან შვაინშტაიგერი: "ვოლფსბურგთან" შედარებით, კარგად გამოვიყურებოდით. უკეთ ვაკონტროლებდით თამაშს, ნაკლები კონტრშეტევა მივიღეთ. მაგრამ შედეგით უკმაყოფილონი ვართ. ათი ფეხბურთელითაც კი შეგვეძლო მოგება. ახლა შტუტგარტში მგზავრობა გველის, სადაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

არიენ რობენი: "ვიბრძოდით, კარგად გადავაადგილდებოდით და ხარისხიან ფეხბურთს ვაჩვენებდით დაცვაზე ორიენტირებული გუნდის წინააღმდეგ. უმცირესობაშიც კი ვაკონტროლებით თამაშს. შედეგმა იმედგაცრუება მოგვიტანა. მართალია, ათი კაცით ვთამაშობდით, მაგრამ არ შეიძლება დაწინაურების შემდეგ ჰიოვედესს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცე. ჩემპიონთა ლიგაში ასეთი გოლი სიკვდილის ტოლფასი იქნება".

რობერტო დი მატეო: "გასვლაზე ქულა ავიღეთ. ჩვენმა გეგმამ წარმატებით იმუშავა. მიუხედავად ამისა, ოდნავ იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ პენალტის რეალიზება ვერ შევძელით. შეიძლება ითქვას, რომ ფრე სამართლიანი შედეგია".

ფაქტები
* ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა პირველი პენალტი გაააფუჭა ბუნდესლიგურ კარიერაში. აქამდე კამერუნელს შვიდიდან შვიდი 11-მეტრიანი ჰქონდა გამოყენებული.

* პირველად ამ სეზონში, "ბაიერნმა" ვერ მოიგო ზედიზედ ორი მატჩი.

* "ბაიერნმა" პირველად დაკარგა ქულები საკუთარ მოედანზე.

* "შალკე" პირველად ამ სეზონში 4 ტურია, არ მარცხდება.

* ბენედიქტ ჰიოვედესმა კარიერაში მესამედ გაუტანა "ბაიერნს". არც ერთ სხვა გუნდთან ამ მცველს ამდენჯერ თავი არ გამოუჩენია.

* "შალკემ" მე-100 გოლი გაუტანა "ბაიერნს" ბუნდესლიგის ისტორიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული