გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტური: როგორც იქნა... გრანდებმა მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
* კევინ დე ბრუინს 28 ოფიციალურ მატჩში 11 გოლი და 14 შედეგიანი პასი აქვს.

* "ლევერკუზენმა" ამ სეზონში 15-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს და ამით ლიგის ყველაზე უიღბლო გუნდია.

* "ვერდერმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, რაც ამ მომენტისთვის ლიგაში ყველაზე გრძელი სერიაა.

* "შტუტგარტი" 6 მატჩია, შინ გოლს ვერ იტანს, რაც ბუნდესლიგის ახალი ანტირეკორდია.

* "დორტმუნდმა" აგვისტოს შემდეგ პირველად მოიგო სტუმრად.

* "კიოლნმა" ბოლო სამი მატჩი შინ 0:0 ითამაშა.

ბუნდესლიგაში "ინგლისური კვირა" დასრულდა. მე-20 ტურს თითქმის არ შეუტანია ცვლილებები ცხრილის ზედა
ნაწილში; სამაგიეროდ, უფსკრულიდან ამოვიდა "დორტმუნდი", რომელმაც, როგორც იქნა, გაახარა კარგი თამაშით თავისი გულშემატკივრები...

როგორც იქნა, მოიგო "ბაიერნმა", თუმცა თავს ვერ დავდებთ, რომ "რეკორდმაისტერის" თამაშით გულშემატკივრები ბოლომდე კმაყოფილნი დარჩებოდნენ. გვარდიოლას გუნდი სტუმრად "შტუტგარტს" ხვდებოდა, რომელიც ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ 12-ჯერ ჰყავდა დამარცხებული და რომელსაც ბოლოს საკუთარ მოედანზე გოლი 18 ოქტომბერს (!) ჰქონდა გატანილი.

წესით და რიგით, ასეთ მეტოქეს "ბაიერნი" ძალიან იოლად უნდა გასწორებოდა, მაგრამ ბურთის ფლობის ტოტალური უპირატესობის მიუხედავად, პირველი ზუსტი დარტყმა 41-ე წუთზე შეასრულა და ის საგოლე აღმოჩნდა - რობენმა მახვილი კუთხიდან ეფექტური გოლი შეაგდო. ეს იყო პირველ ნახევარში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი.

მეორე გოლი კიდევ უფრო ლამაზი გამოვიდა - ალაბამ დაახლოებით 30 მეტრიდან ფანტასტიკური ჯარიმა შეასრულა და ამით მატჩი დაასრულა. "შტუტგარტმა" ისე გაატარა მთელი 90 წუთი, რომ ზუსტად კარში არ დაურტყამს, "ბაიერნს" კი ჯამში რვა დარტყმა ჰქონდა, რაც ამ სეზონში მისი ანტირეკორდია.

ჰუუბ სტევენსის მოსვლის შემდეგ "შტუტგარტი" შინ ვერ იგებს (ფრე და 3 წაგება). სამაგიეროდ, სტუმრად არ დამარცხებულა (2 მოგება და 2 წაგება). "შვაბები" უკვე ექვსი მატჩია, შინ უგოლოდ არიან და ამით ბუნდესლიგის ახალი ანტირეკორდი დაამყარეს - "გააუმჯობესეს" "ფრაიბურგის" 2009-10 წლების სეზონის შედეგი. გარდა ამისა, "შტუტგარტმა", პირველად ისტორიაში, ვერ შეძლო ზედიზედ ოთხ მატჩში გოლის გატანა.

"საკმაოდ მძიმე მატჩი იყო. ჩვენ ვერ ვბრწყინავდით. ალაბამ და რობენმა შეიტანეს გადამწყვეტი წვლილი. "ჰამბურგთან" და "შახტართან" მომზადების მხრივ, ეს მნიშვნელოვანი შედეგი იყო, მაგრამ ჩვენი ჩვეული დონის მისაღწევად კიდევ ბევრი მუშაობა მოგვიწევს. მთლიანად ვენდობი ჩემს გუნდს", - განაცხადა გვარდიოლამ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ანდრე შიურლეს დებიუტი "ვოლფსბურგის" შემადგენლობაში. ექსჩელსელი ძირითადში დააყენეს პერიშიჩის ნაცვლად და ამ სვლამ თავიდანვე გაამართლა - შიურლეს პასით მესამე წუთზე გახსნა ანგარიში ბას დოსტმა.

ანდრემ მომდევნო ორ გოლშიც მიიღო მონაწილეობა, რომლის შემდეგაც მეორე წრეში მეორე დუბლი შეასრულა კევინ დე ბრუინმა. ამ უკანასკნელმა ფანტასტიკურად დაიწყო სეზონის მეორე ნახევარი და სამ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ დოსტმა მატჩში ერთი დარტყმა შეასრულა და გაიტანა, დე ბრუინმა - ორი და დუბლის ავტორი გახდა.

დიდი ანგარიშით მოგების მიუხედავად, არ შეიძლება "ვოლფსბურგის" დიდ უპირატესობაზე ლაპარაკი. მაგალითად, მეორე ტაიმში დარტყმების შეფარდება იყო - 10:2 "ჰოფენჰაიმის" სასარგებლოდ, თუმცა სტუმრების იერიშებს სიმწვავე აკლდა და ამან "ვოლფსბურგს" საქმე გაუადვილა. "მგლები" უკვე ცხრა ტურია, არ აგებენ, შინ 14 მატჩია დაუმარცხებლები არიან, "ჰოფენჰაიმი" კი ერთადერთი გუნდია მეორე წრეში, რომელსაც ჯერ ქულა არ აქვს აღებული. ამ გუნდმა სეზონის სტარტზე 9-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, მომდევნო 11 შეხვედრაში რვაჯერ წააგო.

* * *
ოდესღაც იურგენ კლოპის "დორტმუნდს" უნდა შეეწყვიტა თავისუფალი ვარდნა და ამისთვის "ფრაიბურგი", ალბათ, ყველაზე მოხერხებული მეტოქე იყო: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს გუნდი თავად იბრძვის ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად; გარდა ამისა, "ბორუსიას" ზედიზედ ათჯერ ჰყავდა დამარცხებული "ფრაიბურგი".

უკვე მეათე წუთისთვის "დორტმუნდს" ექვსი დარტყმა ჰქონდა, მეტოქეს არც ერთი და ანგარიში 1:0 იყო სტუმრების სასარგებლოდ. გოლი მარკო როისმა გაიტანა, მაგრამ მთავარი იყო მისი გააზრებული თამაში, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ როისი დაბრუნდა.

ასევე იბრუნებს ძველ კონდიციებს ილქაი გიუნდოგანი. მას დაპყრობილი ჰქონდა მთელი ცენტრი და ხშირი შორეული დარტყმებით მოწყენის საშუალებას არ აძლევდა "ფრაიბურგის" მეკარეს.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ უკვე პირველი გოლისას ჩანდა - თამაში, ფაქტობრივად, "გაკეთებული" იყო. "ფრაიბურგის" მოთამაშეები იმდენად უმწეონი ჩანდნენ შეტევაში, რომ "დორტმუნდის" მცველებს იშვიათად უწევდათ თავიანთი პირდაპირი მოვალეობის შესრულება. არავის გაუკვირდებოდა, თუ პირველ ტაიმში მასპინძლების კარში კიდევ სამი-ოთხი ბურთი შევარდებოდა, მაგრამ ანგარიში არ შეიცვალა.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დასაწყისში გიუნდოგანმა ულამაზესი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ობამეიანგი და გაბონელმა შედეგიან პასს გოლი დაუმატა. მანვე 72-ე წუთზე დუბლი შეასრულა, თუმცა მესამე საგოლე ეპიზოდში როისი, ბლაშჩიკოვსკი და კაგავა იყვნენ გმირები, რომლებმაც ოთხი პასით გააბრუეს მასპინძელთა დაცვა. საერთო ჯამში, სტუმრებმა 22 დარტყმა შეასრულეს და ბიურკმა ცხრა "სეივით" დაასრულა შეხვედრა, "ფრაიბურგის" ანგარიშზე კი მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა იყო.

"დორტმუნდმა" აგვისტოს შემდეგ პირველად მოიგო მატჩი სტუმრად და დატოვა ბოლო ადგილი. ახლა ის არის გასარკვევი, რამდენად ეყოფა ძალა "ბორუსიას" გამარჯვებების სერიის დასაწყებად.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ტური საინტერესო შეხვედრით იხსნებოდა, თუმცა მატჩის წინ "შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ გაგვაფრთხილა - ბევრ სახიფათო მომენტს ნუ ელოდებითო. იტალიელის ვარაუდი გამართლდა. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში "გლადბახი" ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ მხოლოდ 65-ე წუთზე შეასრულა ერთადერთი ზუსტი დარტყმა, რომელიც გამოუცდელმა ტიმონ ველენროიტერმა მოიგერია.

"შალკემ" კი სწრაფი გოლი გაიტანა და მშვიდად გადავიდა მეორე ნომრად თამაშზე, რაც რთული არ ყოფილა თუნდაც იმიტომ, რომ დი მატეოს ექვსი ნომინალური მცველი ჰყავდა მოედანზე გამოყვანილი.

"შალკე" ხუთი მატჩია, არ მარცხდება, რაც დი მატეოს წინამორბედის, იენს კელერის დროს არ ყოფილა. თან "მეშახტეებმა" შეწყვიტეს "ბორუსიასთან" სამმატჩიანი წაგებათა სერია.

* * *
აღარ ხუმრობს "ვერდერი" და მისი ულიცენზიო მწვრთნელი ვიქტორ სკრიპნიკი. უკრაინელის ხელმძღვანელობით, ბრემენელებმა 11 მატჩი ჩაატარეს და 22 ქულა დააგროვეს, რაც ევროპალიგის გუნდის გრაფიკია, ხოლო შინ 18 შესაძლებლიდან 16 ქულა აიღეს.

"ლევერკუზენის" წინააღმდეგ მასპინძლებმა პირველი 35 წუთი ძალიან მაღალი ხარისხის შემტევი თამაში აჩვენეს და სრულიად სამართლიანად დაწინაურდნენ ორი ბურთით (და ეს იმ დროს, როცა ტრავმის გამო არ თამაშობდა დი სანტო), მაგრამ შემდეგ ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვების და მოეშვნენ, რასაც პირველ ტაიმში ჩალჰანოგლუს საპასუხო გოლი მოჰყვა.

"ბაიერმა" დაიტოვა მატჩის გადარჩენის შანსი, მეორე ტაიმში შტურმიც მოაწყო, რომლის დროს კისლინგმა ძელს გაარტყა ბურთი, მაგრამ "ვერდერმა" გაძლო და ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, რაც ბოლო ხუთი წელია, არ მომხდარა. ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ფაქტია: სკრიპნიკის გუნდი მერვე ადგილზეა!

გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტური
6 თებერვალი
შალკე-გლადბახი 1:0
გოლი: 1:0 ბარნეტი (11)
შალკე: ველენროიტერი, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, უჩიდა, ფუხსი, კირხოფი, ჰიოგერი, ჩუპო-მოტინგი (72. ლ. სანე), კ-პ. ბოატენგი, ბარნეტა (85. აოგო).
გლადბახი: ზომერი, იანტჩკე, ბროუერსი, დომინგესი, ვენდტი, ნორდტვეიტი, ჯაკა, ჰერმანი (75. ჰრგოტა), აზარი, რაფაელი, მ. კრუზე (63. ტრაორე).
გაფრთხილება: აოგო
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 17-15 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 10(4)-8(1) ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 61 973

7 თებერვალი
ფრაიბურგი-დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 როისი (9), 0:2 ობამეიანგი (56), 0:3 ობამეიანგი (72)
ფრაიბურგი: ბიურკი, ზორგი, კრმაში (84. ჰიოფლერი), ტორეხონი, გიუნტერი, ფრანტცი, დარიდა, კლაუსი, შმიდი (46. ფილიპი), პეტერსენი (46. შაჰინი), მიოლერ დელი.
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი (80. გინტერი), შაჰინი, კამპლი (68. ბლაშჩიკოვსკი), კაგავა, როისი (80. მხითარიანი), ობამეიანგი.
გაფრთხილება: ფრანტცი - პიშჩეკი, კაგავა
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 7(1)-22(12) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 24 000

შტუტგარტი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 რობენი (41), 0:2 ალაბა (50)
შტუტგარტი: ულრაიხი, შვააბი (46. ჰარნიკი), ბაუმგარტლი, ნიდერმაიერი, საკაი, ორიოლ რომეუ (58. მაქსიმი), კლაინი, ლაიტნერი, გენტნერი, ჰლუშეკი (72. კოსტიჩი), იბიშევიჩი.
ბაიერნი: ნოიერი, ბენატია, დანტე, ალაბა, ჩაბი ალონსო, ვაიზერი (46. მიულერი), შვაინშტაიგერი, ბერნატი, რობენი (88. როდე), გიოტცე, ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ორიოლ რომეუ - ბენატია
კუთხური: 4-1 ჯარიმა: 26-21 თამაშგარე: 5-3 კარში დარტყმა: 4(0)-8(4) ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 60 000

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 3:0
გოლები: 1:0 დოსტი (3), 2:0 დე ბრუინი (28), 3:0 დე ბრუინი (84)
ვოლფსბურგი: ბენალიო, ვიეირინია (73. გილავოგი), ნალდო, კნოხე, როდრიგესი, ლუიშ გუსტავო, არნოლდი, კალიჯური (65. იუნგი), დე ბრუინი (86. შეფერი), შიურლე, დოსტი.
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, შტრობლი, ბიჩაკჩიჩი, კიმი, პოლანსკი, შვეგლერი (65. მოდესტე), ამირი, ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ელიუნუსი (46. ცუბერი).
გაფრთხილება: შიურლე, გილავოგი - პოლანსკი
კუთხური: 2-4 ჯარიმა: 19-15 თამაშგარე: 0-4 კარში დარტყმა: 9(5)-16(4) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 26 356

კიოლნი-პადერბორნი 0:0
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, მაროჰი, ვიმერი, ჰექტორი, ლემანი, ფოგტი, შვენტო (72. ნაგასავა), ჰალფარი, რისე (57. ფინე), უჯა (57. ოსაკო).
პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი, რაფა ლოპესი, ჰიუნემაიერი, ბრიუკნერი, ბაკალორცი, რუპი, ქოჩი (71. ვემერი), მეჰა (88. პეპიჩი), შტოპელკამპი, კაჩუნგა (77. ლაკიჩი).
გაფრთხილება: ლემანი - მეჰა, შტოპელკამპი
კუთხური: 9-4 ჯარიმა: 12-14 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 17(5)-9(3) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 49 500

მაინცი-ჰერტა 0:2
გოლები: 0:1 ჰეგელერი (35-პენ), 0:2 ბეერენსი (42)
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბელი, ხარა (46. ბუნგერტი), ბენგტსონი, გაისი, ბაუმგარტლინგერი, დე ბლასისი (72. ალაგუი), მალი, კლემენსი (34. კაპინო), ოკაზაკი.
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ჰეგელერი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი (66. ჰოსოგაი), ლუშტენბერგერი, ბეერენსი (78. ვაგნერი), შტოკერი (63. ნიმაიერი), შულცი, შიბერი.
გაძევება: კარიუსი (32. მაინცი) - ლუშტენბერგერი (58. ჰერტა)
გაფრთხილება: ხარა, ბაუმგარტინგერი - სკიელბრედი, შიბერი, ვაგნერი
კუთხური: 4-2 ჯარიმა: 15-15 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 12(4)-11(3) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 26 756

ჰამბურგი-ჰანოვერი 2:1
გოლები: 1:0 მარსელო (26-საკ. კარში), 2:0 იანსენი (50), 2:1 ა. ზობიხი (66)
ჰამბურგი: დრობნი, ვესტერმანი (46. გიოტცი), რაიკოვიჩი, ჯურუ, მარკოსი (78. კაჩარი), იანსენი, დიასი, ვან დერ ვაარტი (56. ირაჩეკი), ნ. მიულერი, შტიბერი, ოლიჩი.
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი (46. ჟოაო პერეირა), მარსელო, შულცი (63. ზობიხი), ალბორნოსი, შმიდებახი, ს. სანე, კიიოტაკე (85. ბიტენკურტი), ბრიანი, შტინდლი, ხოსელუ.
23-ე წუთზე ხოსელუმ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: იანსენი
კუთხური: 3-10 ჯარიმა: 20-10 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 6(3)-21(7) ბურთის ფლობა: 36%-64%

8 თებერვალი
ვერდერი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 ზელკე (17), 2:0 იუნუზოვიჩი (29), 2:1 ჩალჰანგოლუ (43)
ვერდერი: ვოლფი, გებრესელასიე, გალვესი (50. ლუკიმია), ვესტერგაარდი, შტერნბერგი, ბარგფრედე, ფრიტცი, ბარტელსი, იუნუზოვიჩი (86. გარსია), კროოსი, ზელკე (63. იოზთუნალი).
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ვენდელი, ლ. ბენდერი, გონსალო კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოგლუ (46. სონი), ბრანდტი (85. პაპადოპულოსი), კისლინგი (69. დრმიჩი).
გაფრთხილება: ფრიტცი - თოფრაქი, გონსალო კასტრო, ვენდელი
კუთხური: 4-7 ჯარიმა: 14-15 თამაშგარე: 2-5 კარში დარტყმა: 7(4)-13(2) ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 39 653

აუგსბურგი-აინტრახტი 2:2
გოლები: 1:0 კლავანი (7), 2:0 ბობადილია (37), 2:1 აიგნერი (45+2), 2:2 მაიერი (70)
აუგსბურგი: მანინგერი, ვერჰაეგი (18. კალსენ-ბრაკერი), კორი, კლავანი, ფოილნერი, ბაიერი, ჰოიბერგი, დონ-ვონ ჟი, ჰალილ ალთინთოფი, ტობიას ვერნერი (75. კაიუბი), ბობადილია (83. ჯურჯიჩი).
აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, სამბრანო (90+2. მადლუნგი), ანდერსონი (59. პიაზონი), ოშჩიპკა, რუსი, ჰასებე, აიგნერი, ინუი (46. კიტელი), სეფეროვიჩი, მაიერი.
გაფრთხილება: კალსენ-ბრაკერი, კორი, ჰოიბერგი - სეფეროვიჩი, სამბრანო, ჩენდლერი
კუთხური: 3-3 ჯარიმა: 19-19 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 11(6)-16(5) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 27 122

ბომბარდირები: 14 - მაიერი (აინტრახტი); 12 - რობენი (ბაიერნი); 9 - დი სანტო (ვერდერი), ჩუპო-მოტინგი (შალკე); 8 - ბელარაბი (ლევერკუზენი), დე ბრუინი (ვოლფსბურგი), ოკაზაკი (მაინცი).

მომდევნო ტური
13 თებერვალი:
დორტმუნდი-მაინცი

14 თებერვალი:
ბაიერნი-ჰამბურგი, ლევერკუზენი-ვოლფსბურგი, გლადბახი-კიოლნი, ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი, ვერდერი-აუგსბურგი, აინტრახტი-შალკე

15 თებერვალი:
ჰერტა-ფრაიბურგი, ჰანოვერი-პადერბორნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული