ჰიონესი: ბლატერი უნდა გადადგეს!

AutoSharing Option

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ჟურნალ „შპორტ ბილდს“ ერთობ სკანდალური ინტერვიუ მისცა. მიუნხენური გრანდის მთავარი ბოსი ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს მაგრად აკრიტიკებს და პოსტიდან გადადგომას ურჩევს, მაგრამ იქვე დასძენს, რომ პრობლემა არა მარტო ბლატერში, არამედ მთლიანად იმ სისტემაშია, რომელიც დღეს ფეხბურთს მსოფლიოს მასშტაბით მართავს.

 

„იოზეფ ბლატერი ერთ დროს ძალიან კარგი პრეზიდენტი იყო, მაგრამ დღეს მსოფლიოს ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს ვეღარ ან აღარ აკონტროლებს ისე, როგორც საჭიროა. სკანდალს სკანდალი მოსდევს და ფიფას ხელმძღვანელები უკვე სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. თვითკრიტიკული

პირველ რიგში თვითონ ბლატერი უნდა იყოს, - აცხადებს ჰიონესი ხსენებულ ინტერვიუში და დასძენს, - თავი დავანებოთ იმას, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში, ხოლო 2022 წლისა კი ყატარში გაიმართება. ამ ქვეყნებისთვის მუნდიალის მიცემა თავისთავად არასწორია, მაგრამ მთავარი პრობლემა იმაშია, თუ როგორ მოიპოვეს ამ ქვეყნება მსოფლიოს უდიდესი საფეხბურთო ზეიმის ჩატარების უფლება. უდიდესი კომედიაა ის, რომ ჯერ ყატარში მუნდიალის ჩატარება გადაწყდა და ახლა იმაზე მიდის ბჭობა, ხომ არ ჯობია, რომ ამ ქვეყნის კლიმატური პირობების, ანუ, აუტანელი სიცხის გამო, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ზამთარში გაიმართოს. როგორც ჩანს, დღეს ფიფაში განაცხადის შეტანაც საკმარისია იმისათვის, რომ მუნდიალი მოგცენ, თუკი მაგიდის ქვემოთ ფულით სავსე ჩემოდანსაც გააცურებ. ამ ყველაფერზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ფეხბურთის უმშვენიერესი იმიჯი სასტიკად ილახება!“

ჰიონესის აზრით, მხოლოდ ბლატერის გადაყენება ან მისი გადადგომა საკმარისი არ იქნება. „ცხადია, ჩვენ ყველას შეგვიძლია, რომ ბლატერის გადადგომა მოვითხოვოთ და დიდი შანსია, რომ მიზანს მივაღწიოთ კიდეც, მაგრამ მხოლოდ ეს არაფერს მოგვიტანს, რადგან მის ნაცვლად სხვა დაინიშნება და ის სხვა ოდნავადაც არ იქნება ბლატერზე უკეთესი. ჩემი აზრით, მთელი ევროპა, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნები, ფეხზე უნდა დავდგეთ და ფიფას მთლიანი სისტემის შეცვლა მოვითხოვოთ. ბევრი საკითხი უნდა გადაიხედოს. ვფიქრობ, გერმანიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, ინგლისმა და იტალიამ ხმა უნდა ავიმაღლოთ“, - ამბობს „ბაიერნის“ პრეზიდენტი.

„შპორტ ბილდისთვის“ მიცემულ ამ მეტად საინტერესო ინტერვიუში ჰიონესმა „ბაიერნის“ საჩემპიონო შანსებზეც ისაუბრა. აი, რა თქვა ულიმ: „ლიდერ „ბორუსიას“ 14 ქულით ჩამოვრჩებით და ერთი შეხედვით, ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან ძნელი იქნება. თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, საკმარისი იქნება, „დორტმუნდმა“ მე-18 ტურში „ლევერკუზენთან“ წააგოს, რომ ამ გუდნში ქაოსი დაისადგურებს და ყველა ანერვიულდება. „ბაიერნი“ მზად უნდა იყოს ასეთი შემთხვევებისთვის.“

რაც შეეხება სატრანსფერო გეგმებს: ჰიონესს გული სწყდება, რომ ევერტონელმა ლეიტონ ბეინესმა მიუნხენში გადასვლაზე იუარა და კმაყოფილია ლუის გუსტავოს ტრანსფერით. კარლ-ჰაინც რუმენიგესა და მენეჯერ კრისტიან ნერლინგერის მერე რეკორდმაისტერის პრეზიდენტიც ადასტურებს, რომ ბავარიული გრანდი იანვარში სხვა ფეხბურთელებს აღარ იყიდის.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული