კრაფტი კარში, ბუტი სკამზე - ვან გაალს ასე უნდა!

AutoSharing Option

რომ არა ლუის ვან გაალის სენსაციური და ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება, გასული კვირა მიუნხენის „ბაიერნისთვის“ სრულყოფილი და იდეალური იქნებოდა. ლუისმა გადაწყვიტა, რომ მეორე წრეში მიუნხენური გუნდის კარი ახალგაზრდა თომას კრაფტმა უნდა დაიცვას, გამოცდილი ჰანს-იორგ ბუტი კი სათადარიგოთა სკამზე უნდა დაჯდეს.

 

რატომ? არა იმიტომ, რომ ბუტი ცუდად თამაშობდა, უბრალოდ, ვან გაალს ასე უნდა, ჰოლანდიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ასეა საჭირო და სხვათა შორის, გულშემატკივრების უმრავლესობა ეთანხმება კიდეც. კრაფტის გაპირველებამ და პირველ წრეში აბსოლუტურად უდანაშაულო ბუტის სათადარიგოთა სკამზე გადაყვანამ უდიდესი დისკუსიები გამოიწვია. სხვა მხრივ, „ბაიერნის“

მოსამზადებელი შეკრება დადებითად უნდა შეფასდეს და შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენური კლუბი სეზონის მეორე ნახევრისთვის სრულ მზადყოფნაშია.

ერთკვირიანმა შეკრებამ, რომელიც ბავარიელებმა დოჰაში გაიარეს, მიუნხენურ გრანდს ბუნდესლიგის მეორე წრე პოზიტიურად დაანახვა. შეკრება ლუის გუსტავოს ტრანსფერით დაიწყო, რაც „ბაიერნისთვის“ ზამთრის სატრანსფერო სეზონზე პირველი და ამავდროულად უკანასკნელი გარიგება გამოვიდა. მიუხედავად გუსტავოს ტრანსფერისა, კაპიტანმა მარკ ვან ბომელმა „ბაიერნში“ დარჩენა გადაწყვიტა. ყოველ შემთხვევაში, ჰოლანდიელმა კვირის დასაწყისში თქვა, სავარაუდოდ მიუნხენში დავრჩებიო და მას მერე ვან ბომელის მოსალოდნელ ტრანსფერზე აღარაფერი თქმულა. ასე რომ, კაპიტანი რჩება.

გარდა ამისა, დაბრუნდა და სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა არიენ რობენმა, რომელსაც პირველ წრეში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია. ვან გაალმა თქვა, რობენი ახალწვეულივითაა, მეორე წრეში მისი იმედი მაქვსო. რობენთან ერთად, სრულად გამოჯანმრთელდნენ ჰოლგერ ბადშტუბერი, მარიო გომესი და ჰამით ალთინთოფიც.

რაც შეეხება კრაფტის გაპირველებას - ფაქტია, რომ ვან გაალმა ამ გადაწყვეტილებით „ბაიერნის“ ხელმძღვანელები გააბრაზა. ბოსებს ახალგაზრდა და მართლაც უნიჭიერესი მეკარის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, უბრალოდ, მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი სპონტანური ცვლილებები რეკორდმაისტერს კარგს არაფერს მოუტანს. დოჰაში გამგზავრებამდე, თავში აზრადაც არ მოსვლია ვინმეს ის, რომ ვან გაალი კრაფტს გაპირველებას უპირებდა, რადგან ბუტმა პირველი წრე საკმაოდ კარგად, უშეცდომოდ ჩაატარა. თანაც, „ბაიერნის“ შეფები ხომ „შალკესა“ და გერმანიის ნაკრების კიპერ მანუელ ნოიერის ტრანსფერზე მუშაობენ, კრაფტის გაპირველება კი ფაქტობრივად ნოიერზე უარის თქმას ნიშნავს - ყოველ შემთხვევაში, ვან გაალის მხრიდან მაინც.

მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტ ული ჰიონესსა და ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს არაფერი უთქვამთ, სამაგიეროდ, მენეჯერი კრისტიან ნერლინგერი აყვირდა, როცა დოჰაში ჩასულმა ვან გაალის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, ნერლინგერმა რამდენჯერმე სცადა ჰოლანდიელი სპეციალისტის გადარწმუნება, მაგრამ არაფერი გამოუვიდაო. ერთადერთ ტესტ-მატჩში, რომელშიც „ბაიერნმა“ „ალ-ვაკრა“ 4:0 დაამარცხა, კრაფტი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ბუტმა კი მეორე ტაიმი ითამაშა.

ნერლინგერი პირდაპირ ამბობს, რომ კრაფტში ნამდვილად ხედავს ძალიან ნიჭიერ მეკარეს, რომელსაც შეუძლია, დიდი ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ მენეჯერი ფიქრობს, რომ ლუისი უაზრო რისკზე წავიდა. ფაქტია, რომ კრაფტის გაპირველება ნოიერის ტრანსფერზე მუშაობას გაართულებს. „ბაიერნის“ ქომაგების დიდი ნაწილი ნოიერის ყიდვის წინააღმდეგი და კრაფტისთვის შანსის მიცემის მომხრე იყო და ცხადია, ამიერიდან ყველაფერი უფრო გართულდება. ფაქტი ერთია: ვან გაალმა ამ გადაწყვეტილებით აბსოლუტურად უპრობლემო პოზიციაზე პრობლემა გააჩინა. ლუისის გადაწყვეტილება სუფთა სპორტული თვალსაზრისით ლეგიტიმური არ არის, რადგან ბუტს პირველ წრეში ერთი შეცდომაც კი არ დაუშვია. რისკი კი მართლაც დიდია, რადგან კრაფტი ნიჭიერი, მაგრამ გამოუცდელი მეკარეა. თანაც, დაცვის ცენტრში ლუისის ფავორიტი წყვილი, ბადშტუბერისა და ბრენოს დუეტი ჯერ არ შეთამაშებულა.

 

თავის დროზე, კერძოდ, ამსტერდამის „აიაქსში“ მუშაობისას ლუისმა სწორედ ასე გააპირველა იმ დროს ყველასათვის უცნობი ედვინ ვან დერ საარი, რომელიც მერე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა, მაგრამ ის ჰოლანდია იყო, გერმანიაში კი ლუისს ყველა გადაწყვეტილებისთვის მსუყე არგუმენტი სჭირდება. მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ ვან გაალმა გარისკა და იმედია, იცის, რომ ამ ექსპერიმენტმა, შესაძლოა, სამსახური დააკარგვინოს - თუკი ბავარიული გრანდი მეორე წრეში პროგრესს არ განიცდის.

 

ფაქტია ისიც, რომ ვან გაალს ხელმძღვანელებთან ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაეძაბა. არადა, დოჰაში გამგზავრებამდე ჰარმონია სუფევდა.

 

სხვა მხრივ, რეკორდმაისტერში ყველაფერი კარგად, მეტიც, იდეალურადაა. მართალია, „ალ ვაკრასთან“ ტესტ-მატჩმა მიუნხენურ კლუბს ბევრი არაფერი მისცა, სამაგიეროდ, დაბრუნდა არიენ რობენი და როგორც იცით, ფრანკ რიბერიც ჯანზეა. ასე რომ, „ბაიერნს“ ახლა მხოლოდ ორი მოთამაშე ჰყავს დაშავებული: ივიცა ოლიჩი და ტონი კროოსი. ეს უკანასკნელი გამოჯანმრთელებას კიდევ მოასწრებს, ოლიჩისთვის კი, როგორც იცით, სეზონი უკვე დამთავრებულია. ბავარიელები დღეს და ხვალ ისვენებენ, ოთხშაბათიდან კი მეორე წრის პირველი წრის მატჩისთვის მზადებას შეუდგებიან - 15 იანვარს „ბაიერნი“ „ვოლფსბურგს“ ხვდება.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული